კონცერტი დაიდგა მთლიანად უოტერსის ხარჯებით. დაიწყო იმით, რომ 1989 წელს ერთ-ერთ რადიოინტერვიუში როჯერს ჰკითხეს, ჩაატარებდა თუ არა იგი ”კედლის” კიდევ ერთ წარმოდგენას. პასუხი იყო ასეთი: „კი, თუკი ნამდვილი კედელი დაინგრევა“. რამდენიმე თვის შემდეგ კედელი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ორ ნაწილად ყოფდა, დაინგრა.
შოუს დაესწრო 350.000 ადამიანი. 52 ქვეყანა კონცერტს პირდაპირ ტელეეთერში გადასცემდა.
თავდაპირველად უოტერსს სურდა სხვა ცნობილი მუსიკოსების მოწვევა, რომელთა შორის იქნებოდნენ პიტერ გებრიელი, როდ სტიუარტი, ჯო კოკერი, ბრიუს სპრინგსტინი და ერიკ კლეპტონი. მაგრამ ყველამ უარი თქვა ამ ინიციატივაზე (მიუხედავად კონცერტის საქველმოქმედო ხასიათისა). 1989 წლის ინტერვიუში როჯერი აღნიშნავდა - ”მე დევიდსაც (გილმორს) კი მივცემდი დაკვრის საშუალებას”. დევიდ გილმორმა ასეთი პასუხი გასცა ამ განცხადებას - ”ჩვენ მოგვცეს ამის უფლება, მაგრამ ჯერ არ დაგვეკონტაქტნენ”. თუმცა, უოტერსმა საერთოდ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არ ჰქონია პინკ ფლოიდის დარჩენილ ნაწილთან არავითარი კავშირი.
სიმღერების შესრულება განსხვავდება პინკ ფლოიდის ალბომისგან The Wall. უპირველეს ყოვლისა, სიმღერებში Mother და Another Brick in the Wall (ნაწილი II) გიტარის უფრო ვრცელი სოლოების მოსმენაა შესაძლებელი. Comfortably Numb-ში სრულდება ორმაგი, ხანგრძლივი სოლო გიტარაზე. არ სრულდება The Show Must Go On. პროგრამაში შეტანილია The Last Few Bricks, რომელიც სრულდებოდა პინკ ფლოიდის 1980-1981 წლის კონცერტებზე. სასამართლოს სცენის (The Trial) დროს სხვადასხვა მსახიობი და მუსიკოსი თავად ასრულებს მოქმედი პირების როლებს.