„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონი ეთერში გადიოდა 2013 წლის 18 მარტიდან 2013 წლის 20 მაისამდე ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე A&E-ზე. სეზონში სულ ათი სერიაა. სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[1] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.
სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[2] საპრემიერო ეპიზოდით სერიალმა მოხსნა A&E-ის რეიტინგული რეკორდი 3.04 მილიონი მაყურებელით.[3] პირველი სეზონის სამი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ბეიტსის მოტელი მეორე სეზონისთვის განახლდა.[4]ვერა ფარმიგამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ნორმა ლუის ბეიტსის როლის შესრულებისთვის, მან 2013 წელს მოიპოვა სატურნის ჯილდო როგორც საუკეთესო სატელევიზიო მსახიობმა, ხოლო წარდგენილი იყო ნომინაციებზე: პრაიმტაიმ ემის პრემია დრამატული სერიალის წამყვანი მსახიობისთვის (2013), კრიტიკოსთა რჩეული დრამატული სერიალის მსახიობების დაჯილდოება (2013) და კრიტიკოსთა ასოციაციის პრემია საუკეთესო დრამის შემსრულებლისთვის.[5] პირველი სეზონი გამოვიდა 2014 წლის 17 სექტემბერს Blu-ray-სა და DVD-ზე.[6]
2012 წლის 12 იანვარს განაცხადეს, რომ A&E აწარმოებდა სერიალს სახელწოდებით „ბეიტსის მოტელი“.[7] 2012 წლის 27 აგვისტოს პირველი მსახიობი, ვინც მთავარი როლის, ნორმა ლუის ბეიტსის შესრულებისთვის წარდგა, იყო ვერა ფერმიგა.[8] 2012 წლის 14 სექტემბერს ნორმან ბეიტსის როლის შესასრულებლად ფრედი ჰაიმორი დაინიშნა.[9] იმავე დღეს მაქს ტირიოტი აირჩიეს ნორმანის ნახევარძმის, დილან მასეტის როლისთვის.[10] მოგვიანებით, 2012 წლის 19 სექტემბერს, ნიკოლა პელცი დაინიშნა ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად.[11] და ბოლოს, 2012 წლის 20 სექტემბერს ოლივია კუკი სერიალის მთავარ პერსონაჟთა სიას შეუერთდა როგორც ემა დეკოდი.[12]
გადაღება
ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც მიმდინარეობდა სერიალის გადაღებები.[13][14] პირველი სეზონის ძირითადი გადაღება დაიწყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.[15][16] სეზონი 2013 წლის 24 იანვარს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წარმოება გაგრძელდა 2013 წლის თებერვლამდე.[17]
მეუღლის, სემ ბეიტსის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, ნორმა ლუის ბეიტსი და მისი 17 წლის ვაჟი, ნორმანი, საცხოვრებლად არიზონადან ქალაქ თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში გადადიან, სადაც შეიძენენ მოტელს. ცხოვრების თავიდან დაწყების მიზნით ნორმა მოტელის ბიზნესს სათავეში უდგება. სკოლის პირველ დღეს ნორმანი უმეგობრდება პოპულარულ გოგოს, ბრედლი მარტინს, რომელიც მეგობრებთან ერთად მას ღამით წვეულებაზე წაიყვანს. ნორმანი ასევე შეხვდება თავის ინგლისური ენის მასწავლებელს. როცა ის და ბრედლი წვეულებაზე არიან, მოტელის ყოფილი მფლობელი, კით სამერსი სახლში იჭრება და ნორმაზე სექსუალურად ძალადობს. ნორმანი ამ დროს სახლში ბრუნდება და კითს გათიშავს, რის შემდეგაც მას ნორმა კლავს. დედა-შვილი სხეულს მიმდებარე ტბაში აგდებს. იმავე ღამეს, ნორმა და ნორმანი ხვდებიან შერიფ ალექს რომეროს და მის მოადგილეს, ზაკ შელბის, რომლებმაც უცნობი მიზეზების გამო მოტელის დათვალიერება გადაწყვიტეს. მეოთხე ოთახში ნორმანი პოულობს ჩანახატებით სავსე წიგნაკს, რომელშიც ნაჩვენებია ჯაჭვებით დაბმული ქალი. იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ასახული მოვლენები თეთრი ფიჭვის ყურეში ხდება. ნორმა მოტელს სახელს გადაარქმევს „ბეიტსის მოტელად“.
სიტუაცია იძაბება ნორმას გაუცხოებული და პრობლემური ვაჟის, დილან მასეტის თეთრი ფიჭვის ყურეში ჩამოსვლით. ბრედლის მამა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვება და ექსტრემალურ დამწვრობებს მიიღებს, რასაც ნორმანი და ბრედლი შეესწრებიან. ამასობაში, ნორმანი და მისი კისტური ფიბროზით დაავადებული კლასელი, ემა დეკოდი, იძიებენ წიგნაკის საიდუმლოს. შელბი ნორმას უხსნის, რომ ქალაქის სიმდიდრე უკანონო გზით არის მოპოვებული და მისი საკონსულო და თვით პოლიციაც კონსპირაციაშია გარეული. ნორმა ქალაქის ცენტრში დაინახავს თავდაყირა დაკიდებულ და ცეცხლმოკიდებულ სხეულს, რასაც ქალაქის მოსახლეობაც ესწრება, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამართალს ხშირად სასამართლოს გარეშე ასრულებენ. ემა და ნორმანი წააწყდებიან მარიხუანას უზარმაზარ მდელოს, რომელიც გადამალულია ახლომდებარე ტყეში. მათ აედევნებათ ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებსაც თავს ძლივს აღწევენ.
ნორმანი სკოლაში გონებას დაკარგავს, რის გამოც საავადმყოფოში წაიყვანენ. ნორმას ეკითხებიან, ეს ადრეც თუ მომხდარა, რაზეც პასუხობს, რომ არა. დილანი ახალ სამსახურს იწყებს, თუმცა არ ამხელს იმ ფაქტს, რომ მარიხუანას მდელოს დარაჯობს მის ახალ პარტნიორთან, ეთანთან ერთად. ნორმა ნორმანს საავადმყოფოდან გამოიყვანს, რა დროსაც ეუბნება, რომ კით სამერსის ქამარი შენახული ჰქონდა, რაც პოლიციის ჩხრეკის შემდეგ გაქრა. დილანი ნორმანს ურჩევს, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს მეგობრებთან ერთად და ნორმას კონტროლის საშუალება არ მისცეს. ამასობაში, შელბი ნორმას უმხელს, რომ ქამარი მან აიღო და რომერომ ამის შესახებ არაფერი იცის, ეს კი ნორმას დასაცავად გააკეთა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს კოცნიან. ნორმანს ეჩვენება დედამისი, რომელიც მას ქამრის უკან დაბრუნებას ავალებს. ნორმანი შელბის სახლში იჭრება, მაგრამ ქამრის ნაცვლად აღმოაჩენს ერთ-ერთ ქალს წიგნაკიდან, რომელიც სარდაფშია დამწყვდეული.
შელბი სახლში ბრუნდება იმ დროს, როცა ნორმანი ისევ იქ არის. დილანი, რომელიც ნორმანს უკან გამოყვა, შელბის შეაყოვნებს, რათა ნორმანმა თავის დაღწევა მოახერხოს. ნორმა ნორმანს ეუბნება, რომ ზოგჯერ ისეთ რამეებს ხედავს, რაც რეალური არ არის. ვინაიდან ემას მისი ჯანმრთელობა სერიოზული ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს, ნორმანი კიდევ უფრო უახლოვდება ბრედლის, რომელიც მამის გარდაცვალებას გლოვობს. ამასობაში, რომერო ყურეში პოულობს გახრწნილ ხელს, რომელზეც კით სამერსის მაჯის საათია. იმავე საღამოს, ნორმანი ბრედლის ხვდება და ისინი ერთად დაწვებიან. როცა ნორმა ამის შესახებ შეიტყობს, ძალიან ბრაზდება. დილანი ნორმას უპირისპირდება, ეუბნება, რომ იცის რაც ჩაიდინა და ეს მისგან ნორმანის წაყვანის უფლებას აძლევს. სწორედ ამ დროს მოდის პოლიცია და ნორმას კით სამერსის მკვლელობისთვის აკავებს.
ნორმანი გირაოს იხდის და მომდევნო დღეს ნორმას ათავისუფლებენ. დილანი ნორმანს მასთან ერთად ცხოვრებას სთავაზობს. შელბი ნორმას ბრალდების სამხილს ანადგურებს მისი სიყვარულის დასამტკიცებლად. ამასობაში, დილანი ეთანისგან, მისი პარტნიორისგან 5 000 დოლარს ისესხებს სახლის საყიდლად, რის შემდეგაც ვიღაც ნარკომანი ეთანს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის და დილანი მას საავადმყოფოში წაიყვანს. მოგვიანებით, ის ნარკომანს მანქანით თავზე გადაუვლის. ვახშმობისას ნორმანი ემას გაუმხელს, რომ წიგნაკში დახატული გოგო რეალურია, რომელსაც ისინი მოგვიანებით კით სამერსის მიტოვებულ ნავზე იპოვნიან. ნორმანი და ემა გოგოს, რომლის სახელია ჯიაო, მოტელში წაიყვანენ და ნორმას აჩვენებენ. ის შელბის, როგორც მის გამტაცებელს და მოძალადეს ამოიცნობს, რაც ნორმასთვის შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.
ნორმანი და დილანი კით სამერსის ქამარს იპოვნიან და ნორმას დასაცავად ყურეში ჩააგდებენ. დილანის უფროსი, გილი დილანს ატყობინებს, რომ ეთანი დაიღუპა. დილანი მას ეუბნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელზე შური იძია, რისი გაგონებაც გილს საკმაოდ სიამოვნებს. ამის შემდეგ დილანი თავის ახალ პარტნიორს, რემოს გაიცნობს. შელბი გაიგებს, რომ ჯიაო მოტელშია, ამიტომ ის გაქცევას შეეცდება. ამის შემდეგ შელბი იარაღის მუქარით ბეიტსების ოჯახს შეკრებს და ნორმას სცემს, რის გამოც განრისხებული ნორმანი მას თავს დაესხმება. ძმისა და დედის გადასარჩენად დილანი შელბის კლავს. ამასობაში, ნორმა დილანს სემ ბეიტსის სიკვდილის შესახებ სიმართლეს უმხელს: როცა სემი ნორმას სცემდა, მრისხანების ზღვარზე მისულმა ნორმანმა ის მოკლა, თუმცა ამის შესახებ არაფერი ახსოვდა, რის გამოც მამამისის სიკვდილი უბედური შემთხვევა ჰგონია. ნორმა დილანს ეუბნება, რომ ნორმანს დაცვა სჭირდება.
რომერო მკვლელობის ადგილას მივა და ოჯახის დასაცავად მომხდარ ამბავს შეცვლის, თითქოს შელბი მან დაიჭირა და მოკლა. ამასობაში, დილანი ხვდება ჯეიკ აბერნატს, რომელსაც კით სამერსის სიკვდილამდე მოტელში მეცხრე ოთახი ჰქონდა დაჯავშნილი ერთი კვირით ყოველ მეორე თვეს. ნორმა ემას მოტელში მუშაობას აწყებინებს. ნორმანი მაწანწალა ძაღლს დაიმეგობრებს, რომელსაც სახელად ჯუნოს არქმევს. ის ბრედლისთან მიდის, რათა სიყვარულში გამოუტყდეს, თუმცა ბრედლი ეუბნება, რომ მას არ უყვარს. ჯუნოს მანქანა კლავს, რასაც ნორმანი შეესწრება და გულგატეხილს ტოვებს.
ემას მამა, უილი ნორმანს ტაქსიდერმიას ასწავლის, როცა მას ნორმანმა თავისი მკვდარი ძაღლი მიუყვანა. სკოლის დირექტორის მოთხოვნით, ნორმა ნორმანს ფსიქოლოგთან მიიყვანს, რომელიც ამბობს, რომ ნორმა მის შვილს მეტისმეტად აკონტროლებს. ამასობაში, ჯეიკი ნორმას ეუბნება, რომ ყველაფერი იცის ზაკ შელბისა და კით სამერსის ადამიანით ვაჭრობის ბიზნესზე, რის გამოც ნორმა მას მოტელიდან აგდებს. დილანს მოტელში რამდენიმე ადამიანი მოჰყავს. ნორმა მადლობის გადახდის ნიშნად დილანის სავახშმოდ წაყვანას აპირებს, თუმცა შეძრწუნებულია, როცა შელბის გახრწნილ ცხედარს მის საწოლზე აღმოაჩენს.
ნორმა მუქარის მიღების შემდეგ მოტელის გაყიდვას გადაწყვეტს. ის რომეროს ჯეიკის დაჭერას სთხოვს, თუმცა შერიფი მამაკაცზე ხელმოსაჭიდ ინფორმაციას ვერ პოულობს. ნორმას დასამშვიდებლად რომერო სახლს ყოველ ნახევარ საათში ამოწმებს. დილანი ბრედლის მამამისის სამუშაო ოთახში შეაპარებს, სადაც ის სასიყვარულო წერილებს იპოვის, რომელსაც მამამისი სწერდა უცნობ ადამიანს, ინიციალით „B“. ამასობაში, ემა დილანის მიერ მოყვანილ ერთ-ერთ ბიჭს, განერს უახლოვდება. უძრავი ქონების აგენტი ნორმას ეუბნება, რომ მოტელი ვერ გაიყიდება, რის გამოც განრისხებული ნორმა მას ხელჩანთით სცემს. ამის შემდეგ, მანქანაში დაბრუნებულ ნორმას ჯეიკი დახვდება და იარაღით ემუქრება, რომ 150 000 დოლარი, რომელიც შელბიმ მისგან ისესხა, ნორმას უნდა გადაეხადა, თორემ მას და მის შვილებს დახოცავდა. ნორმა ეთანხმება, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
რომერო ნორმას ჯეიკთან გამკლავებაში პირდება. ნორმა ნორმანს საიდუმლოს უმხელს, რომ მისი ძმა მასზე 13 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა. ნორმანი და ემა სასკოლო ცეკვაზე ერთად წასვლას გადაწყვეტენ. ცეკვის დროს ნორმანი განუწყვეტლივ უცქერს ბრედლის, რის გამოც გულნატკენი ემა სახლში მიდის, ხოლო ბრედლის შეყვარებული ნორმანს დაარტყამს. მის უოტსონი ნორმანს ჭრილობის დამუშავებას და სახლში მიყვანას სთავაზობს. ამასობაში, ნორმას თვალწინ რომერო ჯეიკს კლავს. მის უოტსონის სახლში, ნორმანი თავის მასწავლებელს ტანსაცმლის გამოცვლის დროს უყურებს. ნორმანს ეჩვენება ნორმა, რომელიც არწმუნებს, რომ მის უოტსონი მის შეცდენას ცდილობს. ის სახლში გაიქცევა და ნორმას ეუბნება, რომ წესით და რიგით მის უოტსონს უნდა მოეყვანა, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ სახლში გამოქცევა ახსოვს. ეპიზოდის ბოლოს ნაჩვენებია მის უოტსონის ცხედარი, რომელსაც ყელი გამოჭრილი აქვს და უკეთია ყელსაბამი ინიციალით „B“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ბრედლის მამის საიდუმლო საყვარელი შესაძლოა ყოფილიყო.
მიღებული შეფასებები
კრიტიკოსთა გამოხმაურება
პირველმა სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ვებ-გვერდ Metacritic-ზე 34 კრიტიკოსის მიერ სეზონი შეფასებულია 100-დან 66 ქულით, რაც მიუთითებს „ზოგადად დადებით მიმოხილვაზე“.[28]Rotten Tomatoes-ზე სეზონს მიღებული აქვს 84% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 7.11/10 (43 მიმოხილვაზე დაყრდნობით). საიტის კრიტიკოსთა შეფასებაში წერია: „ბეიტსის მოტელი იყენებს როგორც გონებრივი მანიპულირებისა და იდუმალების შიშის ტაქტიკებს, ასევე პერსონაჟთა ენერგიულ მოქმედებას და უხერხულ, მაგრამ გასაოცარ ურთიერთობებს.“[2] სეზონის პირველი სამი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, რომლებმაც დადებითი შეფასებები მიიღო, 2013 წლის 8 აპრილს სერიალს მეორე სეზონი დაემატა.[4]
რეიტინგები
საპრემიერო ღამეს სერიალმა მოხსნა A&E-ის რეიტინგული რეკორდი 3,04 მილიონი მაყურებელით, რომელთა შორის 18-49 წლის მაყურებელთა რაოდენობა 1,6 მილიონს შეადგენდა.[3] სეზონის საფინალო ეპიზოდს ჰყავდა 2.70 მილიონი მაყურებელი.[27] საერთო ჯამში, პირველი სეზონის საშუალო ნახვები 2,70 მილიონს შეადგენდა.[29]