დიდი სამსარი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით უკვე გაუკაცრიელებული ნასოფლარი ყოფილა, რომელსაც მდინარის დინების მიმართულების გათვალისწინებით, ზემო სამსარი ერქვა. როგორც ჩანს, შემდგომ ხანებში მოსულმა მოსახლეობამ ზემო და ქვემო სამსარს დიდი და პატარა შეარქვა. სოფლის ამჟამინდელი სომხური მოსახლეობა XIX საუკუნის 30-იან წლებშია მოსული ერზურუმის მხრიდან.
კულტურული მემკვიდრეობა
სოფელში დგას სომხური დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ქართული ნაეკლესიარის საფუძველზე 1899 წელსაა აგებული. იქიდან გადარჩენილია ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებული ორი პატარა ქვა, რომლებზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ერთ მათგანს მკლავებს შორის კოპები უზის. ეკლესიის გალავნის შიგნით ძველი სასაფლაოა. საფლავის დამუშავებულ ქვებს შორის არის ყოჩებისა და ცხენის ქანდაკებებიც. ეკლესიის მახლობლად გადის კლდეში გაჭრილი საურმე გზა, რომელიც ამ კლდეკარით მდინარის ვიწრო კანიონში ჩადის და პატარა სამსარში მიდის.
სოფლის მახლობლად, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.[1]