პრინცი ანდრეასი დაიბადა 1882 წლის 2 თებერვალს ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვას შუათანა ვაჟი. ვინაიდან მამამისი დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი იყო, ანდრეასს დაბადებისთანავე მიენიჭა საბერძნეთისა და დანიის პრინცის წოდება.
გარდა მშობლიური ბერძნულისა, იგი თავისუფლად საუბრობდა დანიურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამეფო ოჯახის ტრადიციისამებრ სამხედრო სამსახური დაიწყო.
1902 წელს პრინცი ანდრეასი ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ის (ედუარდი მამიდამისის ქმარი იყო) კარზე ყოფნისას შეხვდა მეფის დის შვილიშვილს, პრინცესა ალისა ბატენბერგელს. წყვილი მალევე დაახლოვდა და 1903 წლის 6 ოქტომბერს დარმშადტში შედგა მათი ქორწილიც. ცნობილია, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ლუთერანი პრინცესა ალისა მართლმადიდებლად მოინათლა.
1912 წლიდან ანდრეასი ბალკანეთის ომში მონაწილეობდა ლეიტენანტ კოლონელის ჩინით. მალევე, 1913 წელს შეთქმულებმა მამამისი, მეფე გეორგიოსი სალონიკში სტუმრობისას მოკლეს, რის შემდეგაც ტახტს ანდრეასის ძმა, კონსტანტინოს I იკავებს. 1914 წლიდან იწყება პირველი მსოფლიო ომიც, რამაც საგრძნობლად დაამძიმა ანდრეასის ოჯახის მდგომარეობა, რამეთუ ისინი ინტერესთა კონფლიქტში აღმოჩნდნენ. 1917 წელს პრემიერ-მინისტრმა ვენიზელოსმა დაამხო მეფე კონსტანტინოსი, ტახტზე მისი ძე, ალექსანდროსი დასვა, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი საბერძნეთიდან გააძევა. ამის გამო ანდრეასი თავისი ცოლშვილით ემიგრაციაში თავის მამიდაშვილთან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-თან წავიდა, თუმცა მას ლონდონის დატოვება მალევე მოუხდა, რის გამოც იგი თავის დანარჩენ ოჯახს შეუერთდა შვეიცარიაში.
მას შემდეგ, რაც 1920 წელს მეფე ალექსანდროსი უძეოდ დაიღუპა და ტახტი კონსტანტინოსმა დაიბრუნა, მათი ოჯახი ათენში დაბრუნდა და ანდრეასმაც მოახერხა აქ პოზიციების აღდგენა. მალევე იგი საბერძნეთ-თურქეთის ომშიც ჩაება კომანდირის ჩინით და მონაწილეობა მიიღო საკარიის ბრძოლაშიც. 1922 წელს იგი იბრძოდა ეპირსა და იონიის ზღვის მიდამოებში.
1922 წელს, თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ საბერძნეთში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რის გამოც ანდრეასს ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ამ ჯერად იგი პარიზში წავიდა, სადაც სენ-კლოდის სასახლეში დაბინავდა, რომელსაც მისი ძმის მდიდარი ფრანგი ცოლი, პრინცესა მარი ბონაპარტი ფლობდა. მიუხედავად ამისა, ანდრეასის მეუღლემ, პრინცესა ალისამ ვერ გაუძლო ემიგრაციით გამოწვეულ სირთულეებს და 1930 წელს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რის გამოც იგი შვეიცარიაში გააგზავნეს სამკურნალოდ.
1935 წელს ანდრეასის ძმისწულმა, მეფე გეორგიოს II-მ მოახერხა ტახტის დაბრუნება, 1936 წლიდან კი ანდრეასი თავისი ოჯახით ისევ დაუბრუნდა ათენს. თუმცაღა, აქ მათი ცხოვრება ისევ არ გაგრძელებულა დიდ ხანს, რამეთუ 1939 წლიდან იწყება მეორე მსოფლიო ომი. იმის გამო, რომ ანდრეასის ოთხივე ქალიშვილი გერმანელ არისტოკრატზე იყო დაქორწინებული, საბერძნეთი კი გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა ომში, ბერძნებს არ მოსწონდათ სამეფო ოჯახში მისი ყოფნა, ამიტომაც იგი ისევ და ამჯერად საბოლოოდ, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან მიატოვა თავისი ცოლიცა და ვაჟიც და ამის შემდეგ აღარც უნახავს ისინი, როგორც ცნობილია იგი თავის ფრანგ საყვარელთან ერთად დაბინავდა მონტე-კარლოში, მონაკოში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1944 წლის 3 დეკემბერს იქვე, 62 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ათენში, ტატოის სასახლის სამლოცველოში. მისი დაღუპვიდან სულ სამ წელიწადში მისი ვაჟი, ფილიპე დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედზე დაქორწინდა და ედინბურგის ჰერცოგი გახდა, 1952 წელს კი მისი რძალი დედოფალიც გახდა ელისაბედ II-ის სახელით.