ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან. მისი პრემიერა გაიმართა 2016 წლის 7 მარტს A&E-ზე, ხოლო დასრულდა 2016 წლის 16 მაისს. სეზონი ეთერში გადიოდა ყოველ ორშაბათს, საღამოს 9 საათზე (აღმოსავლეთის დროით).[1] სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის, ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[2] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.
სეზონმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა და ორჯერ წარდგა პრაიმტაიმ ემის 68-ე პრემიის ნომინაციაზე.[3] სეზონმა ასევე სამჯერ მოიგო ხალხის არჩევანის ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო დრამისა და მსახიობების (ფარმიგა და ჰაიმორი) კატეგორიაში. ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა ეთერში გასვლისას სტაბილური რეიტინგები შეინარჩუნა,[4] საპრემიერო ეპიზოდს ჯამში 1,55 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო საფინალოს - 1,50 მილიონი.[5] სეზონი Blue-ray-სა და DVD-ზე 2016 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა.[6]
2015 წლის აგვისტოში TVLine-მა განაცხადა, რომ რაიან ჰერსტი სერიალში ბრუნდებოდა ჩიკ ჰოგანის, მესამე სეზონის მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, როლის შესასრულებლად.[7] 2015 წლის 5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრეგ ედვარდსის, პაინვიუს კლინიკის ექიმის მეორეხარისხოვანი როლისთვის ქასთინგი ტარდებოდა.[8] 2015 წლის 3 დეკემბერს როლისთვის დეიმონ გაპტონი აირჩიეს.[9] 2015 წლის დეკემბრის შუა ხანებში განაცხადეს, რომ ჯეიმი რეი ნიუმანი შეასრულებდა რებეკა ჰემილტონის როლს.[10]
გადაღება
სერიალი გადაღებულია ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე.[11][12] 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში ნესტორ კარბონელმა დაადასტურა, რომ მეხუთე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის რეჟისორი იქნებოდა.[13] მეოთხე სეზონის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის 30 ნოემბერს ვანკუვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე,[14] ხოლო დასრულდა 2016 წლის 6 აპრილს.[15] 2016 წლის 11 თებერვალს სეზონის პირველი ფოტო გასაჯაროვდა, რომელზეც აღბეჭდილი არიან ფარმიგა და ჰაიმორი.[16] 2016 წლის მარტში განაცხადეს, რომ ჰაიმორმა სეზონის მერვე ეპიზოდი დაწერა.[17]
ბობ პარისის მოკვლის შემდეგ, რომერო მის სხეულს ყურეში აგდებს. ნორმა და დილანი ნორმანზე ღელავენ, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. ადგილობრივი ფერმერი მას არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფს იპოვის, რის შემდეგაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდება. ამასობაში, დილანი პორტლენდში მიდის, რათა ოპერაციის შემდეგ ემას გვერდით ყოფნა მოახერხოს, ხოლო ნორმა ნორმანის დაწესებულებიდან გამოყვანას ცდილობს. ექიმი ნორმას ადანაშაულებს, რადგან მის შვილს დახმარება დროულად არ აღმოუჩინა და ამბობს, რომ ნორმანს მხოლოდ 48 საათიანი დაკვირვების შემდეგ გამოწერს. სასოწარკვეთილი ნორმა პაინვიუს ფსიქიატრიულ კლინიკაში ბრუნდება იმ იმედით, რომ ნორმანის მოთავსებას მოახერხებს. კლინიკაში ის შეხვდება ფსიქიატრს, ექიმ ედვარდსს. რადგან ნორმას თავისი დაზღვევა არ აქვს, ის რომეროს დაქორწინებას სთხოვს, რომ მისი დაზღვევა გამოიყენოს, მაგრამ რომერო უარზეა. ემას დედა, ოდრი ცდილობს მის ქალიშვილთან შეხვედრას, მაგრამ უილი მასთან ახლოს მისვლას უკრძალავს. ოდრი დასახმარებლად ნორმანს მიმართავს, თუმცა ამ დროს ნორმანი „დედას“ პიროვნებადაა გარდასახული და მას თავისივე ყელსახვევით ახრჩობს.
ნორმანი წინა დღის მოვლენების გახსენებას ცდილობს. მას ფრაგმენტებად ახსენდება, თუ როგორ მალავს "დედა" ოდრის სხეულს სარდაფის მაცივარში. ემა ახალი ფილტვების გადანერგვის შემდეგ ცხოვრებაში პირველად სუნთქავს დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ამასობაში, რომერო პაინვიუს კლინიკაში ნორმანის მოსათავსებლად საჭირო ფულს მიიტანს. ვინაიდან ნორმანი 18 წლისაა, დაწესებულებას თანხმობის ფორმაზე მისი ხელმოწერა სჭირდება. ნორმანი ნორმას ოდრის მკვლელობაში ადანაშაულებს, რათაც ის ხვდება, რომ მისმა შვილმა მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. ნორმა მოტელთან მდებარე ორმოში ხელთათმანს იპოვის. მოგვიანებით, ნორმანი პაინვიუს ფორმას ნახულობს, რომელიც მოტელის ოფისში ფაქსით გადმოაგზავნეს. ნორმანს ეჩვენება მისი მკვდარი მამა, რომელიც ეუბნება, რომ ის ნორმამ მოკლა და ახლა ცდილობს ყოველი მკვლელობა მას გადააბრალოს. ნორმას ნორმანის ქცევები აშინებს, რის გამოც გაექცევა და დაემალება, რა დროსაც რომეროს დახმარებისთვის ურეკავს. ნორმანი ნორმას თავისივე იარაღით ანიშნებს, რომ ორივემ თავი მოიკლან, რადგან სიცოცხლეში ბედნიერი ვერასდროს იქნებიან. რომერო ბეიტსების სახლში მიდის, რა დროსაც ნორმა ნორმანს არწმუნებს, რომ თანხმობის ფორმაზე ხელი მოაწეროს, რის შემდეგაც მას პაინვიუს კლინიკაში წაიყვანენ.
ნორმა და რომერო ქორწინდებიან, რის შემდეგაც ის ბეიტსების სახლში გადადის, რათა მათი ურთიერთობა გარშემომყოფთათვის დამაჯერებელი იყოს. რომერო ორმოს ამოავსებს, სადაც ოდრის საყურეს აღმოაჩენენ, რაც ნორმას აძრწუნებს. ამასობაში, დილანი თეთრი ფიჭვის ყურეში ბრუნდება განერის გასათავისუფლებლად, რადგან მარიხუანას ბიზნესს თავს ანებებს, თუმცა გაიგებს, რომ განერს წასვლა უკვე განზრახული ჰქონდა. ჩიკი დილანის ფერმაში კელებზე შურისძიებისთვის მიდის, მაგრამ დილანი ეუბნება, რომ მამამისთან არ უსაუბრია მას შემდეგ, რაც ქალაქიდან წავიდა. პაინვიუს კლინიკაში ნორმანს ექიმ ედვარდსთან პირველი თერაპია აქვს. ნორმანი დაბნეულია, რადგან ჰგონია, რომ „სიმართლის“ დამალვაც და გამჟღავნებაც, ორივე შემთხვევაში ნორმას პრობლემებს შეუქმნის. მოგვიანებით, ნორმა პაინვიუში ნორმანის სანახავად მიდის, სადაც კლინიკის პერსონალისა და პაციენტების თანდასწრებით კამათს დაიწყებენ. რებეკა, რომელსაც რომერო წარსულში ხვდებოდა, მასთან აღელვებული მიდის და ეუბნება, რომ ბობის მიერ ფულის გათეთრების გეგმას შესაძლოა ნათელი მოეფინოს. რომერო მას ამშვიდებს და ურჩევს, რომ ბუნებრივად მოიქცეს და მასზე ეჭვს არ მიიტანენ.
ნორმანი და ჯულიენი, კლინიკის ერთ-ერთი პაციენტი პაინვიუდან გაქცევას გადაწყვეტენ. ამასობაში, ნორმა და რომერო ერთმანეთს უახლოვდებიან და ის ნორმას ურჩევს, რომ ბანკის ანგარიშები გააერთიანონ, რათა მათი ქორწინება დამაჯერებელი იყოს. ამის შემდეგ რომერო რებეკასგან შეტყობინებას იღებს, რომ ბობს ბანკის საცავში 3 მილიონი დოლარის ოდენობის დეპოზიტი ჰქონდა შენახული, რის გასაღებსაც რომერო პოულობს. ნორმა პორტლენდის საავადმყოფოში ემას მოსანახულებლად მიდის, რომელიც ეუბნება, რომ საკუთარი ცხოვრება დაიწყოს და ნორმანზე არ იღელვოს. ემა ასევე სიეტლში გადასვლას გეგმავს და დილანს სთხოვს, რომ მასთან ერთად წავიდეს. კარნავალზე ერთად წასვლისა და რებეკასთან უხერხული შეხვედრის შემდეგ, რომერო და ნორმა სახლში ბრუნდებიან, რომელიც არეული დახვდებათ. ამასობაში, ნორმანი და ჯულიენი პაინვიუდან გაიქცევიან და გამვლელი მანქანით სტრიპტიზ კლუბში მივლენ. ჯულიენი ნორმანს ფულს აძლევს, რის შემდეგაც ორივეს პირად ოთახებში გაიყვანენ. როცა ნორმანი მოცეკვავესთან ერთად მარტოა, „დედა“ იღვიძებს, რა დროსაც ჯულიენი და დაცვის ოფიცრები ჩხუბს იწყებენ. ამის შემდეგ ექიმი ედვარდსი ნორმანის წასაყვანად მოდის, რომელსაც ემოციები მოაწვება და მას დახმარებას სთხოვს.
ნორმა და რომერო სახლს ალაგებენ. ნორმა ნაწყენია, რადგან მისი საყვარელი ფერადი შუშის ფანჯარა ჩამსხვრეულია. რომერო ეუბნება, რომ „ასეთი რამეები ხდება, როცა შერიფზე ხარ დაქორწინებული“. მან იცის, რომ სახლში რებეკა შემოიჭრა, რომელსაც მოგვიანებით აფრთხილებს, რომ თავი მათგან შორს დაიჭიროს. ნორმა ქალაქში შუშის შემკეთებელს ეძებს, რის შემდეგაც მასთან ჩიკ ჰოგანი მიდის. ის გაიგებს, რომ კელები ნორმას ძმაა. ამასობაში, დილანი ემას თეთრი ფიჭვის ყურეში მიიყვანს, მოგვიანებით კი სიეტლში სამსახურის ინტერვიუზე მიდის. ნორმანი პაინვიუში ექიმ ედვარდსთან ერთად თერაპიას იწყებს, რომელსაც ყველაფერზე ესაუბრება, გარდა მამამისისა. მოგვიანებით ნორმანი დედამისს ხმოვან შეტყობინებას უგზავნის და ბოდიშს უხდის, რის შემდეგაც ნორმა მის სანახავად დაწესებულებაში მიდის. ექიმი ედვარდსი ნორმანს არწმუნებს, რომ ვიზიტი რეალურად არ შემდგარა და ყველაფერი მის თავში მოხდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ექიმთან საუბრისას ნორმანი „დედად“ გარდაისახება. ჩიკი ნორმას სანახავად ბრუნდება და ეუბნება, რომ ყველაფერი იცის დილანის მამის შესახებ, ახსენებს, თუ როგორ ეზიზღება მისი ძმა ამის გამო და მისი ბედის გადაწყვეტას სთხოვს.
ნორმა ჩიკს ისევ ხვდება, რომელიც მისი და კელების წარსულის გასაჯაროებაში ემუქრება, რა შემთხვევაშიც მისი და რომეროს ქორწინება განადგურდება. შეშფოთებული ნორმა ცდილობს დილანისგან კელების ადგილმდებარეობა გაიგოს. ამის შემდეგ ის კელებს ურეკავს, თუმცა საბოლოოდ ჩიკს ეუბნება, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა მისი ცხოვრების დასანგრევად. ამასობაში, რომერო რებეკას ბანკის საცავის გასაღებს აძლევს და ეუბნება, რომ სანაცვლოდ არანაირი ფულის მიღება არ უნდა. პაინვიუში ექიმი ედვარდსი ნორმანს იდენტურობის დისოციაციური აშლილობის შესახებ უხსნის და ეუბნება, რომ გათიშვების დროს მასში მცხოვრები მეორე პიროვნება, „დედა“ იღვიძებს და მის სხეულს ეპატრონება. ნორმანს ახსენდება დრო, როცა შვიდი წლის იყო და ნორმა მამამისის მიტოვებას ცდილობდა. სემმა ის გააუპატიურა, რა დროსაც ნორმანი საწოლის ქვეშ იმალებოდა. ექიმი ედვარდსი „დედასთან“ საუბარს ითხოვს, რომელიც მას აფრთხილებს, რომ ნორმანს ამ მოგონებების გახსენების საშუალება არ მისცეს, რასაც მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ჩიკი რომეროს დახმარებით ახალ ფანჯარას მოიტანს. ამის შემდეგ ნორმა რომეროს ჩიკის რეალური მოტივების შესახებ უხსნის, მის წარსულს უმხელს და დარწმუნებულია, რომ რომერო მას მიატოვებს. მიუხედავად ამისა, რომერო მასთან დარჩენას გადაწყვეტს.
ნორმა რომეროს ეუბნება, რომ ბეიტსების სახლის გარემონტება უნდოდა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ამის შესაძლებლოა არ ჰქონდა. რომერო მას უმხელს, რომ ბობის მოკვლის შემდეგ მისი ფული აიღო და სთავაზობს, რომ ამ ფულით მისი ოცნება რეალობად აქციოს. პაინვიუში პაპიე-მაშეს გაკეთებისას ნორმანი გაზეთის ფრაგმენტიდან იგებს, რომ დედამისი და რომერო დაქორწინდნენ. ნორმანი სახლში რეკავს, სადაც ყურმილს რომერო იღებს, ხოლო ნორმა მისი აქ ყოფნის ასახსნელად ატყუებს. ამასობაში, დილანი ოდრის გაუჩინარებას იძიებს მას შემდეგ, რაც ემამ მასთან კონტაქტი დაკარგა. ის ნორმას აჩვენებს ოდრის წერილს, რომელიც ნორმანის ოთახში იპოვა, რის გამოც კამათს იწყებენ. დილანი მოგვიანებით წერილს ემას გადასცემს, რომელიც ჩათვლის, რომ დედამისის გაუჩინარება მისი სასოწარკვეთის გამოხატულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ედვარდსმა და ნორმამ ნორმანის პაინვიუში დატოვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მას გაწერენ და სახლში ბრუნდება.
რომერო ბეიტსების სახლიდან თავს შორის იჭერს, რათა ნორმას ნორმალურ ცხოვრებასთან მორგების საშუალება მისცეს. ნორმანი მას მალევე ეუბნება, რომ მეორე სამსახურის დაწყებას აპირებს, რომ საკუთარი დაზღვევის გადახდა მოახერხოს, რის შემდეგაც ის შეძლებს ნორმასთან განქორწინებას. რომერო ნორმას ეუბნება, რომ ნორმანმა მათი გრძნობების შესახებ უნდა გაიგოს. ამასობაში, რებეკას აეროპორტში DEA აიყვანს, რის შემდეგაც ეუბნებიან, რომ რეალურად ცდილობენ დაადგინონ, თუ რა აკავშირებს რომეროს ბობ პარისთან. ბეიტსების სახლში ნორმას, ნორმანს და რომეროს ვახშამი აქვთ. დედა-შვილი კამათს იწყებს. ნორმანი გაბრაზებულია დედამისზე, რადგან მან რომერო მათ ცხოვრებაში შემოუშვა, როცა ის და ნორმანი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ თავად გოგოებთან ურთიერთობის დაწყებას ვერ ახერხებდა. განრისხებული ნორმანი შეშის დასაჩეხად გადის და მას რომერო გაჰყვება. ნორმანი მას ნაჯახით უახლოვდება, თუმცა მისი მოკვლის ნაცვლად ფარდულს გაანადგურებს და გაიძახის, რომ რომერო სძულს.
რომერო უშედეგოდ ცდილობს ნორმას დარწმუნებას იმაში, რომ ნორმანი პაინვიუში დააბრუნოს. ნორმანი მის გრძნობებს ექიმ ედვარდსს უმხელს, რა დროსაც დილანი და რომერო ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან. ისინი ღელავენ ნორმაზე და ნორმანის კლინიკაში დაბრუნება უნდათ. დილანი ოდრის საყურეს პოულობს, რის გამოც ნორმას ეკამათება. განრისხებული ნორმა დილანს ადანაშაულებს, რომ ნორმანის გამო ეჭვიანობს. გულგატეხილი დილანი ეუბნება, რომ მისთვის ნამდვილი დედა არასდროს ყოფილა და გაუმხელს, რომ ნორმანის კლინიკაში დაბრუნება რომეროსაც უნდა. დილანი ნორმანს ემშვიდობება. ნორმა რომეროს ეკამათება მის ზურგსუკან მოქმედებისთვის, რის გამოც მასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შემდეგ ნორმას ნორმანის თანდასწრებით ემოციები მოაწვება. ის რომეროსთვის წერილს დაწერს და დაიძინებს. ნორმანი მკვლელობა-სუიციდის მიზნით გამათბობელს ჩართავს და სახლში ყოველ სავენტილაციო სარქველს დახურავს, რის შედეგადაც ნორმას ოთახი ნახშირბადის მონოოქსიდით აივსება. რომერო ბეიტსების სახლში მიდის და დედა-შვილს უგონო მდგომარეობაში მყოფს იპოვის. ის ორივეს გადარჩენას შეეცდება, მაგრამ აშკარაა, რომ ნორმას ვერ გადაარჩენს, რის გამოც ატირდება. ნორმანი გონს მოდის და არარეაგირებად დედამისს დაინახავს.
ნორმანს სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანენ. დაკითხვის დროს დეტექტივი რომეროს ნორმას მიერ დაწერილ წერილს და მასში ჩადებულ საქორწინო ბეჭედს აჩვენებს. ის ამბობს, რომ ნორმამ სავარაუდოდ მკვლელობა-სუიციდის ჩადენა სცადა, რის გამოც რომერო ნორმანის საავადმყოფოდან გამოსაყვანად მიდის. ისინი ჩხუბს დაიწყებენ. რომერო ნორმანს ეუბნება, რომ ნორმა მან მოკლა და ჰპირდება, რომ ამას დაამტკიცებს. დამკრძალავი ბიურო ნორმანს ცერემონიის დასაგეგმად ურეკავს. მორგში რომერო ნორმას ცხედარს ბეჭედს გაუკეთებს, თუმცა მოგვიანებით ნორმანი მოხსნის. რომერო წირვაზე მიდის და ნორმანთან ჩხუბს ისევ იწყებს მას შემდეგ, რაც ნორმანმა მას საქორწინო ბეჭედი დაუბრუნა. მოგვიანებით რომეროს DEA აკავებს ცრუ ჩვენებისთვის, რადგან მან რებეკასთან ურთიერთობის შესახებ მოიტყუა. ნორმანი დედამისის სხეულს საფლავიდან ამოთხრის და სახლში წაიღებს. ჩიკი ნორმანთან თანაგრძნობის გამოსახატად მიდის და ნორმას ცხედარს დაინახავს. ის ნორმანს აიძულებს, რომ ნორმას სიკვდილი დაიჯეროს. ამის შემდეგ ნორმანი ნორმას ოთახში შედის და მისი იარაღით თავის მოკვლას აპირებს, თუმცა მუსიკის ხმას გაიგებს. ქვემოთ ჩამოსვლისას დაინახავს, რომ სახლი მორთულია საშობაო დეკორაციებით და „დედა“ ფორტეპიანოზე უკრავს.
მიღებული შეფასებები
კრიტიკოსთა გამოხმაურება
ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა. ვებ-გვერდ Rotten Tomatoes-ზე სეზონი 17 კრიტიკოსზე დაყრდნობით 100%-იანი დადებითი რეიტინგით შეფასდა.[3]
რეიტინგები
საერთო ჯამში, ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონს 1,45 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 18-49 წლის მოსახლეობაში მისმა რეიტინგმა 0,6-ს შეადგინა.[4]