დედოფალი მარია ხშირად ასრულებდა შარლის მოვალეობას როცა იგი ომში იყო წასული, მას არაერთხელ უხელმძღვანილია საფრანგეთის სამეფო საბჭოს შეკრებისათვის. მარიამ რამდენიმეჯერ რეგენტის ტიტულიც მიიღო, რის დროსაც მან რამდენიმე ფრანგ ლეიტენანტს თავადობა უბოძა. გარდა ამისა მისი ბრძანებით ააგეს წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარიც.
მიუხედავად იმისა, რომ მარიამ შარლს 14 შვილი გაუჩინა მას მაინც გაურბოდა თვალი სხვა ქალებისაკენ. 1442 წელს კი მეფე შარლს წარუდგინეს 20 წლის აგნეს სორელი, რომელმაც მეფე თავისი სილამაზით დაატყვევა და დიდი გავლენა მოიპოვა მასზე. სორელმა მეფეს სამი გოგონა გაუჩინა. სწორედ ის გახდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ქალი რომელმაც "სამეფო საყვარლის" წოდება მიიღო. აგნესმა ასევე მიიღო ბრილიანტების ტარების უფლება, რისი უფლებაც ფრანგული ტრადიციის მიხედვით მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მეფე მთლიანად მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომაც 1450 წელს მეოთხე ბავშვზე ორსული აგნესი მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იგი დიზერტერიით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია უკონკურენტოდ დარჩა.
1455 წელს რობერტ ბლონდელმა დედოფალ მარიაზე დაწერა ტრაქტატი "Douze trouble de l'enfer", ანუ "თორმეტი უბედურება ჯოჯოხეთიდან".
დედა დედოფალი
1461 წელს შარლ VII გარდაიცვალა. ტახტზე ადის მარიას უფროსი ვაჟი ლუი XI ვალუა, აქედან გამომდინარე მარიას დედა დედოფლის ტიტული ენიჭება. ლუიმ დედას გასახარებლად ამბუაზის სასახლე აჩუქა და ყოველთვიური, უდიდესი პენსიაც დაუნიშნა.
1462 წლის ზამთარში მარიამ მოილოცა ფრანგული ტაძრები. შემდგომ წლებში იგი აპირებდა ესპანეთში წასვლას და იქაური ტაძრების მოლოცვას, თუმცა იმდენად საშინელი გზები იყო, რომ უკვე ხანში შესულმა მარიამ მგზავრობას ვერ გაუძლო და 1463 წლის 29 ნოემბერს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, თავისი მეუღლის გვერდით.