დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1914 წელს კი - მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში“. 1916 წელს იყო „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, 1919—1924 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“. წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული „დაისები“ 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. 1920-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო „მიწასთან დაბრუნების“ ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები“ (1926), „ლექსები“ (1937), „რჩეული“ (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.