2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 470 ადამიანი.[3]2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 350 კაცი, საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.[1]
სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობდა 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე.[10]
სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. 1728 წელს ქემფერში სახლობს 18 კომლი, რომელიც იხდის ყველა საოსმალო გადასახადს 9740 ახჩის ოდენობით.[5]
1804 წლის აღწერით ქემფერში ცხოვრობდა 6 კომლი, 12 მამაკაცი, 12 ქალი, სულ — 24 სული. 1818 წლის აღწერის მიხედვით, ამავე სოფელში ძირძველი მცხოვრებლები, სახაზინო გლეხები — 1 კომლი, 3 მამაკაცი, 2 ქალი, საბატონო გლეხები — 9 კომლი, 27 მამაკაცი, 14 ქალი, სულ 41 სული. მთლიანად სოფელში 10 კომლი, 30 მამაკაცი, 16 ქალი — 46 სული. აქვთ 128 დღიური ვარგისი, 60 დღიური უვარგისი მიწა, ტყე არ არის, აქვთ 1 წისქვილი. ახალი აღწერით მოსახლეობის გაზრდილია 4 კომლით, 16 სულით, 12 მამაკაცით და 4 ქალით. სოფლის მცხოვრებთა ძირითადი საქმიანობაა ხვნა-თესვა, მისდევენ მესაქონლეობას.[4]
1811 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარმა დაიწყო საეკელსიო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა საეკელსიო ქონების აღწერა, სასულიერო პირებვის და მრევლის რაოდენობის დადგენა. აღნიშნული რეფორმის დროს 1818 წლისათვის, სოფელ ქემფერში ცხოვრობდა სახაზინო გლეხები - 1 კომლი, საბატონო გლეხები - 6 კომლი, (ყველა ქართველი). იყო ერთი ეკლესია. მცხოვრებლები მათი სოფლის ეკლესიის გაუქმების გამო შეუერთდნენ სურამის ეკლესიის მრევლს და მღვდლისა და ეკლესიის მსახურებს კერძო ღვთისმსახურების გარდა, შესანახად დაუნიშნეს, კომლიდან - 1 კოდი ხორბალი, ნახევარი კოდი ქერი, თითო ქათამი, ნახევარი თუნგი ღვინო, 20 კაპიკი ფულად.[12]
1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293 ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია: ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე.[5]
სოფელის განაპირას, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე დგას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია 1880 წელს. ეკლესია დარბაზულია (7,7x5,2 მ). ნაგებია ქვიშა-ქვის კვადრატული ზომის ქვებით. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობა დასრულებულია ქვიშა-ქვის ლავგარდნით. შენობას კრამიტის სახურავი აქვს. ეკლესიისადმი შეწირულ ზარს ზედ წარწერა აქვს: „ქ. ზარი ესე შეწირულ არს სოფელს ქემფერში წმინდას გიორგის ეკლესიისდამ მუნ მცხოვრებლთა აზნაურთა და გლეხთაგან და თავადის დავით ვეზიროვის მიერ ჩყდმ (1844 წელი) წელსა, იანვრისა ლა (31)“, როგორც ამ წარწერიდან ირკვევა ამ ტაძრის აგებამდეც არსებულა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც სავარაუდოა, უფრო მცირე ზომისა უნდა ყოფილიყო.[13]
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ერთ-ერთი უბნის, ნარვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 400 მეტრზე, მუხნარში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აღდგენამდე შემორჩენილი იყო მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი (2,5X3 მ სიმაღლეზე). დარბაზული ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვიშაქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი სარკმელი იყო, რომლის გვერდებზე ასევე თითო სწორკუთხა ნიშიც იყო.[14]
ეკლესია აღადგინეს 2012 წელს. ამჟამად ეკლესია დარბაზული ტიპისაა (6,4X4,1 მ), შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, სამხრეთის შესასვლელის თავზე ბოლნური ჯვარია გამოსახული, სამხრეთის ფასადზე ერთი ნახევარწრიული სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი და ბოლნური ჯვარია ეკლესიის დანარჩენ ფასადებზეც.
ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია თითქმის კვადრატული (2,3X2,5 მ) შესასვლელი. ეკლესიას გარს არტყავს დაბალი ოვალური გალავანი, რომლის აღმოსავლეთ კედლებში ჩართულია ძველი ეკლესიის სტრუქტურაში აღმოჩენილი წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი.[15]
↑ხაჩიძე დ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ხაშურის მუნიციპალიტეტი (1818 წლის მდგომარეობით), გაზ. „ხაშურის მოამბე“, № 28, 23 ივლისი, 2019, გვ., 3