ნოდარ ჯანგირაშვილი დაიბადა 1948 წელს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ფიზკულტურის ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სპორტსახკომში, სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ რესპუბლიკურ საბჭოში, ნებაყოფლობითი ფიზკულტურულ-სპორტული საზოგადოების პროფკავშირების რესპუბლიკურ საბჭოში აგიტაცია-პროპაგანდის სამმართველოს უფროს ინსტრუქტორად. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით დაწესდა „დინამოს“ სტადიონზე „ერთგულების“ ლატარეა , გაიხსნა სპორტული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, სპორტული ლიტერატურის მაღაზია, აშენდა მეტროსადგურ ყოფილ „ელექტროდეპოსთან“ დიდუბეში გადასასვლელი ხიდი, გაიხსნა ინვალიდი სპორცმენებისათვის დახმარების ფონდი, რომლის პასუხისმგებელი მდივანიც თვითონ იყო.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.