2010 წლის 22 დეკემბერს კინოს სახლში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერთა მიზანი იყო ხელისუფლება შეეცვალათ პოლიტიკური პარტიების დახმარების გარეშე. მოძრაობის დამფუძნებლები იყვნენ: დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, მხატვარი შოთა გლურჯიძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და ა.შ. [5]
2011 წლის 29 ოქტომბერს კინოს სახლში „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –„წინააღმდეგობის მოძრაობა“ დაფუძნდა. ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანების „წინააღმდეგობის მოძრაობა“ თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე აირჩია.[6]
ისტორია
2012 წლის 19 დეკემბერს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა „პატრიოტთა ალიანსი“. 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.[7]
პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით. პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4,72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები.
2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა.
2018 წელს პარტიამ არ წარადგინა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.