მუსტაფა დაიბადა 1515 წელს მანისაში. ის იყო მემკვიდრე შეჰზადე. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით სულთან სულეიმანს უნდოდა, რომ ტახტზე ჰიურემ სულთნის უფროსი ვაჟი მეჰმედი ასულიყო. 1541 წელს სულეიმანმა მუსტაფა ამასიაში გაგზავნა, ხოლო მეჰმედი კი — მანისაში. ოსმალების ტრადიციების მიხედვით მემკვიდრე შეჰზადე დედაქალქთან ახლო პროვინცია უნდა ემართა და რადგანაც ამასია დედაქალქიდან უდრო შორს იყო ვიდრე მანისა, შესაბამისად მეჰმედს უფრო დიდი შანსი ჰქონდა ტახტზე ასასვლელად. 1544 წელს მეჰმედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ სულეიმანმა მანისის მმართველად მისი ვაჟი შეჰზადე სელიმი გაუშვა. სულთნის მეორე ვაჟი შეჰზადე ბაიაზიდი ჯერ კონიას, ხოლო შემდეგ ქუთაჰიას მართავდა, რომლებიც დედაქალაქთან ასევე უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე ამასია.[3].
ბაიაზიდისა და სელიმის დედა, ჰიურემ სულთანი, ყოველმხრივ ცდილობდა დახმარეობდა თავის შვილებს, რომ გამხდარიყვნენ შემდეგი სულთნები. მუსტაფა თითქმის 12 წელი წარმატებით მართავდა ამასიის პროვინციას. ირან-ოსმალეთის ომის დროს სულეიმანმა შეხვედრები გამართა თავის ვაჟებთან სელიმთან, ბაიაზიდსა და მუსტაფასთან, სადაც მათთან ერთად განიხილა იმპერიის პოლიტიკური სიტუაცია.[3]
ვინაიდან და რადგანაც ტახტის 2 პრეტენდენტი ჰიურემ სულთნის შვილები იყვნენ, მუსტაფას სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომ მუსტაფას დედა მაჰიდევრან სულთანი მუდმივად თვალ-ყურს ადევნებდა და იცავდა შვილს მოწამვლისაგან.[4]
შეთქმულება
ჰიურემ სულთანს ძალიან უნდოდა, რომ ტახტზე მისი ერთ-ერთი შვილი ასულიყო. ისტორიკოსების აზრით, სწორედ მან მოაწყო შეთქმულება შეჰზადე მუსტაფას წინააღმდეგ. ამაში მას ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი და მისი სიძე რუსტემ-ფაშა დაეხმარა.[3]
არსებობს ვერსია, რომ რუსტემ-ფაშამ სულეიმანთან გაგზავნა თავისი სანდო ადამიანი, რომელმაც შეატყობინა მას, რომ სულეიმანი არ იყო არმიის სათავეში, რადგან ჯარისკაცებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ტახტზე შეჰზადე მუსტაფა აეყვანათ. ამ ამბავმა სულეიმანის განრისხება გამოიწვია.[5]
სიკვდილით დასჯა
თურქეთ-სპარსეთის პირველი ომის დროს სულეიმანის არმია ერეღლიში გაჩერდა. რუსტემ-ფაშამ მუსტაფას შესთავაზა მამის არმიას შემოერთებოდა და ამასთან ერთად სულეიმანს ამცნო, რომ მუსტაფა მის მოსაკვლელად მოდიოდა.[6].
სულეიმანმა დაიჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მუსტაფას სიკვდილით დასჯა ბრძანა. როდესაც მუსტაფა მამის კარავში მის შესახვედრად შევიდა, სულეიმანის მცველებმა იგი შეიპყრეს და მოკლეს.[7]
შეჰზადე მუსტაფა დაკრძალულია ბურსას მურადიეს კომპლექსში, სადაც სულთან სელიმ II-ის ბრძანებით აკლდამა აშენდა. იქვე დაკრძალულია მუსტაფას დედა, მაჰიდევრან სულთანი.
გარდაცვალების შემდეგ
შეჰზადე მუსტაფას გარდაცვალების შემდეგ იანიჩარებმა და ანატოლიის ჯარისკაცებმა სულეიმანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მუსტაფას არმია მიიჩნევდა, რომ ყველაფერი ჰიურემ სულთნისა და რუსტემ-ფაშას პოლიტიკური ინტრიგების გამო მოხდა. არმიის პროტესტის შემდეგ სულეიმანმა რუსტემ-ფაშა თანამდებობიდან გაათავისუფლა და უკან სტამბოლში გაუშვა.
სულეიმანის უმცროს შვილს, შეჰზადე ჯიჰანგირს განსაკუთრებით უყვარდა მუსტაფა და მას უჭერდა მხარს. ჯიჰანგირი იმ დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა ლაშქრობაში და შესაბამისად, ნახა, როგორ დასაჯეს მუსტაფა სიკვდილით. ის თვლიდა, რომ სულეიმანი შეცდა და შიმშილობა გამოაცხადა. ჯიჰანგირი 27 ნოემბერსალეპოში გარდაიცვალა.
მუსტაფას სიკვდილმა გამოიწვია არეულობა ანატოლიაში, განსაკუთრებით ამასიაში, რადგან უბრალო ხალხს მუსტაფა ძალიან უყვარდა და სულეიმანის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი აჯანყების დროს აჯანყებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა და ისინი უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ, მაგრამ სოკოლუ მეჰმედ-ფაშამ ამ აჯანყების ჩახშობა მოახერხა.
იანიჩარები განსაკუთრებით განიცდიდდნენ მუსტაფას გარდაცვალებას და აცხადებდნენ, რომ ოსმალეთის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე მუსტაფას რომელიმე ვაჟი იყო. როდესაც ეს სულეიმანმა გაიგო, ბრძანა, რომ მისი ვაჟები სიკვდილით დაესაჯათ. 10 დეკემბერს მუსტაფას 4 ვაჟი სიკვდილით დასაჯეს.