დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სპეციალობით. მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროინდელმა გატაცებამ თავისი გაიტანა და თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1935 წელს დაამთავრა კონსერვატორია და რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიწვევით ჩაირიცხა თბილისის საოპერო სტუდიაში. 1936 წელს იგი უკვე საოპერო თეატრშია. თავისი არტისტული კარიერის მანძილზე იმღერა ბანის ორმოცდაათამდე წამყვანი პარტია — მეფე გიორგი (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), ენგიჩარი, აბიო (ზაქარია ფალიაშვილის „ლატავრა“, „აბესალომ და ეთერი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), მეფე ბორისი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), კოჩუბეი (ჩაიკოვსკის „მაზეპა“) დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა.