მათი სხეულის სიგრძეა 29–69 (უფრო ხშირად 35–40) სმ, მასა 200-დან (მკრთალი ბუ, S. butleri) 660–1900 გრამამდე (წვეროსანი ბუ, S. nebulosa); დედალი მამალზე დიდია. თავი და სახის დისკი დიდია, „ყურები“ არ აქვთ; მცირე გამონაკლისების გარდა თვალის ფერადი გარსი მუქია, ნისკარტი ღია, თითები შებუმბლული. ფრთები ფართო, მობლაგვებული, მისი ბოლოები კუდზე უფრო გამოწეული არ არის. ბუმბული ჭრელი და მფარველობითია, ჭარბობს მუქი-მურა, რუხი, ყავისფერი და წითური ფერები.
მონოგამი ფრინველებია, თუმცა პოლიგამიის შემთხვევებიც ცნობილია. ბუდობისთვის იყენებენ ფუღუროებს 30 მეტრამდე სიმაღლეზე, კლდეთა ნაპრალებსა და სხვადასხვა ნიშებს, ციყვების, ყორნისებრ და ქორისებრ ფრინველთა ძველ ნაგებობებს, ზოგჯერ ამონათხრებს მიწაზე ან ხელოვნურ საბუდრებს. დებენ 1–9 (უფრო ხშირად 3–5, ზოგი სახეობა 1–2) კვერხს, კრუხობს დედალი 28–36 დღის განმავლობაში (მამალი ამ დროს მას კვებავს). ბარტყები ბუდეში 25–40 დღე რჩებიან, 32–46 დღის ასაკში ფრენის უნარს იძენენ, დამოუკიდებლად ცხოვრებას 2–4 თვის შემდეგ იწყებენ.