ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი — მემარჯვენე-ლიბერტარიანულიპარტიასაქართველოში. მისი თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია. პარტიის მიზანია ინდივიდის თავისუფლების ხარისხის გაზრდა, დეცენტრალიზაციის, თავისუფალი ბაზრის, მცირე მთავრობის, გადასახადების შემცირებისა და რეგულაციების გაუქმების გზით. ტრადიციულად მემარჯვენე ეკონომიკურ პოზიციებთან ერთად, გირჩი მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმებას, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას.
გირჩმა სხვა პარტიებისაგან განსხვავებული პოლიტიკური საქმიანობის სტრატეგია და ფორმები აირჩია. პარტიამ გამოიყენა საქართველოსათვის არატრადიციული პოლიტიკური აქტივიზმი. მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა კანაფის საჯაროდ დათესვით.[3] დააფუძნა ეკლესია — ბიბლიური თავისუფლება, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გაწვევის თავიდან ასაცილებლად.[4] გირჩის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება იყო მოგებული საკონსტიტუციო სარჩელები, რამაც კანაფის/მარიხუანას მოხმარების კონსტიტუციურობა აღიარა საქართველოში.[5]
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი მისი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძემ არჩევნებში 2,26% (36 034 ხმა) აიღო და მეექვსე ადგილი დაიკავა.[8]
2019 წელს, გირჩის კანდიდატმა ჰერმან საბომ მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის მთაწმინდის რაიონში გამართულ რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებში და ხმების 4,79% მიიღო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და 2,89% (55 598 ხმა) აიღო, გადალახა 1%-იანი ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა.[9][10]
ამავე წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია დატოვა მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ახალი პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება დააარსა.[11] ეს გადაწყვეტილება მან ახსნა პარტიის სხვა ლიდერებთან პიროვნული კონფლიქტით. ლიდერის მიერ პარტიის დატოვებამ და პარტიის გაყოფამ რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.
პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.
სახელი
სახელი „გირჩი“ აირჩა, როგორც სიახლის, სიმწვანის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო (იხ. გირჩა).[13]
ორგანიზაციული სტრუქტურა
შიდაპარტიული მმართველობა
გირჩის მოწყობა და საქმიანობის პრინციპები დადგენილია 2021 წელს მიღებულ პარტიის კონსტიტუციაში.[14] პარტიას მართავს მმართველი საბჭო, რომელიც შედგება პოლიტიკოსებისაგან, უმსხვილესი აქციონერებისა (ქართული დოლარი ან GeD) და დონორებისგან.[15] პარტია იმართება მერიტოკრატიული პრინციპით. მერიტოკრატია გამოიხატება პარტიის საქმიანობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, GeD სისტემის გამოყენებით.
ქართული დოლარი
ქართული დოლარი (GeD) არის გირჩის მიერ შექმნილი ციფრული ვალუტა, რომლის ღირებულება 0,01 აშშ დოლარია, გამოიყენება პარტიის მხარდამჭერების დაფინანსების აღრიცხვისათვის და შიდა პარტიულ საკითხებისათვის ხმის მიცემისთვის. პარტია ხაზს უსვამს გამჭვირვალობას, ყველა ტრანზაქცია საჯაროა.[16]