თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნოდარ ცინცაძე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს ილია ახიეზერის ჯგუფში. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია, საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო - „Сильноточные электронные пучки“.
დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე 1958 წელს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. მისი პირველი მოწაფეები იყვნენ: ავთანდილ პატარაია და ჯუმბერ ლომინაძე.
სამეცნიერო მოღვაწეობა
ნოდარ ცინცაძე 1958–1960 წლებში ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1960–2006 წლებში ის იყო პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме“.
მეცნიერი წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. იგი ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის: კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში. ნოდარ ცინცაძე 1974-2002 წლებში მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, კერძოდ გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. მეცნიერი არის ხიროსიმის (იაპონია) სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი.
ნოდარ ცინცაძე 1987-1993 იყო აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) დირექტორი (ტრიესტი). სწორედ იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად.
აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა უმეტესობა ფართოდ არის ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, მათ შორის საინტერესოა ორი მონოგრაფია: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) [2] და „10th European School on Plasma Physics“ (1990)[3]
პლაზმის ფიზიკა პაკისტანში
თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ცინცაძემ შვიდი მეცნიერი აღზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. სწორედ იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო, მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდემდებლად, სწორედ ქართველი მეცნიერი ნოდარ ცინცაძე მოგვევლინა.
2004-2011 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკისტანი), სადაც მისი ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი აღიზარდა.
ინოვატორი მეცნიერი
დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძე იყო პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც სწორედ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას. ნოდარ ცინცაძეს აგრეთვე ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც. მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება დღეს საქართველოშიც და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. 1970 წელს პროფესორ ნოდარ ცინცაძის მიერ შეიქმნა „ელექტრონების მასის რელატივისტური ოსცილაციით (რხევით) გამოწვეული პარამეტრული მოვლენების თეორია“. ეს შრომა მოხსენიებული იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე [4].
აღიარება
2015 წელს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აგრეთვე ქართული მეცნიერების საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოჩენისათვის, აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, ნოდარ ცინცაძეს გადაეცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი [5].
სამეცნიერო ინტერესის სფეროები
მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია;
პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია;
ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე;
კვანტური ფერმი;
ბოზეს გაზის თვისებების დადგენა.
გარდაცვალება
ნოდარ ცინცაძე გარდაიცვალა თბილისში, 2020 წლის 22 ივნისს, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2015 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოში პლაზმის ფიზიკის სამეცნიერო სკოლის დაარსების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის