სერიალი იწყება არიზონაში, ნორმას ქმრის გარდაცვალებით, რის შემდეგაც ის ყიდულობს „მეზღვაურის მოტელს“ (ინგლ.Seafairer Motel) ორეგონში, სანაპიროსთან მდებარე ქალაქში, რათა მან და ნორმანმა ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლონ.[4][7][8] მომდევნო სეზონები ასახავს ნორმანს, რომლის ფსიქიკური დაავადება დროთა განმავლობაში საშიში ხდება და ნორმას, რომელიც ცდილობს საკუთარი შვილის დაცვას გარშემომყოფთაგან და მათ დაცვას ნორმანისგან. სერიალი გადაღებულია ვანკუვერის გარეთ, ალდერგროვში (ბრიტანეთის კოლუმბია) და სხვა მიმდებარე ადგილებში.
ტელეკომპანია A&E-მ სერიალის პილოტის გამოტოვება და მისი სრული ჩვენება გადაწყვიტა, რისთვისაც ათ-სერიანი პირველი სეზონი შეუკვეთა.[4] „ბეიტსის მოტელი“ არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ორიგინალურ სცენარზე შექმნილი ტელესერიალი.[9] სერიალის წამყვანმა მსახიობებმა, ვერა ფარმაგამ და ფრედი ჰაიმორმა დიდი აღიარება მოიპოვეს სერიალში მონაწილეობისთვის, მათ მიიღეს პრაიმტაიმის ემისა და სატურნის ჯილდოები როგორც საუკეთესო მსახიობებმა. „ბეიტსის მოტელმა“ ასევე მოიპოვა სამი ჯილდო ხალხის რჩეული სერიალისა და მსახიობებისთვის (ფარმიგა და ჰაიმორი).
სერიალის მიმოხილვა
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
პირველ სეზონში ნორმა და ნორმან ბეიტსები მოტელს ყიდულობენ ნორმანის მამის სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთ პირველ ღამეს მოტელის ყოფილი მფლობელი შემოიჭრება და ნორმაზე სექსუალურად ძალადობს. ნორმანი თავდამსხმელს გათიშავს, ხოლო ნორმა სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს. ის გადაწყვეტს, რომ მკვლელობა გადაფარონ და ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინონ. ისინი სხეულს თავიდან იშორებენ. დანაშაულის დაფარვას ართულებს ის, რომ ნორმანი მსხვერპლის ქამარს ინახავს. როდესაც ქალაქის შერიფმა და მისმა მოადგილემ მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს, ნორმამ და ნორმანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ სიმართლის დასამალად.
მეორე სეზონში მოვლენები ნორმანის მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ვითარდება, რომლის იდუმალებით მოცული წარსული სააშკარაოზე გამოდის. ამავდროულად, ნორმა მოტელის მუშაობის შესანარჩუნებლად და შემოვლითი გზის აშენების შესაჩერებლად სარისკო გადაწყვეტილებებს იღებს. მამამისის მკვლელის ძებნის პროცესი ბრედლის ექსტრემალურ სიტუაციაში აგდებს, ხოლო დილანი მისი მშობლების შესახებ შოკისმომგვრელ სიმართლეს იგებს.
მესამე სეზონი ყურადღებას ამახვილებს ნორმანზე, რომელიც თავის არამდგრად ფსიქიკაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. წინა სეზონის დრამატულმა მოვლენებმა ნორმას დაანახა მისი შვილის გონებრივი არასტაბილურობა. ამასობაში, შერიფი რომერო ბეიტსების ოჯახს ნელ-ნელა შორდება, რადგან ეჭვი აქვს, რომ ნორმა მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ატყუებს.
მეოთხე სეზონში ნორმა შეშფოთებულია მისი შვილის გამო და ყველაფერს აკეთებს მისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს არღვევს მათ შორის ოდესღაც არსებულ მტკიცე ნდობას, რადგან ნორმანს რეალობის აღქმა უჭირს. ამასობაში, შერიფი რომერო კიდევ ერთხელ ბრუნდება ნორმასა და ნორმანის ცხოვრებაში. იგი ნორმასთან დაქორწინებაზე თანახმაა, რადგან მისი დაზღვევით ნორმა შეძლებს ნორმანის ძვირადღირებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას.
მეხუთე სეზონი ნორმას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ იწყება. ნორმანი, რომელიც საჯაროდ ბედნიერად და სტაბილურად გამოიყურება, თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს სახლში, სადაც მისი გათიშვები უფრო და უფრო ხშირდება და „დედა“ მასზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამასობაში, დილანი და ემა კვლავ ნორმანის სამყაროში აღმოჩნდებიან, ხოლო რომეროს თავის გერზე შურისძიება სწყურია.
2012 წლის 12 იანვარს განაცხადეს, რომ A&E აწარმოებდა სერიალს სახელწოდებით „ბეიტსის მოტელი“, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველი იქნებოდა.[10] პირველი სცენარი დაწერა ენტონი ციპრიანომ.[11] 2012 წლის მარტში პროექტს შეუერთდნენ კარლტონ კუზი და კერი ერინი, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერები და სცენარის ავტორები.[12] კუზმა განაცხადა, რომ „ბეიტსის მოტელის“ შთაგონება სერიალი „ტვინ პიქსი“ იყო. მან თქვა, რომ „ჩვენ ფაქტობრივად ტვინ პიქსის სიუჟეტი მოვიპარეთ... თუ ამ აღიარების გაგონება გსურდათ, პასუხი დადებითია. ძალიან მიყვარდა ეს გადაცემა. მხოლოდ 30 ეპიზოდი გადაიღეს. კერიმ [ეჰრინი] და მე ვიფიქრეთ, რომ დანარჩენ 70-ს ჩვენ გადავიღებდით.“[13] 2012 წლის 2 ივლისს A&E-მ „ბეიტსის მოტელი“ შეუკვეთა.[14] 2013 წლის იანვარში სერიალის მუსიკის დასაწერად კრის ბეიკონი დაიქირავეს.[15]
კასტინგი
კასტინგი დაიწყო 2012 წლის აგვისტოში. პირველი მსახიობი, რომელიც მთავარი როლის, ნორმა ლუის ბეიტსის, შესრულებისთვის წარდგა, იყო ვერა ფარმიგა.[16] 2012 წლის 14 სექტემბერს ნორმან ბეიტსის როლის შესასრულებლად ფრედი ჰაიმორი დაინიშნა.[17] იმავე დღეს მაქს ტირიოტი აირჩიეს ნორმანის ნახევარძმის, დილან მასეტის როლისთვის.[18] მოგვიანებით, 2012 წლის 19 სექტემბერს, ნიკოლა პელცი დაინიშნა ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად, რომელიც ნორმანის სავარაუდო სასიყვარულო ინტერესი იქნებოდა.[19] და ბოლოს, 2012 წლის 20 სექტემბერს ოლივია კუკი სერიალის მთავარ პერსონაჟთა სიას შეუერთდა როგორც ემა დეკოდი, ნორმანის საუკეთესო მეგობარი.[20]ნესტორ კარბონელი პირველ სეზონში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლს ასრულებდა, მაგრამ მეორე სეზონიდან მთავარ პერსონაჟთა სიაში გადაინაცვლა.[21] 2014 წლის ივლისში, კენი ჯონსონი მეორე სეზონში დროგამოშვებით ნორმას ძმის, კელებ კალჰუნის როლს ასრულებდა, რომელიც მესამე სეზონისთვის რეგულარული პერსონაჟი გახდა.[22] 2016 წლის 22 ივნისს Comic-Con International-ზე განაცხადეს, რომ რიანა ბოლო, მეხუთე სეზონში მარიონ კრეინის სიმბოლურ როლს შეასრულებდა.[23]
გადაღება
ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს დაახლოებით 1054 272-ე ქუჩაზე ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც სერიალის ცალკეული ნაწილებია გადაღებული.[24][25] ორიგინალი სახლი და მოტელი მდებარეობს Universal Studios-ში, ჰოლივუდში, ლოს ანჯელესში. სერიალი ასევე გადაიღეს ვანკუვერის მრავალ ადგილას, მათ შორის სტივსტონში, კოკიტლამში, ჰორსშოუს ყურესა (დასავლეთ ვანკუვერი) და ფორტ-ლენგლიში. 2017 წლის თებერვალში, სერიალის გადაღების დასრულების შემდეგ ალდერგროვში მდებარე ბეიტსის მოტელის ნაგებობა დაანგრიეს.[26]
მიღებული შეფასებები
კრიტიკოსთა გამოხმაურება
პირველმა სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. საიტ Metacritic-ზე 34 კრიტიკოსის მიერ სეზონი შეფასებულია 100-დან 66 ქულით.[27]Rotten Tomatoes-ზე სეზონს მიღებული აქვს 84% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 7.11/10 (43 მიმოხილვაზე დაყრდნობით). საიტის კრიტიკოსთა შეფასებაში წერია: „ბეიტსის მოტელი იყენებს როგორც გონებრივი მანიპულირებისა და იდუმალების შიშის ტაქტიკებს, ასევე პერსონაჟთა ენერგიულ მოქმედებას და უხერხულ, მაგრამ გასაოცარ ურთიერთობებს.“[28]
მეორე სეზონმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. Metacritic–მა 11 კრიტიკოსზე დაყრდნობით სეზონი 100 ქულიდან 67-ით შეაფასა.[29] Rotten Tomatoes-ზე სეზონს აქვს 90% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 8.02 /10 (21 მიმოხილვის საფუძველზე). საიტის შეფასებაში ნათქვამია: „ბეიტსის მოტელი დამაჯერებელი შესრულებებითა და გამორჩეული სცენარით ახერხებს კლასიკური თრილერის გაცოცხლებას“.[30]
ბეიტსის მოტელის მესამე სეზონმა Metacritic–ზე 100–დან 72 ქულა მიიღო. Rotten Tomatoes-მა 21 მიმოხილვაზე დაყრდნობით სეზონი 95%-ით შეაფასა.[31] საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ტაბუდ ქცეულ დედა-შვილის შემზარავ ურთიერთობას, უხერხულად ამუქებს მის უკვე არსებულ მომაჯადოებელ ატმოსფეროს“.[32]
ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა. Rotten Tomatoes-მა 17 მიმოხილვით სეზონი 100%-ით შეაფასა. საიტის შეფასებით, „ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონი პირნათლად ახერხებს დედა-შვილის საზარელი ბედისკენ გადახრას.“[33]Upprox-ის კრიტიკოსის ალან სეპინუოლის სიტყვებით, „ბეიტსის მოტელი“ კარგი მხოლოდ მეოთხე სეზონის შუა ნაწილიდან გახდა, როცა სერიალმა სიუჟეტის უკეთესი დანიშნულება და „ტრაგიკული ბრწყინვალება“ შეიძინა.[34]
ბეიტსის მოტელის ბოლო, მეხუთე სეზონმა Metacritic–ზე 100–დან 81 ქულა მიიღო, რაც მიუთითებს „უნივერსალურ აღიარებაზე“[35]. Rotten Tomatoes-მა 21 მიმოხილვიდან სეზონი 100%-იანი რეიტინგით შეაფასა. საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელის ბოლო სეზონი ფრენჩაიზის სრულ წრეს კრავს ნორმან ბეიტსის განსაცდელისა და მწუხარების სასიამოვნო და შემზარავი დასასრულით.“[36]
კანადაში სერიალი გადის მხოლოდ ამერიკულ ტელეკომპანია A&E-ზე, რომელსაც ხელმისაწვდომს ხდის კანადის საკაბელო და სატელიტური კომპანიების უმეტესობა. ავსტრალიაში სერიალის პრემიერა შედგა 2013 წლის 26 მაისს Fox8-ზე,[58] დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში — Universal Channel-ზე 2014 წლის 2 აპრილს,[59] იამაიკაში — 2014 წლის 11 აგვისტოს CVM TV-ზე. შუა აღმოსავლეთში პირველი სეზონის პრემიერა აჩვენეს 2014 წლის შუა პერიოდში, ხოლო მეორე სეზონის — 2015 წლის 5 იანვარს OSN First HD-ზე.[60] ფილიპინებში ბეიტსის მოტელის ჩვენება დაიწყეს 2013 წლის 12 აგვისტოს Jack TV-ზე, სამხრეთ აფრიკაში 2013 წლის 21 ივნისს Mnet-ზე,[61] ინდოეთში — 2015 წლის 6 ნოემბერს Colors Infinity-ზე. 2019 წლის მაისისთვის Netflix-მა სერიალი მსოფლიოს სულ მცირე 30 ქვეყნისთვის გახადა ხელმისაწვდომი.[62]
მერჩენდაიზი
NBCUniversal-მა Hot Topic-თან პარტნიორობით გამოუშვა ბეიტსის მოტელით შთაგონებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მათ შორის სააბაზანოს ხალათები და სისხლიანი საშხაპე ფარდები, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა Hot Topic-ის საიტ და მაღაზიებში 2014 წლის 18 მარტიდან.[63] 2018 წლიდან Hot Topic მერჩენდაიზს აღარ ყიდის.