გურჯაანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გურჯაანი).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ქალაქ გურჯაანიდან დაშორებულია 2 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.
ისტორია
„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.
სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.
სოფელი დაყოფილი იყო: კოტეხის, ნათლისმცემლის, კალოუბნის, ხევის, სახასოს და ზემო უბნებად. 1927 წელს გაერთიანდა თელავის და სიღნაღის მაზრები და შეიქმნა კახეთის ოლქი, რომლის მთავარი ცენტრი გახდა სოფელი გურჯაანი. 1934 წელს, კახეთის ოლქის დაშლის შემდეგ, სოფელ გურჯაანს გამოეყო ქალაქი გურჯაანი, რომელიც რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. სოფელ გურჯაანის ცენტრი იყო ხევისუბანი, სადაც ბაზრობები იმართებოდა ხოლმე და თავს იყრიდნენ ვაჭრები კახეთის ყველა კუთხიდან.
კულტურული მემკვიდრეობა
სოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII საუკუნის მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლეში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
5 213 |
2 393 |
2 820
|
2014[1] |
3 738 |
1 832 |
1 906
|
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო