1898—1913 წლებში დიურკემი ხელმძღვანელობდა „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას — მსოფლიოში პირველ სოციოლოგიაზე სპეციალიზებულ ჟურნალს. ამ ჟურნალის თანამშრომლებმა შექმნეს „ფრანგული სოციოლოგიური სკოლის“ სამეცნიერო საზოგადოება, რომლის ცენტრალური პრობლემატიკა იყო მეცნიერული საკითხი სოციალურ სოლიდარობაზე.
ბიოგრაფია
დაიბადა ეპინალში ებრაულ ოჯახში. მამა არც თუ ისე მდიდარი რაბინი იყო. ბავშვობაში დიურკემიც რაბინობას სწავლობდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ამ გზით წასვლაზე. 1876 წელს მესამე ცდით ჩაირიცხა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სამი წლის განმავლობაში პროვინციულ ლიცეუმებში ფილოსოფიას ასწავლიდა. 1885 წელს იმოგზაურა გერმანიაში, რათა უკეთ გასცნობოდა ფილოსოფიას, სოციალურ მეცნიერებებს და ეთიკას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სოციალურ მეცნიერებებზე და პედაგოგიკაზე ლექციების კურსის კითხვა. 1887 წელს ის ჟიული დრეიფუსზე, ჩამოსასხმელი საწარმოს მმართველის ქალიშვილზე დაქორწინდა. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „საზოგადოებრიცი შრომის დაყოფაზე“, 1896 წელს კი „სოციალური მეცნიერების“ კათედრას ჩაუდგა სათავეში. ეს მსოფლიოში სოციოლოგიის პირველი კათედრა იყო. ბორდოს უნივერსიტეტში მუშაობისას, დიურკემმა გამოაქვეყნა მისი ორი ყველაზე ცნობილი ნაშრომი — „სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895) და „თვითმკვლელობა“ (1897).
1898—1913 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიოში პირველი სოციოლოგიური ჟურნალის „სოციოლოგიური წელიწდეულის“ გამოცემას. 1902 წელს პროფესორის წოდების მიღების შემდეგ, დიურკემი გადავიდა სორბონაში, სადაც სათავეში ჩაუდგა „აღზრდის მეცნიერების“ კათედრას (1913 წლიდან კათედრას სახელი გადაერქვა „მეცნიერული აღზრდისა და სოციოლოგიის“ სახელად). ორატორული ნიჭის წყალობით, დიურკემი როგორც მასწავლებელი დამსახურებული წარმატებით სარგებლობდა. ამ პერიოდშივე გამოვიდა მისი ბოლო დიდი ნაშრომი — „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912).
დიურკემმა სოციოლოგიის საგნის ზუსტი კონცეფცია შეიმუშავა — ის ითვლება სოციოლოგიური მეთოდის თეორიის კლასიკოსად (მიდგომა — „სოციალური რეალიზმი“).
სოციოლოგიის პრინციპები:
საზოგადოება — ობიექტური რეალობის ნაწილი, ბუნების ზოგად წყობაში შემავალი და საკუთარი სპეციფიკური კანონების მქონე;
საზოგადოება პირველადია მის შემადგენელ ადამიანებთან მიმართებაში;
სოციოლოგიის მიერ შესწავლადი სოციალური ფაქტები ობიეტურები და დამოუკიდებლები არიან ადამიანური ნებისგან.
დიურკემის აზრით სოციოლოგია უნდა შეისწავლიდეს სოციალურ სინამდვილეს, რომელიც სპეციფიკურ ნიშნებს ფლობს და აქედან გამომდინარე უნდა ჰქონდეს თავისი სპეციფიკური მეთოდები.
სოციოლოგია
სოციოლოგიის საგანი არის სოციალური ფაქტები, რომლებიც არსებობენ ინდივიდის გარეთ და მასთან მიმართებაში ფლობენ ნორმატიულ-იძულებით ძალას.
სოციოლოგიის ამოცანებია — გაიგოს, რა აიძულებს ადამიანებს ერთად ცხოვრებას, რატომ არის რომ მათთვის სტაბილური სოციალური მოწყობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ღირებულებას და რა კანონები მართავენ პიროვნებათაშორის ურთიერთობებს; შესთავაზოს მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები თანამედროვე ცხოვრების მოწყობისთან დაკავშირებით.
სოციოლოგიური შემეცნების მეთოდოლოგია (კვლევები) — ეფუძნება ინტელექტუალური, მეცნიერული სიმართლის, მეცნიერული კვლევის ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური, მეტაფიზიკური და სხვა ცრურწმენისგან განთავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უშლიან ჭეშმარიტების მიღწევას და პრაქტიკაში მრავალი უბედურების მომტანნი არიან.
სოციოლოგია — მკაცრი ობიექტური მეცნიერებაა, რომელიც თავისუფალია ყველა სახის იდეოლოგიური ცრურწმენებისგან და სპეკულაციებისგან.
ძირითადი ნაწარმოებები
„სოციოლოგიის ელემენტები“ (1889)
„საზოგადოებრივი შრომის დანაწილების შესახებ“ (1893)
„სოციოლოგიური მეთოდის წესები“ (1895)
„თვითმკვლელობა“ (1897)
„რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912)
„სოციოლოგია და ფილოსოფია“ (გამოქვეყნებულია სიკვდილის შემდეგ 1924)