კარენ კესკულა ულენბეკი (დ. 24 აგვისტო, 1942) ― ამერიკელი მათემატიკოსი და თანამედროვე გეომეტრიული ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. არის ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტის მათემატიკის ემერიტუსი პროფესორი, სადაც სიდ ვ. რიჩარდსონის ფონდის რეგენტის თანამდებობა უკავია. ამჟამად არის მოწინავე სწავლების ინსტიტუტის დამსახურებული მოწვეული პროფესორი და პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული უფროსი მკვლევარი.
2007 წელს ულენბეკი ამირკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად აირჩიეს. 2019 წელს „ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა, საზომი თეორიისა და ინტეგრირებადი სისტემების დარგში პიონერული მიღწევებისა და მისი ნაშრომების ფუნდამენტური გავლენისთვის ანალიზზე, გეომეტრიასა და მათემატიკურ ფიზიკაზე“ აბელის პრემიით დაჯილდოვდა. იგი პირველი ქალი იყო და დღემდე (2021 წლისთვის) ერთადერთი ქალია, რომელსაც ეს პრემია გადაეცა. პრემიის ნახევარი ულენბეკმა იმ ორგანიზაციებს გადასცა, რომლებიც მათემატიკურ კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას უწყობს ხელს.
ცხოვრება და კარიერა
ულენბეკი კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, ინჟინერ არნოლდ კესკულასა და სკოლის მასწავლებლისა და ხელოვანის, კაროლინ უინდელერ კესკულას ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკშივე ოჯახი ნიუ-ჯერსის შტატში გადასახლდა.[18] ულენბეკის ქალიშვილობის გვარი, კესკულა, მომდინარეობს სიტყვიდან Keskküla, ესტონელი ბაბუის გვარიდან.[19] ულენბეკმა 1964 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[20][21] შემდეგ კვლევები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა კურანტს ინსტიტუში დაიწყო და 1965 წელს ბიოფიზიკოსსა და ბიოქიმიკოს ოლკე ს. ულენბეკზე (ფიზიკოს ჯორჯ ულენბეკის შვილი) დაქორწინდა. ჰარვარდში გადასვლის შემდეგ ქმართან ერთად წავიდა და სწავლა ბრანდეისის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1966 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1968 წელს ― დოქტორის ხარისხი რიჩარდ პალაისის ხელმძღვანელობით.[20][21] სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ვარიაციებისა და გლობალური ანალიზის კალკულუსი“.[22]
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში დროებითი სამუშაოებისა და მის ქმართან ერთად მუდმივი სამუშაოს შოვნასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, რადგანაც „ანტინეპოტისტური“ წესების თანახმად, მეუღლეებს უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობის უფლებაც არ ჰქონდათ, ულენბეკმა 1971 წელს ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.[23] ულენბეკს უნივერსიტეტი არ მოეწონა და ჩიკაგოს ილიონისის მუზეუმში გადავიდა 1976 წელს. იმავე წელს პირველი ქმრისგან, ოლკე ულენბეკისგან განქორწინდა..[19]1983 წელს კვლავ ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაბრუნდა.[19] მეორედ მათემატიკოს რობერტ ფ. უილიამსზე იქორწინა[19] და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც სიდ. ვ. რიჩარდსონის ფონდის რეგენტის თანამდებობა ეკავა.[20][24][21] ულენბეკი ამჟამად (2021 წლისთვის) ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი,[25] მოწინავე სწავლების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი და პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული უფროსი მკვლევარია.[26]
ულენბეკი გეომეტრიული ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელია, დისციპლინის, რომელიცს დიფერენციალურ გეომეტრიას დიფერენციალურ განტოლებათა პრობლემების გადასაწყვეტად იყენებს და პირიქით.[27]
ჯილდოები და წოდებები
2019 წლის მარტში ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელსაც აბელის პრემია გადაეცა. ჯილდოს მინიჭებისას კომისიის გადაწყვეტილებით, ულენბეკს პრემია გადაეცა „ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა, საზომი თეორიისა და ინტეგრირებადი სისტემების დარგში პიონერული მიღწევებისა და მისი ნაშრომების ფუნდამენტური გავლენისთვის ანალიზზე, გეომეტრიასა და მათემატიკურ ფიზიკაზე“. ჰანს მუნთ-კაასმა, რომელიც კომიტეტს თავმჯდომარეობდა, აღნიშნა, რომ „მისმა თეორიებმა მინიმალური ზედაპირების, განსაკუთრებით, ფართო განზომილებების ზოგადი მინიმალიზაციის პრობლემების გაგებაში რევოლუცია მოახდინა“. პრემიის ნახევარი ულენბეკმა ორ ორგანიზაციას შესწირა: EDGE Foundation-ს და ქალთა და მათემატიკის მოწინავე სწავლების ინსტიტუტის პროგრამას.[28]
2000 წელს ულენბეკს მეცნიერების ეროვნული მედალი მიენიჭა.[20][24][29][30] 2007 წელს, 1982 წელს გამოქვეყნებულ სტატიებზე „იანგ-მილზის სფეროში მოძრავი სინგულარობები“ და „Connections with bounds on curvature“, „მათემატიკის საზომი თეორიის ანალიტიკურ ასპექტებში შეტანილი ფუნდამენტური წვლილისთვის“ ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისგან ლეროი პ. სტილის პრემიით დაჯილდოვდა. 1983 წელს მაკ-ართურის წევრი გახდა,[20][24] ხოლო 1985 წელს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.[20][24]1986 წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.[20][24][21]2001 წელს გუგენჰეიმის წევრი გახდა,[31]2008 წელს ― ლონდონის მათემატიკური საზოგადოების,[20] ხოლო 2012 წელს ― ამერიკის მათემატიკური საზოგადოების წევრი.[32]
1988 წელს მათემატიკაში ქალთა ასოციაციაში ნეთერის ლექცია წაიკითხა.[33]1990 წელს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესის პლენარული სპიკერი იყო, ემი ნეთერის შემდეგ მეორე ქალი, რომელმაც ლექცია წაიკითხა.[20][24]
ულენბეკის სხვა ჯილდოებს შორის აღსანიშნავია მიჩიგანის უნივერსიტეტის წლის კურსდამთავრებულის წოდება (1984),[21] Sigma Xi-ის თანამეგობრობის ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში (1995)[21] და ილიონისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტის (2000),[20] ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (2001),[20][34]მიჩიგანის უნივერსიტეტის (2004),[20]ჰარვარდის უნივერსიტეტის (2007)[20] და პრინსტონის უნივერსიტეტის (2012)[35] საპატიო დოქტორის წოდებები.