ასუნსიონი (ინგლ. Asuncion) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
კუნძული ასუნსიონი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 101 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აგრიხანი, 37 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით — კუნძული მაუგი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 2500 კმ-ში[2].
კუნძულ ასუნსიონს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[2] და წარმოადგენს ასუნსიონის ვულკანის კონუსს[2]. ვულკანი ფორმით ასიმეტრიულია: ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდოები უფრო ციცაბოა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით დახრა თანდათანობითია და ნაკლებად შესამჩნევი[1][3]. სამხრეთი და დასავლეთი ფერდოები დაფარულია ვულკანური ფერფლით[3]. კუნძულის რელიეფი მთიანია, ციცაბო ფერდოებით და ღრმა ხეობებით. ასუნსიონის კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 3,4 კმ-ს, სიგანე — 2,6 კმ-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 891 მეტრს[2]. ასუნსიონის კუნძულის ფართობი შეადგენს 7,31 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].
ვულკანების ზედა ფერდოებზე მდებარეობს მინდვრები და გვიმრების ნარგავები, ხოლო ხეობებში — ტროპიკული ტყეები[2]. კუნძულის ნაწილი დაფარულია ქოქოსის პალმებით (ქოქოსის პლანტაციების კვალი), ნესვის ხეებით, პანდანუსებით[1].
ისტორია
კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1668 წელს[4]. შემდგომში კუნძული შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5]. 1909 წლიდან 1912 წლის ჩათვლით ასუნსიონის კუნძულზე ხდებოდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერა ფრთების მოსაპოვებლად, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულებისათვის[6].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5].
1980 წელს კუნძული ასუნსიონი გამოცხადდა ნაკრძალად[6].
მოსახლეობა
დღეისათვის კუნძული ასუნსიონი დაუსახლებელია. იგი დასახლებული იყო 1695 წლამდე, როდესაც ყველა მოსახლე გადაასახლეს ჯერ კუნძულ საიპანზე, ხოლო შემდეგ, 1698 წელს, კუნძულ გუამზე[4].
სქოლიო