დარბაზი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დარბაზის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]
მდებარეობს მდინარე გეტისწყლის (მდინარე მაშავერის შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1604 კაცი.
ისტორია
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, გორაკზე, ძველი დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. ნაგებია დაუმუშავებელი ქვებით, ხოლო პროფილირებული ლავგარდანები დამუშავებული ქვისა ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი თითო სარკმელია. საკურთხევლის თაღი ისრულია, შერჩენილია კანკელის ძირი. შიგნითა ეკლესია შელესილი და მოხატული იყო. ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებს ეკუთვნის, ამავე პერიოდის უნდა იყოს ეკლესიის ირგვლივ არსებული სასაფლაოც.
დარბაზი იხსენიება ლუარსაბ I-ის განჩინებაში 1537–1538 წლებში იოთამ და ორბელ ბარათაშვილთა გაყრის საქმესთან დაკავშირებით. საბუთის მიხედვით, იოთამს რგებია „დარბასქალას თავდარბაზი“, დარბასქალის ნახევარი და საუხუცესო. ბარათაშვილებს შორის ამ მამულებზე დავა XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. XVII საუკუნის II ნახევრის საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში, დარბაზელ გლეხებს გამოსაღებად შეწერილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის სამეურნეო და ფულადი გადასახადი. სოფლის სახელწოდება „დარბაზი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Дарбазъ“ სახით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 1604 ადამიანი. მოსახლეობის უმრავლესობა (99,7%) აზერბაიჯანელია.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
3743 |
1893 |
1850
|
2014[1] |
1604 |
860 |
744
|
ლიტერატურა
სქოლიო