მეტ დეიმონი დაიბადა ქალაქ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, მამამისის — კენტ ტელფორ დეიმონისა და დედამისის — ნენსი კარლსონ-პეიჯის ოჯახში. მამამისი ბირჟის მაკლერი იყო, ხოლო დედამისი ლესლის უნივერსიტეტის პროფესორი.[1][2] დეიმონის გენეალოგია შეიცავს ინგლისურ, შოტლანდიურ, ფინურ და შვედურ ფესვებს. დეიმონი ბენ აფლეკისა და კეისი აფლეკის შორეული ნათესავია.[3][4] ჰყავს ძმა კაილი, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია.[2][5]
ერთხანს დეიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუტონში გადავიდა, სადაც სახლობდნენ ორი წლის განმავლობაში. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ დეიმონი დედამისთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც მის ოჯახთან ერთად კიდე 5 სხვა ოჯახი სახლობდა. დეიმონი იზრდებოდა ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ასევე მასთან ახლოს ცხოვრობდა მწერალი ჰოვარდ ზინი, რომლის ერთ-ერთ ნაშრომს დეიმონი იხსენიებს ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“.
1988 წელს დეიმონმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში,[6] სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი მიატოვა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა. თუმცა თავიდანვე მონაწილეობას იღებდა სასტუდენტო თეატრში,[7] სადაც ხშირად სპექტაკლში როლებს ასრულებდა.[8]
1990-იანი წლების დასაწყისში დეიმონმა და აფლეკმა დაწერეს სცენარი გენიალურ ახალგაზრდა მათემატიკოსზე. შემდგომ ცდილობდნენ სცენარის გაყიდვას ჰოლივუდში, თუმცა კინოსტუდიები მათ უარს ეუბნებოდნენ, რამეთუ ფილმში მონაწილეობა სცენარის ავტორებს თავადვე სურდათ. საბოლოოდ სცენარი შეისწყიდა კინოკომპანია Miramax Films-მა. 1997 წელს გამოდის ფილმი „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, სადაც მთავარ როლში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მსახიობები მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი. ფილმი საუკეთესო სცენარისთვის ოსკარით დაჯილდოვდა. ამასთანავე ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მოგებამ დაახლოებით 226 მლნ. აშშ დოლარი.
1999 წელს დეიმონმა ჯუდ ლოუსთან და გვინეთ პელტროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი მინგელას ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. ფილმი ფსიქოლოგიურ ტრილერს წარმოადგენს, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ტომ რიპლი (მეტ დეიმონი). შემთხვევითი გაცნობის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჰერბერტ გრინლიფი ტომ რიპლის დავალებას მისცემს; იგი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში და დაერწმუნებინა მისი შვილი აშშ-ში უკან დაბრუნებაზე. იტალიაში ჩასვლის შემდეგ რიპლი გაიცნობს ჰერბერტ გრინლიფის შვილს დიკი გრინლიფს (ჯუდ ლოუ). თუმცა დაკისრებულ დავალებას ტომ რიპლი ვერ გაუმკლავდება. ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა შეადგინა 128 მლნ. აშშ დოლარი. კინოფილმი „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.
1997 წელს მეტ დეიმონმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მინი დრაივერთან.[13] შემდეგ ერთმანეთს გაცილდნენ. დრაივერთან დაცილების შესახებ დეიმონმა ოპრა უინფრის შოუში, ღია ეთერში განაცხადა. შემდგომ ერთ-ერთ წვეულებაზე დეიმონმა გაიცნო უინონა რაიდერი, რომელთანაც გარკვეული დროით რომანი ჰქონდა. 2001 წლიდან ხვდებოდა ოდესა უიტმორს, რომელიც იმ დროს ასისტენტად მუშაობდა ბილი ბობ თორნტონთან და ბენ აფლეკთან.[9] დეიმონი და უიტმორი ერთმანეთს გაშორდნენ 2003 წელს.
2003 წელს დეიმონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლუჩიანა ბაროზო.[14]2005 წლის 9 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა.[14] 2006 წლის 11 ივნისს ქალაქ მაიამიში წყვილს შეეძინა პირველი შვილი, ხოლო 2008 წლის 20 აგვისტოს შეეძინათ მეორე შვილი. 2010 წელს შეეძინათ მესამე შვილი.
↑Siegler, Elijah (November 2, 1990). „Ex Show Safe but Satisfying“. The Harvard Crimson. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2007. ციტირების თარიღი: April 5, 2009.