ბერთა ჰოლანდიელი
ბერთა ჰოლანდიელი (ნიდერლ. Bertha van Holland, ფრანგ. Berthe de Hollende; დ. 1055 — გ. 1094) — გერულფინგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლანდიის საგრაფოს გრაფ ფლორენ I-ისა და გერტრუდა საქსონიელის ასული. 1072 წელს მისი მამინაცვლის, ფრიზიისა და ფლანდრიის გრაფ რობერის სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამყარებლად იგი ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ფილიპ I-ს. ცხრაწლიანი უშვილობის შემდეგ სამეფო წყვილს ჯერ გოგონა, შემდეგ კი საფრანგეთის მეფე ლუი VI შეეძინათ. 1090 წლიდან მეფე-დედოფალს შორის დიდი უთანხმოება წარმოიშვა, რაც 1092 წელს მათი განქორწინებით დასრულდა. ფილიპმა ბერთა ჩრდილოეთ საფრანგეთში გამოკეტა, თავად კი ბერტრადა დე მონტფორტზე იქორწინა. ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ბერთა ჰოლანდიელი გარდაიცვალა. ბიოგრაფიაადრეული ცხოვრებაბერთა დაიბადა 1055 წელს. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, იგი იყო ფრიზიის დასავლეთით მდებარე ჰოლანდიის საგრაფოს გრაფ ფლორენ I-ისა და მისი ცოლის, გერტრუდა საქსონიელის შუათანა ქალიშვილი, რომელსაც ექვსი ძმა და რამდენიმე და ჰყავდა. ბერთას ბავშვობის შესახებ ბევრი რამ ბუნდოვანია, თუმცა ცნობილია, რომ იგი სამხრეთ ჰოლანდიაში იზრდებოდა თავის დიდ ოჯახთან ერთად. 1061 წელს ფლორენ I მოკლეს, ორ წელიწადში კი დედამისი გერტრუდა ცოლად გაჰყვა ფლანდრიისა და ფრიზიის გრაფ რობერ I-ს. ცნობილია, რომ რობერი საკმაოდ კარგად ექცეოდა გერტრუდას შვილებს და მათზე მეურვეობაც აიღო. 1070 წელს ფლანდრიის სუვერენიტეტის მოსაპოვებლად რობერი საფრანგეთის სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება, რომელიც საბოლოოდ 1072 წელს რობერსა და მეფე ფილიპ I-ს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით დაგვირგვინდა, რომლის გასამყარებლადაც რობერმა ფილიპს ცოლად თავისი გერი, ბერთა შერთო. 1072 წელს ფილიპზე ქორწინებით ბერთა ჰოლანდიელი საფრანგეთის დედოფალი ხდება. დედოფლობაამ დროისათვის, ბერთა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი წარმომავლობის მქონე დედოფალი გახდა, ვინაიდან ყველა მისი წინამორბედი დედოფალი მეფის ან იმპერატორის ასული იყო, ის კი უბრალო გრაფის, თუმცა ფრანგებმა ეს იმიტომ დაუშვეს, რომ სხვა პრინცესა ვერ იპოვნეს ფილიპისთვის. ბერთას წინაპრებში არცერთი მეფე არ ჰყავდა, რაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებში ასე თუ ისე უკმაყოფილებას იწვევდა. თუმცა ამ დროს ფრანგებს კუდაბზიკობის დრო არ ჰქონდათ, რადგან ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო, რასაც საგარეო შემოჭრებიც ერთვოდა. საფრანგეთის მეფის სამეფო დომენი ძალიან პატარა მიწებს წარმოადგენდა, რომელიც მხოლოდ პარიზიდან ორლეანამდე არსებულ ტერიტორიებს მოიცავდა, დანარჩენ ქვეყანას კი ადგილობრივი დიდგვაროვნები მართავდნენ. ამიტომაც, საფრანგეთის დედოფლობა იმ დროს მხოლოდ იმ მცირე მიწების დედოფლობას ნიშნავდა და არა სრულიად საფრანგეთისას, რადგან ქვეყნის სხვა რეგიონებში მეფეს ძალაუფლება თითქმის არ ჰქონდა. ბერთას ოცწლიანი დედოფლობიდან ძალიან ცოტა ცნობაა შემორჩენილი, თუმცა ცნობილია, რომ მან თავისი ძალაუფლება გამოიყენა, როდესაც სენ-მერარდის აბატი ჟერარი თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილას პონტიუსი დანიშნა. იგი ასევე ჩართული იქნა სუასონის გრაფთან არსებულ კონფლიქტშიც რომელიც საბოლოოდ ძალიან გამწვავდა, თუმცა ამის შესახებაც ძალიან მწირად მეტყველებენ ჰაგიოგრაფიული წყაროები, რომლებიც ხშირად ბერთას მის შემდგომ დედოფალ ბერტრადაშიც კი ურევენ და რთულია იმის გარჩევა, თუ რომელზეა რეალურად საუბარი. უშვილობაქორწინების პირველი ექვსი წლის მანძილზე მეფე ფილიპი და დედოფალი ბერთა უშვილობას განიცდიდნენ. მათ მამრობითი სქესის მემკვიდრე კი არა, გოგონაც კი არ უჩნდებოდათ, რაც ზოგადად ძალიან უჩვეულო იყო კაპეტის დინასტიის წარმომადგენელთათვის, რომლებიც ყოველთვის მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ, დედოფალი დაფეხმძიმდა და 1078 წელს მან გოგონა გააჩინა, სახელად კონსტანსია. ცხადია, ქალიშვილის გაჩენამ უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ იმედიც გააჩინა, რომ ბერთა ვაჟის გაჩენასაც შესძლებდა. 1081 წელს მან ვაჟი, სახელად ლუი გააჩინა, რასაც 1083 წელს ანრის დაბადება მოჰყვა. ანრი ჯერ კიდევ ჩვილობაში დაიღუპა, თუმცა ვინაიდან მათ ორი შვილი უკვე ჰყავდათ და კაპეტინგების დინასტიის გაგრძელებას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ფილიპს ამაზე დიდად არც უდარდია. იმ ფაქტს, რომ დედოფალმა შვილების გაჩენა შესძლო, ყველა ღვთიურ სასწაულად თვლიდა და თვეების მანძილზე სამეფო კარზე ვაჟის დაბადების იმედით წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. უარყოფასამი შვილის დაბადების შემდეგ, მათმა ქორწინებამ გახლეჩვა დაიწყო. მაშინდელი ისტორიკოსები ამის მრავალ მიზეზს გვთავაზობენ. ინგლისელი მემატიანე გვამცნობს, რომ ფილიპი ბერთას ორსულობის დროს წონის მკვეთრი მომატების გამო იწუნებდა, თუმცა ამ დროს თავად მეფეც საკმაოდ მსუქანი იყო და ცხენზეც კი ვეღარ ჯდებოდა. 1092 წელს ფილიპი ოფიციალურად გასცილდა ბერთას და ცოლად ანჟუს გრაფ ფულკ IV-ის ქვრივი ბერტრადა დე მონტფორტი შეირთო, ბერთა ჰოლანდიელი კი ჩრდილო საფრანგეთში მდებარე ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში, 1094 წლის 15 ოქტომბერს ბერთა გარდაიცვალა, ფილიპი კი 1108 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მათი ვაჟი ლუი VI ავიდა, რომელსაც ხალხმა მეტსახელად "სქელი" შეარქვა, მისი ჭარბწონიანობის გამო. შვილები
ლიტერატურა
Information related to ბერთა ჰოლანდიელი |