ლევან სიმონის ძე ცუცქირიძე (დ. 12 იანვარი, 1926, ხაშური, — გ. 17 ნოემბერი, 2021[1]) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974).
1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის (1970, 1980) გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის („შუშანიკის წამება“), ვაჟა-ფშაველას („სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“ და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის („ხევისბერი გოჩა“), გრიგოლ ორბელიანის („სადღეგრძელო“) თხზულებებისათვის.
მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს „შოთა რუსთაველი“ და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. აღსანიშნავია ცუცქირიძის მიერ 1960-იანი წლების დამლევს შესრულებული ესკიზები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პანოსთვის (ეს პროექტი ვერ განხორციელდა).
ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი“ 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“ (ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ).
გარდა ზემოთქმულისა, აღსანიშნავია, რომ ცუცქირიძე არის შესანიშნავი პორტრეტისტი, ამ ჟანრში შესრულებული რამდენიმე ათეული საყურადღებო ნამუშევრის ავტორი.
საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის მიღებული აქვს ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი (1974). 1990 წელს მოსკოვში გამოიცა მ. კარბელაშვილის მონოგრაფია ლევან ცუცქირიძის შემოქმედებაზე.