მარტი (ლათ. Martius) — გრიგორიანული კალენდრის მესამე თვე. მარტში 31 დღეა.
სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.
მარტი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიაობის ერთ-ერთი დღე მარტზე მოდის.
მარტის ზოდიაქოს ნიშნებია თევზები და ვერძი. მარტი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ნოემბერი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც თებერვალი — ნაკიან წელში.
მირკანი
კორნელი კეკელიძე მირკანს 2 თებერვალი — 3 მარტით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „მიჰრაკანი“ ან, უფრო ძველი ფორმა მისი, რომელიც დამოწმებულია ერთ ძეგლში, „მეჰრაკანი“, მომდინარეობს ავესტური Mithra-საგან (მეშვიდე თვე) და უდრის სომხურ „მეჰეკან“-ს და მის ორეულს, კაპადოკიურ „მითრაკანა“-ს.
|
„და აღესრულა წამებაჲ მათი თთუესა მეჰრაკნისასა ოცდახუთსა [3].“
|
|
|
|
„რომელსა დრესა სამი იყო ადარ თთჳსაჲ, წელსა მეექუსესა შარავანდედობასა დარეჰისასა, მიჰრაკანსა თთუესა ოცდასამსა [4].“
|
|
|
|
„სუფევასა დიოკლიტიანჱსსა და მაქსიმიანჱსსა მეფეთასა უწინარჱს ცხრისა დღისა იგრისა, რომელ არს მეცხრამეტესა მიჰრაკნისასა, მთავრობასა ნუმერიანოზისსა და მაქსიმოსსა კილიკიას [5].“
|
|
|
მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები
- ძვ. წ. 44 : რომში შეთქმულების შედეგად მოკლეს გაიუს იულიუს კეისარი.
- 624 : მაჰმადის გადამწყვეტი გამარჯვება მექის მოწინააღმდეგეებთან ბადრის ბრძოლაში.
- 1226 : ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს.
- 1226 : ჯალალედინმა აიღო თბილისი.
- 1603 : ინგლისის დედოფალი ელისაბედ I გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა ჯეიმზ I.
- 1618 : იოჰანეს კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტთა მოძრაობის მესამე კანონი. მოგვიანებით უარყოფს აღმოჩენას გამოთვლებში შეცდომის გაპარვის მიზეზით, თუმცა 15 მაისს ისევ ადასტურებს აღმოჩენას.
- 1781 : უილიამ ჰერშელმა პლანეტა ურანი აღმოაჩინა.
- 1796 : ნაპოლეონ ბონაპარტი ირთავს პირველ ცოლს, ჟოზეფინა ბოარნეს.
- 1853 : ჯუზეპე ვერდის ტრავიატას პრემიერა გაიმართა ვენეციაში.
- 1855 : ტახტზე ავიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II.
- 1861 : ალექსანდრე II-ის განკარგულებით რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ბატონყმობა.
- 1888 : სან-სტეფანოს ზავი - რუსეთმა შემოიერთა ოსმალეთის იმპერიის ქართული პროვინციები.
- 1889 : ეიფელის კოშკის ინაუგურაცია პარიზში.
- 1895 : ძმებმა ლუმიერებმა მოახდინეს პირველი ფილმის პრეზენტაცია.
- 1918 : გერმანია, ავსტრია და რუსეთი ხელს აწერენ ბრესტ-ლიტოვსკის ზავს, რომლის მიხედვით რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გამოდის და ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ხდებიან.
- 1933 : გამოცხადდა მესამე რაიხის შექმნა.
- 1946 : ხო ში მინი არჩეულ იქნა ვიეტნამის პრეზიდენტად.
- 1950 : სსრკ აცხადებს, რომ ატომური ბომბი შექმნა.
- 1965 : რუსი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი პირველი გავიდა ღია კოსმოსში.
- 1973 : ვიეტნამის ომი - უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხრეთი ვიეტნამი დატოვეს.
- 1982 : სიზიგი - მზის სისტემის 9 პლანეტა ერთ ხაზზე ეწყობა მზის გასწვრივ.
- 1983 : რონალდ რეიგანი სსრკ-ს ბოროტების იმპერიას უწოდებს.
- 1992 : აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, და ყირგიზეთი გაეროს წევრები გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით.
- 2004 : მადრიდის მეტროში განხორციელდა ტერორისტული აქტი.
სქოლიო
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
- ↑ „თუესა ივნისსა „ა“ წამებაჲ წმიდისა ქრისტეფორჱსი და მოყუასთა მისთაჲ“, ათონ. №57, 323
- ↑ ეზრა 6, 14-15, ხელნაწ. A 570, გვ. 131
- ↑ ათონ. A 57, გვ. 364