ერედვი მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1010 მ-ზე, ქალაქ ცხინვალის აღმოსავლეთით, 5 კმ-ში.
ისტორია
ერედვი წერილობით წყაროებში ცნობილია XIV საუკუნიდან. ის იხსენიება XIV-XVIII საუკუნეების ისტორიულ საბუთებში, ვახუშტი ბაგრატიონის, იოანე ბაგრატიონის და იოჰან გიულდენშტედტის თხზულებებში. ვახუშტის მიხედვით: „ქრცხილოვანის აღმოსავლით, პატარა ლიახვისკენ, არს ერედვის ციხე და ეკლესია მას შინა წმიდის გიორგისა სასწაულიანი“.
XIV-XVIII საუკუნეებში ერედვი მცხეთის საკათოლიკოსო მამულების სიაშია. აქ მამულები ჰქონდათ თავად ფავლენიშვილებსაც. ქართლის აჯანყების (1742-1745) დროს ერედვის ციხიდან ებრძოდა თეიმურაზ IIგივი ამილახვარს. 1801-1922 წლებში შედიოდა გორის მაზრაში. 1918 წლის მარტში სოფელში მოხდა შეტაკება ბოლშევიკების მეთაურობით ამბოხებულ ოსებთან.
1922 წელს, სოფლის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ერედვი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს შეუერთეს.[1] 1989 წლისთვის ის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში შედიოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ სოფელი შედიოდა გორის რაიონში, 2006 წლიდან კი ერედვის მუნიციპალიტეტი ცალკე გამოიყო დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახით.
1990-იანი წლების ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა ერედვი მნიშვნელოვნად დააზარალა. 1991-1992 წლებში და, მოგვიანებით, 2004 წლის ივლის-აგვისტოში სოფელსა და მის შემოგარენში მოხდა არაერთი შეიარაღებული ინციდენტი, რასაც თან სდევდა მსხვერპლი და ნგრევა. 1990-იან წლებში სოფლის მოსახლეობის ოსური ნაწილი იძულებული გახდა ერედვი დაეტოვებინა. მომდევნო წლებში ერედვი წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მთავარ დასაყრდენს პატარა ლიახვის ხეობაში. სოფელში (ნიქოზთან და აჩაბეთთან ერთად) განთავსებული იყო ქართული სამშვიდობო ბატალიონის ერთ-ერთი პოსტი.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში, 2008 წლის 1 აგვისტოდან ერედვი კვლავ გახდა ცხინვალიდან თავდასხმების სამიზნე. 8 აგვისტოდან რუსეთის ჯარებმა სოფელზე ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანეს, 11 აგვისტოს კი მოახდინეს მისი ოკუპაცია. ერედვი მთლიანად დატოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ომის აქტიური ფაზის მომდევნო პერიოდში, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ერედვი მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს ოსმა სეპარატისტებმა, ნასოფლარს კი ოსური სახელი ერედი (ოს.Еред) უწოდეს.
კულტურული მემკვიდრეობა
ერედვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლის ცენტრში დგას ბურჯებით გამაგრებული კოშკებიანი ციხე, რომლის გალავნის შიგნით ორი ეკლესიაა: წმინდა გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა (წარწერით დათარიღებული 906 წლით) და ახლოსვე პატარა დარბაზული ეკლესია. ერედვსა და ბერულას შორის, გორაკზე, დგას ძლიერ დაზიანებული სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ცნობილია „ბერის საყდრის“ სახელით. თარიღდება X ს-ით. სოფლის განაპირას, „ბერის საყრის“ მახლობლად დგას წმინდა ელიას დარბაზული ეკლესია. თარიღდება XIV ს-ით.