ბეიტსის მოტელის მესამე სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან. პრემიერა გაიმართა A&E-ზე 2015 წლის 9 მარტს. სეზონი გადიოდა ყოველ ორშაბათს საღამოს 9 საათზე (აღმოსავლეთის დროით) და დასრულდა 2015 წლის 11 მაისს. სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[1] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.
სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[2] საპრემიერო ეპიზოდს საერთო ჯამში 2,14 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.[3] ამ სეზონისთვის ვერა ფარმიგა და ფრედი ჰაიმორი კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოს ნომინაციაზე წარდგნენ, როგორც საუკეთესო მსახიობები.[4] მესამე სეზონი Nielsen-ის რჩეული პროგრამების სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა, DVR-ზე საშუალოდ 201.8% ნახვებით.[5] სეზონი Blue-ray-სა და DVD-ზე 2015 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა.[6]
2014 წლის ივლისში განაცხადეს, რომ ნიკოლა პელცი სერიალში ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად ბრუნდებოდა.[7]კენი ჯონსონი მეორე სეზონში კელებ კალჰუნის, ნორმას ძმის მეორეხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ, მესამე სეზონში მთავარ პერსონაჟთა სიას დაემატა.[8] 2014 წლის 17 ოქტომბერს რაიან ჰერსტი აირჩიეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, ჩიკ ჰოგანის როლის შესასრულებლად.[9] მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ტრეისი სპირიდაკოსი ანიკა ჯონსონის, მოტელის სტუმრის როლს შეასრულებდა.[10] 2014 წლის 22 ოქტომბერს კევინ რაჰმი პერსონაჟთა სიას შეუერთდა, როგორც ბობ პარისი, რომეროს ბავშვობის ერთ-ერთი მეგობარი.[11] 2014 წლის ნოემბერში ჯოშუა ლეონარდი ჯეიმზ ფინიგანის, საზოგადოებრივი კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის მეორეხარისხოვანი როლისთვის აირჩიეს.[12]
გადაღება
სერიალი გადაღებულია ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე.[13][14] მესამე სეზონის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2014 წლის 20 ოქტომბერს ვანკუვერში,[15] ხოლო დასრულდა 2015 წლის 1-ელ მარტს.[16] 2015 წლის ივნისში, ინტერვიუს დროს ფარმიგამ განაცხადა, რომ სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის ბოლო სცენის (ფრედი ჰაიმორთან და ნიკოლა პელცთან ერთად) გადაღებისას დაშავდა და სასწრაფო დახმარების ოთახში მოხვდა.[17]
ზაფხულმა ჩაიარა. ნორმანს სკოლის პირველ დღეს მის ბლერ უოტსონი ეჩვენება, რომელიც მან პირველ სეზონში მოკლა. ამის გამო ნორმა გადაწყვეტს მას სწავლა სახლში გააგრძელებინოს, რათა თვალ-ყური ადევნოს. დილანი ნორმას ეკამათება იმის გამო, რომ მას და ნორმანს ერთ საწოლში სძინავთ, რის შედეგადაც ნორმა ნორმანთან გარკვეულ საზღვრებს აწესებს. ამასობაში, ნორმა გაიგებს, რომ დედამისი გარდაიცვალა. თავდაპირველად, მომხდარს გულცივად უყურებს და ემოციებს არ ამჟღავნებს, მაგრამ საბოლოოდ გული ულბება. მისი ძმა, კელები ქალაქში ბრუნდება და დილანთან დაახლოებას ცდილობს. ამასობაში, ნორმანი დიდ ინტერესს ავლენს მოტელის ახალი სტუმრის, ანიკა ჯონსონის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ პაემანს ემას დაუნიშნავს, რომელიც სკოლიდან გამოდის და სწავლის სახლში გასაგრძელებლად ნორმანს უერთდება.
ანიკას გაუჩინარება ნორმას აშფოთებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნორმანმა მოატყუა და უთხრა, რომ გასულ ღამეს არ უნახავს, როცა ემა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნორმა და ემა ანიკას ოთახს დაათვალიერებენ, სადაც „არკანუმ კლუბის“, ჯენტლმენთა კლუბის მოსაწვევს იპოვის ქალაქის გარეუბანში. ნორმა კლუბის მიწაზე შეიპარება, სადაც მას შერიფი რომერო გამოიჭერს, რომელიც ანიკას მოძებნაში დახმარებას ჰპირდება. სახლში დაბრუნებისას ნორმა შემოვლითი გზის მშენებლობის ბანერს მანქანით გადაუვლის. ამასობაში, ნორმანი და ემა თავიანთ პირველ პაემანზე წავლენ და საუბრობენ სექსზე, როგორც ზრდასრულობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯზე. ჩიკ ჰოგანი, წვერმოშვებული ჰიპური სტილის მამაკაცი, რომელიც დილანის კაბინის გადაღმა მდებარე ტყეში ცხოვრობს, მასთან „მოსავალზე“ სასაუბროდ მიდის.
შერიფი ალექს რომერო ნორმას ქალის სხეულის ამოსაცნობად მორგში მისვლას სთხოვს. ნორმა შვებით ამოისუნთქავს, რადგან სხეული ანიკას არ ეკუთვნის, მაგრამ ღელავს, რადგან ის ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. რომერო ბობ პარისს შეხვდება, რომელიც „არკანუმ კლუბის“ ხელმძღვანელია. შეკითხვების დასმის შესაწყვეტად ის რომეროს შერიფის მომავალი არჩევნების შესახებ ახსენებს. მკვდარი ქალის ვინაობის დადგენის პროცესში, რომერო ხვდება მარკუს იანგს, რომელიც ამტკიცებს, რომ შერიფის პოზიციისთვის კენჭს იყრის და რომეროს თანამდებობას წაართმევს. ამასობაში, ნორმა გადაწყვეტს ბიზნესის მართვის კურსებს დაესწროს ადგილობრივ კოლეჯში, თუმცა შეცდომით ფსიქოლოგიის კლასს დაესწრება. პროფესორი ჯეიმზ ფინიგანი მას მომავალში დახმარებას სთავაზობს. ნორმანი იმედგაცრუებულია, რომ დედამისი არ ენდობა, რის გამოც ისევ გაითიშება და აბაზანაში ჩაყვინთავს იმ იმედით, რომ ანიკას გაუჩინარებამდე მომხდარი მოვლენები გაახსენდება. მას ნორმა გადაარჩენს, რის შემდეგაც ის მოტელის კეტავს. სწორედ ამ დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ანიკა მოდის. სიკვდილამდე ის ნორმას მეხსიერების ბარათს გადასცემს და ეუბნება, რომ ეს მისი და ნორმანის გადასარჩენად გამოიყენოს.
ნორმა ცდილობს გაიგოს, თუ რა არის მეხსიერების ბარათზე, მაგრამ ბარათი პაროლითაა დაცული. ის დახმარებას დილანს სთხოვს. ნორმანი ეჭვის თვალით უყურებს ანიკას სიკვდილს და დედამისისა და მისი ძმის შორის არსებულ საიდუმლოებას. ემა ნორმანს პიკნიკზე წაიყვანს, რა დროსაც ის ეუბნება, რომ ნორმამ მასთან სექსი აუკრძალა, რადგან შესაძლოა ემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამე დაუშავდეს. განრისხებული ემა ნორმანს ეუბნება, რომ მხოლოდ მან იცის მისთვის რა შეიძლება, რის შემდეგაც სახლში მიდის. ამასობაში, კელები კაბინის მშენებლობისას დაშავდება და დილანი ეხმარება, რა დროსაც მისი ოჯახის შესახებ უფრო მეტს იგებს. ნორმანი დილანს უკან მიყვება და გაიგებს, რომ კელები დილანთან რჩება, რის შემდეგაც ემუქრება, რომ ნორმას ყველაფერს ეტყვის. დილანი ნორმანს სთხოვს, რომ მათ შორის არსებული კარგი ურთიერთობა არ გაანადგუროს, მაგრამ ნორმანი არ უსმენს. ბობ პარისი მეხსიერების ბარათის მოსაძებნად მოტელის ოფისში მოსამსახურეს გზავნის, თუმცა მას დილანი დახვდება. ამის შემდეგ ის ნორმას ეუბნება, რომ ბარათს უკეთესად მის ფერმაში დამალავს.
ნორმა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვება უცნობი მამაკაცის გამო, რომელიც ეუბნება, რომ ბობ პარისს დაუკავშირდეს და მეხსიერების ბარათი გადასცეს. დილანი ნორმას საავადმყოფოში შეხვდება და დაჟინებით სთხოვს, რომ მეხსიერების ბარათი რომეროს მისცეს. ამასობაში, ნორმანს ბოლოდროინდელი მოვლენები აბნევს, ჰგონია, რომ ნორმას წასვლისას სხვა კაბა ეცვა და კელების შესახებ უკვე ნათქვამი აქვს, რაც ასე არ არის. ის ნორმას კარადიდან კაბას აიღებს. რომერო ბობს ხვდება, რომელიც აღიარებს, რომ მეხსიერების ბარათს ეძებს, თუმცა არ ამხელს მასზე არსებულ ინფორმაციას. განერი ბარათს გახსნის და აღმოაჩენს უკანონო ფინანსურ ანგარიშებს. დილანი ნორმას ამის შესახებ ეუბნება, რომელმაც შემდეგ ყველაფერი რომეროს მოუყვა. ისინი ბობ პარისთან შეთავაზებით მიდიან. პარისი მეხსიერების ბარათის სანაცვლოდ ნორმას თანხმდება, რომ აუზს აუშენებს და შემოვლითი გზის ახლოს მოტელის ბანერს დადგამს. დილანი და ნორმანი ცდილობენ თავიანთ დედას კელების შესახებ აუხსნან, რა დროსაც განრისხებული ნორმა ბარგს ალაგებს, მათ შორის - იარაღს და სახლიდან მიდის.
ნორმა პორტლენდში, ორეგონში გაემგზავრება, სადაც ახალ ტანსაცმელს იყიდის, ძველ მანქანას ახალში გადაცვლის და ჯეიმზის სახლში მიდის, სადაც მას ნორმანის გათიშვებისა და მამამისის მკვლელობის შესახებ უყვება. დილანს ნორმანის მღელვარებასთან გამკლავება უწევს, რომელიც მწყობრიდან გამოდის და ნორმას პიროვნებად გარდაისახება, რა დროსაც მის ხალათში გამოწყობილი დილანს საუზმეს უმზადებს და დედამისივით ლაპარაკობს. ამასობაში, შერიფ რომეროს დაჭრიან, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდება. მას მარკუს იანგი მოინახულებს, რომელიც ეუბნება, რომ მისი შერიფად ყოფნის დრო თითქმის ამოიწურა. რომერო მარკუსს ავტოსადგომამდე გაყვება და კლავს. ნორმა დამშვიდდება და დედობრივი მოვალეობის შესახებ გაახსენდება, რის შემდეგაც სახლში ბრუნდება. ის დილანს თხოვნას უსრულებს და კელებს შეხვდება, რომელიც ემოციებს ვერ იკავებს და ნორმას პატიებას სთხოვს.
დილანი ემას უახლოვდება და უილისგან იგებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რისი აღიარებაც ემას არ უნდა. ამასობაში, ნორმა რომეროს მეხსიერების ბარათის ადგილსამყოფელს უმხელს, რათა მას ბობზე ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ჰქონდეს. ის აღმოაჩენს, რომ ფინანსურ ანგარიშებში დედამისის სახელია გამოყენებული, რის გამოც ციხეში მამამისს ხვდება. რომერო იგებს, რომ მამამისმა დედამისის სახელი ციხეში ნარკოტიკების შემოსატანად გამოიყენა. ნორმა ჯეიმზს ნორმანის დახმარებას სთხოვს, რომელიც უადგილო შეკითხვებს უსვამს, რის შედეგადაც ნორმანი მას თავს ესხმის. ჯეიმზი ნორმას ეუბნება, რომ მის შვილს დახმარება სჭირდება. ნორმა ნორმანთან დასაახლოებლად საოჯახო ვახშამს ამზადებს. დილანი ემას მოიწვევს, ნორმა კელებს შემოიპატიჟებს. ვახშამს რომეროც უერთდება. კელების მოსვლა ნორმანის სიბრაზეს იწვევს.
ნორმასთან დადებული პირობის თანახმად, ბობი ბეიტსის მოტელთან საცურაო აუზის მშენებლობისთვის უჩვეულოდ ღრმა ორმოს თხრის. მოგვიანებით, ბობი ჯეიმზს იტაცებს და აწამებს, რათა ნორმაზე ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ათქმევინოს. როცა რომერო ბობთან გასაფრთხილებლად მივა, ის ნორმასა და ჯეიმზის ურთიერთობას გაუმხელს, და ეტყვის, რომ სემ ბეიტსი ნორმანმა მოკლა. ამის შედეგად რომერო ნორმასთან ურთიერთობას წყვეტს, რადგან ის ისევ ამბობს, რომ მისი ქმარი უბედურ შემთხვევაში დაიღუპა. ამასობაში, დილანი და კელები ჩიკის იარაღებს კანადაში გადაიტანენ, სადაც გაიგებენ, რომ გარიგება ჩიკის მოსაკლავად იყო დაგეგმილი. სროლის დაწყებისას კელები დილანს გადაარჩენს. ჯეიმზი ქალაქიდან წასვლამდე ნორმას ეუბნება, რომ ბობს ყველაფერი მოუყვა. ის ამის შესახებ ნორმანს ეტყვის და ისინი კამათს იწყებენ. ნორმანი ისევ გაითიშება და ეჩვენება, რომ მისი ძაღლი, ჯუნო სახლიდან გაიქცა და მას აედევნება. შემდეგ ის იპოვის ბრედლის, რომელიც ქალაქში დაბრუნდა.
ბრედლი ნორმანს სთხოვს, რომ დედამისს მის შესახებ სიმართლე მოუყვეს, თუმცა სახლში მისვლისას ის აღმოაჩენს, რომ დედამისი მალევე შეეგუა ქმრისა და ქალიშვილის დაკარგვას. ბრედლი თავს ისევ მარტოდ გრძნობს. ის ნორმანთან დაახლოებას და მასთან დაწოლას ცდილობს, თუმცა ნორმანს ეჩვენება ნორმა და ჰგონია, რომ ის მასთან ერთადაა, რის გამოც ბრედლის მოტელის ოთახში მარტო ტოვებს. ამასობაში, ნორმა ბობს ეუბნება, რომ მეხსიერების ბარათს დაუბრუნებს და ჯეიმზის ნათქვამი სიმართლე არ არის. ამის შემდეგ ნორმა რომეროს სახლში მიდის, სადაც გაიგებს, რომ DEA ფინანსურ ანგარიშებს იძიებს. რომეროს ნორმანის მამის სიკვდილის შესახებ სიმართლის გაგება უნდა, რაზეც საბოლოოდ ნორმა ამბობს, რომ ორივემ იციან, თუ ვინ მოკლა, რითაც ნორმანს გულისხმობს. კელები ჩიკს სცემს და ფულს წაიღებს, რომელიც იარაღების გადატანისთვის უნდა მიეცა და დილანს აძლევს. ქალაქიდან წასვლამდე ის ნორმას ეუბნება, რომ ნორმანი მის პიროვნებად გარდაისახა თავს დაესხა. დილანი ემას მამას ფილტვის გადანერგვისთვის საჭირო ფულს აძლევს.
დილანი იგებს, რომ კელები ქალაქიდან წავიდა, რა დროსაც მას უილი ურეკავს და ეუბნება, რომ როცა ემამ ოპერაციის შესახებ გაიგო, სახლიდან წავიდა. დილანი მას კაბინაში იპოვის. ემას ეშინია იმის, რომ მისი სხეული ორგანოს ვერ მიიღებს და მოკვდება. დილანი მას ყველაზე ძლიერ ქალს უწოდებს, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია და შემდეგ კოცნის. ამასობაში, DEA ბობის დაკავებას აპირებს, თუმცა რომერო მას ურეკავს და წინასწარ აფრთხილებს. ბობი გაქცევას აპირებს და ნავზე ადის, სადაც რომერო დახვდება, რომელსაც მამამისს ადარებს, რის შემდეგაც რომერო მას ესვრის და კლავს. ნორმა ფსიქიატრიული კლინიკის ხელმძღვანელს ხვდება, რომელიც ეუბნება, რომ პაციენტის მოთავსების ყოველთვიური ფასი 20 000 დოლარიდან იწყება. ის ამის შესახებ ნორმანს ეტყვის, რომელიც ბრედლისთან ერთად ქალაქიდან წასვლას აპირებს. ნორმა და ნორმანი კამათს იწყებენ, რა დროსაც ნორმა მას გათიშავს და სარდაფში ჩაიყვანს, შემდეგ კი დილანს ურეკავს, რომელიც ადასტურებს, რომ ბრედლი ცოცხალია. ნორმანი სარდაფიდან გაიქცევა და ბრედლის შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მანქანით ქალაქიდან მიდიან. ამ დროს ნორმანს ეჩვენება ნორმა, რომელსაც ბრედლისთან ლაპარაკი სურს. ნორმანი ნორმას პიროვნებად გარდაისახება, ბრედლის მანქანიდან გადმოიყვანს, აედევნება და კლავს. ამის შემდეგ ის ბრედლის ცხედარს მანქანაში დებს და ყურეში აგდებს, რომლის ჩაძირვასაც „ნორმა“ თვალს ადევნებს.
მიღებული შეფასებები
კრიტიკოსთა გამოხმაურება
სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic–ის ხუთმა კრიტიკოსმა სეზონი 100–დან 72 ქულით შეაფასა, რაც მიუთითებს „ზოგადად დადებით მიმოხილვაზე“.[27] Rotten Tomatoes-ის 12 კრიტიკოსიდან 11-მა სეზონი დადებითად შეაფასა, საშუალოდ 92%-იანი რეიტინგით. საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ტაბუდ ქცეულ დედა-შვილის შემზარავ ურთიერთობას, უხერხულად ამუქებს მის უკვე არსებულ მომაჯადოებელ ატმოსფეროს.“[2]
რეიტინგები
მესამე სეზონს საშუალოდ 1,80 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 18-49 წლის მოსახლეობაში მისი რეიტინგი 0,7-ს შეადგენდა.[28]