საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ევრო 2004-ის გამარჯვებული. საბერძნეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა 1994 წელს, მეორედ კი 2010 წელს. ამ ჩემპიონატზე ნაკრებმა პირველად გაიფორმა გამარჯვება. 2014 წელს კი პირველად შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა და გავიდა მერვედფინალში.
ისტორია
საბერძნეთის ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია 2004 წელს, მწვრთნელ ოტო რეჰაგელის ხელმძღვანელობით. მან პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში დაიკავა მეორე ადგილი, პლეი-ოფში კი ჩემპიონატს გამოთიშა საფრანგეთის და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები, ხოლო ფინალში დაამარცხა მასპინძელი პორტუგალია. საბერძნეთმა ყველა მატჩი მოიგო ანგარიშით 1-0.
რეჰაგელმა გუნდი გაიყვანა 2014 წლის მუნდიალზე მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო და გადადგა.
2010 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ფერნანდო სანტუში. მან საბერძნეთი გაიყვანა ევრო 2012-ზე, სადაც გუნდმა მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და დამარცხდა მეოთხედფინალში გერმანიასთან 2-4. სანტუშმა გუნდი ასევე გაიყვანა მუნდიალი 2014-ზე, სადაც ასევე წარმატებით დასძლია ჯგუფური ეტაპი და ასპარეზობას გამოეთიშა მერვედფინალიდან, კოსტა-რიკის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ. სანტუში გადადგა, მის ნაცვლად კი იტალიელი კლაუდიო რანიერი დაინიშნა. სანტუშის მწვრთნელობისას ნაკრებმა დაამყარა რეკორდი, ითამაშა ზედიზედ 17 წაუგებელი მატჩი. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოუგებელი პირველი ოთხი მატჩის შემდეგ რანიერი კოსტას ცანასმა შეცვალა.