ფორლანი ფეხბურთის თამაშს მონტევიდეოს „პენიაროლის“ საფეხბურთო აკადემიაში იწყებს. 16 წლის ასაკში მისით ფრანგული „ნანსი“ ინტერესდება. თუმცა ამ კლუბის მწვრთნელი ახალგაზრდა ურუგვაელის საფეხბურთო მონაცემებით მაინცადამაინც ვერ იხიბლება და დიეგოც იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს. პირველი გუნდი, რომელშიც იგი თავის პროფესიულ საფეხბურთო კარიერას იწყებს, არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი — აველიანედას„ინდეპენდიენტეა“. სწორედ ამ გუნდში ვლინდება პირველად მისი ტალანტი. „წითელ ეშმაკებთან“ (ესპ.Los Diablos Rojas) ოთხი სეზონის (1997—2001) განმავლობაში ჩატარებულ 80 შეხვედრაში ფორლანს 37 გოლი გააქვს. ამის შემდეგ მისით ერთდროულად რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. საბოლოოდ, 2002 წლის 22 იანვარს, დიეგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აფორმებს კონტრაქტს, რის შედეგადაც მისი ყოფილი გუნდი კომპენსაციის სახით 6 მილიონ 900 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.
„ვილიარეალთან“ ერთად გატარებულ პირველივე სეზონში, ფორლანი 25 გოლის გატანას ახერხებს და ტროფეო პიჩიჩის (ესპ.Trofeo Pichichi) ისაკუთრებს. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ, იგი მადრიდის „ატლეტიკოში“ აგრძელებს თამაშს, სადაც კიდევ ერთხელ ხდება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის (ესპ.Primera División de España) საუკეთესო ბომბარდირი და პირველი ფეხბურთელი, რომელიც რონალდოს შემდეგ მეორედ ეუფლება ამ ტიტულს. წარმატებით ასპარეზობს ასევე, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზეც. 2010 წლის 12 მაისს, ჰამბურგის „ნორდბანკ არენაზე“ (გერმ.HSH Nordbank Arena), უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკო“ლონდონის „ფულემს“ უპირისპირდება. ამ მეტად დრამატულ მატჩში „ატლეტიკო“ მხოლოდ დამატებით დროში ახერხებს ლონდონური კლუბის დამარცხებას (2–1). ესპანელთათვის გამარჯვების მომტანი ორივე ბურთი ინგლისელთა კარში ურუგვაელ ფორვარდს გააქვს — შეხვედრის 32-ე და 116-ე წუთებზე. ფორლანს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ. იმავე წლის 25 აგვისტოს ფორლანი „ატლეტიკოსთან“ ერთად უეფა-ს სუპერთასსაც ეუფლება.
პირველად ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2002 წლის 27 მარტს, დამამში, საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.[7] სადებიუტო მატჩში თავისი პირველი სანაკრებო გოლი ფორლანს შეხვედრის მეოთხე წუთზევე გააქვს. იმედისმომცემი დასაწყისის მიუხედავად თამაში საუდელთა გამარჯვებით (3–2) სრულდება. მეორე გოლი იმავე წლის 11 ივნისს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სენეგალის ნაკრების კარში გააქვს. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფორლანი ხუთი გოლის გატანას ახერხებს. ორ გოლს ჩემპიონატის მასპინძლებს, სამხრეთ აფრიკელებს უტანს, ერთს განელებს, თითო-თითოს კი ჰოლანდიას და გერმანიას. ამ მუნდიალზე ფორლანს საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ. მას გადაეცემა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო — ოქროს ბურთი.[8] თავის ბოლო, 112-ე შეხვედრას ეროვნული გუნდის მაისურით 2014 წლის 28 ივნისს, რიო-დე-ჟანეიროში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე — კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მართავს. ეს მუნდიალის მერვედფინალური მატჩია, რომელიც კოლუმბიელთა გამარჯვებით (2–0) სრულდება.[9]
↑(ინგლისური)„1959 South American Championship (Ecuador)“. Prepared and maintained by Martín Tabeira for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. 12 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)