კონცერტის Live 8 შემდეგ როჯერ უოტერსი ხშირად ახსენებდა, რომ იქნებოდა საინტერესო ალბომის The Dark Side of the Moon მთლიანად შესრულება. 2006 წლის 2 ივნისს დაიწყო ტურნე, რომელიც შვიდ ეტაპად ჩატარდა და დასრულდა 2008 წლის 6 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმისადმი მიძღვნილი შოუთი.
ამ ტურნეში უოტერსთან თანამშრომლობდა სცენის დიზაინერი მარკ ფიშერი, რომელმაც სახელი გაითქვა პინკ ფლოიდის შოუებზე მუშაობით. 2007 წლიდან კონცერტებზე ჩნდებოდა მის მიერ შემუშავებული ვირტუალური პრიზმა, ცისარტყელით და სწორი სხივით, რომელიც გამოსახულია ალბომის The Dark Side of the Moon გარეკანზე.
ტურნეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მფრინავ გოჭს, რომელიც პინკ ფლოიდის კონცერტების ელემენტიც იყო. ყოველი კონცერტის დროს მასზე დაწერილი იყო სხვადასხვა საპროტესტო ლოზუნგი თუ სახუმარო ფრაზა.
პერსონალი
ტურნეში მონაწილეობდა მუსიკოსების თითქმის იგივე შემადგენლობა, რაც წინა, 1999-2002 წლების ტურნეში In the Flesh. ამასთან, ბენდს დაემატა დეივ კილმინსტერი, რომელიც, ჯონ კერინთან ერთად ასრულებდა დევიდ გილმორის ვოკალურ პარტიებს. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო ენდრიუ ლატიმერის, ჯგუფ Camel-ის ვოკალისტისა და მულტიინსტრუმენტალისტის მიწვევა, მაგრამ მოსმენისას გამოჩნდა, რომ მისი ვოკალი არ ერგებოდა დევიდ გილმორის სიმღერის სტილს.
ამ მუსიკოსების უმრავლესობა წარსულში უკვე გამოსულა უოტერსთან ერთად, საკონცერტო ტურნეებზე.
პერსონალი 2008
2008 წლის ბენდის შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ჰქონდა ადგილი. ჯგუფი დატოვებს ენდი ფერუეზერ-ლოუმ და კეტი კისუნმა. მათ მაგივრად ბენდს შეუერთდნენ: ჩესტერ კემენი (რომელიც უკვე მონაწილეობდა უოტერსის 2002 წლის ტურნეში) და სილვია მეისონ-ჯეიმზი (რომელიც ჯგუფის Pet Shop Boys კონცერტებზე ბეკ-ვოკალს ასრულებდა).
სეტლისტი
2006 წლის 8 ივნისის შემდეგ სიმღერების სია და თანმიმდევრობა არ შეცვლილა. პირველ კონცერტებზე სრულდებოდა The Gunner's Dream. 2006 წლის 29 ივნისს კორკში (ირლანდია) გამართულ კონცერტზე ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო ორი სიმღერა, Leaving Beirut და Sheep შესრულდა კონცერტის მეორე განყოფილებაში, ალბომის The Dark Side of the Moon წარდგენამდე.
ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უოტერსის ვოკალთან დაკავშირებულმა ფაქტებმა. რამდენიმე კონცერტზე შესამჩნევი იყო, რომ სიმღერებში Have a Cigar, Sheep და The Fletcher Memorial Home იგი იყენებს ფონოგრამას.
სერვისზე YouTube[1] განთავსებულია რამდენიმე ვიდეორგოლი ფესტივალიდან Rock in Rio, სადაც უოტერსი გამოდიოდა თავისი პროგრამით 2006 წლის ტურნეს დასაწყისში. სიმღერის The Gunner's Dream შესრულებისას მოშორებით ისმის როჯერის ჩაწერილი ვოკალი და უფრო გამოკვეთილად - მოჩურჩულე ხმა. იგივე ჩანს სიმღერის Have a Cigar შესრულებისას.
ბენდის ყოფილი წევრის, ნორბერტ სტეჩელის თქმით, 2002 წლის ტურნეში ასევე გამოიყენებოდა სპეციალურად ჩაწერილი ვოკალები. ვიდეოფილმში In the Flesh: Live და ამავე სახელწოდების ალბომის მოსმენისას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მართლაც ასე არის.
DVD-ის გამოცემა
დაგეგმილი იყო ტურნეს ვიდეოს ოფიციალურად გამოცემა, მაგრამ დღეისთვის მის შესახებ არაფერია ცნობილი.