მიჩნეულია, რომ ინდონეზიაში ისლამის გავრცელება აჩეჰიდან დაიწყო, ამავე დროს ის მთლიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელების ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო. XVII საუკუნის დასაწყისში აჩეჰის სასულთნო ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი სახელმწიფო იყო მალაკის სრუტის რეგიონში. აჩეჰი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რეგიონში მოსულ კოლონისტებს, მათ შორის ნიდერლანდელებს. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ზოგიერთი გამოთვლებით, აჩეჰის ბუნებრივი აირის რეზერვები უდიდესია მსოფლიოში. სხვა დანარჩენ ინდონეზიასთან შედარებით, რელიგიურად კონსერვატორულია.[5]
აჩეჰის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა
1970 წელს, ინდონეზიის ცენტრალური მთავრობის ნებართვით ამერიკულმა კომპანიებმა დაიწყეს აჩეჰის ბუნებრივი რესურსების მოპოვება. შემოსავლის უსამართლო განაწილებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, დარ ალ-ისლამის (მსოფლიოს დაყოფა მუსლიმანურ რეგიონებად) ინდონეზიაში წარმომადგენელი ჰასან დი ტირო დაარწმუნა აჩეჰის დამოუკიდებლობის აუცილებლობაში. მან აჩეჰის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს.