ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.
ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.
ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა ევრო 2016-ის მასპინძლობის სურვილი 2009 წლის 9 მარტისთვის. საფრანგეთი, იტალია და თურქეთი კონკურსში მონაწილეობდნენ დამოუკიდებლად, შვედეთსა და ნორვეგიას კი გაკეთებული ჰქონდათ ერთობლივი განაცხადი.[1] 2009 წლის დეკემბერში ნორვეგიამ და შვედეთმა უკან გაიტანეს განაცხადი.[2] 2010 წლის 28 მაისს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასპინძელი ქვეყანა შეარჩია.[3]
პირველ რაუნდში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტი წევრი ახდენდა სამივე განაცხადის რანჟირებას ხუთი, ორი და ერთი ქულით
მეორე რაუნდში ცამეტივე წევრი ხმას აძლევდა ერთ-ერთ ფინალისტს.
სტადიონები
თავდაპირველად, საფრანგეთის განაცხადში 12 სტადიონი იყო წარდგენილი. 2011 წლის მაისისთვის მასპინძელი სტადიონების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. უალტერნატივო იყო 7 სტადიონი: სტად დე ფრანსი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი საშინაო არენა, ოთხი ახალაშენებული სტადიონები ლილში, ლიონში, ნიცასა და ბორდოში და ორიც უდიდეს ქალაქებში — პარიზსა და მარსელში. ფინანსური პრობლემების გამო კონკურენციას გამოეთიშა სტრასბურგის სტადიონი. შერჩეულ იქნა სტადიონები ლენსსა და ნანსში, ხოლო სენტ-ეტიენი და ტულუზა მოხვდნენ თადარიგში. 2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა 24-გუნდიანი ფორმატის შესახებ. ამიტომ სარეზერვო ქალაქები დანარჩენ ცხრას შეუერთდნენ. 2011 წლის დეკემბერში ნანსი გამოაკლდა მასპინძელი ქალაქების სიას და საბოლოოდ დარჩა ათი ქალაქი, რომლებიც დაამტკიცა უეფა-ს აღმასკომმა 2013 წლის 25 იანვარს. მასპინძელთა შორის ვერ მოხვდნენ ნანტისა და მონპელიეს სტადიონები, რომლებიც გამოიყენეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა გამოიწვია დისკუსია ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაიმართა.[5]
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 53 გუნდი, მათ შორის იყო გიბრალტარი, რომელიც პირველად ჩაერთო ტურნირზე. გუნდების განთესვა მოხდა უეფას ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტებით. გუნდები განაწილდნენ 8 ექვსგუნდიან და ერთ ხუთგუნდიან ჯგუფში. გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ დაიშვა ევროპის ჩემპიონატზე. რვა მესამეადგილოსანს შორის გაიმართა ორმატჩიანი პლეი-ოფი ოთხი გამარჯვებულის გამოსავლენად. მიშელ პლატინის ჰქონდა წინადადება, საკვალიფიკაციო ეტაპი გაყოფილიყო ორ ჯგუფურ რაუნდად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ევრო 2012-ის მონაწილე 16 გუნდიდან 13-მა (საფრანგეთის ჩათვლით) მიიღო ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის იყო ინგლისის ნაკრები, რომელმაც მოიგო 10-დან 10 მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, რომელმაც ზედიზედ მე-12-ედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2012-ის გამოტოვების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ თურქეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და ავსტრია. ამ ორი უკანასკნელისთვის ევრო 2016 რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველად მათ როგორც მასპინძელმა, ისე მიიღეს მონაწილეობა — ავსტრიამ 2008, ხოლო უკრაინამ 2012 წელს. დიდი ხნის შესვენებების შემდეგ დაუბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატს ბელგია (ბოლო მონაწილეობა 2000 წელს) და უნგრეთი (ბოლო მონაწილეობა 1972 წელს). ხუთი გუნდი — ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი და უელსი — პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ალბანეთსა და ისლანდიას აქამდე არც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშიათ. საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს ყოფილმა ჩემპიონებმა: დანიამ (1992), ნიდერლანდმა (1988) და საბერძნეთმა (2004).
ფორმატი
ფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ევრო 1996-დან ევრო 2012-ის ჩათვლით შეიცვალა, რათა მორგებოდა 24 მონაწილეს. საჭირო გახდა ორი ჯგუფის და პლეი-ოფის ეტაპზე ერთი რაუნდის დამატება. ექვსი ჯგუფი (A-დან F-ის ჩათვლით) შედგება ოთხი გუნდისგან. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გააგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი და საბოლოოდ ეს 16 გუნდი პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს მერვედფინალის ეტაპიდან. ეს ფორმატი გამოიყენებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე 1986-1994 წლებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება მესამე ადგილი. ფორმატი ითვალისწინებს 51 მატჩის ჩატარებას, ნაცვლად ძველი ფორმატის 31 მატჩისა.
შემადგენლობები
თითოეული ნაკრები გუნდი, ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ ათი დღით ადრე, წარადგენს განაცხადს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, მათგან სამი უნდა იყოს მეკარე. თუ ფეხბურთელი დაშავდება ან დაავადდება გუნდის პირველ მატჩამდე, მისი შეცვლა შესაძლებელია სხვა მოთამაშით.
თანაბარი ქულები
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა გუნდებს მიენიჭება შემდეგი წესების მიხედვით:
სამართლიანი თამაშის პრინციპების (Fair play) დაცვა (ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა)
რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში
საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან შემდეგი წესებით:
ყველაზე მეტი ქულა
გოლების საუკეთესო დადებითი სხვაობა
ყველაზე მეტი გატანილი გოლი
სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა
რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში
ჯგუფური ეტაპი
წილისყრა
წილისყრა გაიმართა პარიზში, 2015 წლის 12 დეკემბერს.[6] მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, წინასწარაა განთესილი A ჯგუფში, პირველ პოზიციაზე. დანარჩენი 23 გუნდი განაწილდა სამ კალათში, აქედან ხუთი საუკეთესო მოხვდა პირველ კალათში, ხოლო დანარჩენ კალათებში ექვს-ექვსი გუნდი განაწილდა. ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრები ავტომატურად მოხვდა პირველ კალათში, ხოლო ყველა დანარჩენი გუნდი კალათებში განაწილდა უეფა-ს ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების (2015 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით) შესაბამისად.[7][8][9][10]
2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო. ლოგო ასახავს ანრი დელონეს თასს საფრანგეთის ეროვნულ ფერებში (ლურჯი, თეთრი, წითელი). 2013 წლის 17 ოქტომბერს უეფა-მ გამოაცხადა ტურნირის ოფიციალური სლოგანი „Le Rendez-Vous“. „Konami“ გამოუშვებს ტურნირის ოფიციალურ ვიდეო თამაშს Pro Evolution Soccer 2016-ში.
ტურნირის ოფიციალური თილისმა, სუპერ ვიქტორი პირველად ნაჩვენები იქნა იქნა 2014 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდების მატჩის დროს. ესაა საფრანგეთის ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი სუპერგმირი ბავშვი, ზურგზე წითელი მოსასხამით. მოსასხამი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი არის ბავშვის სუპერძალის წყარო. თილისმამ უეფა-ს ოფიციალურ საიტზე 50 ათას ხმაზე მეტი მიიღო.
ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ადიდასის „Beau Jeu“ 2015 წლის 12 ნოემბერს წარადგინა ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა.
↑adidas on board for UEFA EURO 2012. UEFA.com. ციტატა: „The long-term partnership between UEFA and adidas is to continue with rights granted to UEFA EURO 2012™ and 2016™ plus all other national-team competitions until 2017.“ ციტირების თარიღი: 10 April 2015.