ავთანდილ ღოღობერიძე სოხუმში, 1922 წლის 3 აგვისტოს დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც აქვე, სოხუმის ბავშვთა გუნდში დაიწყო. 1939 წელს სოხუმის „პიშჩევიკის“ რიგებში თამაშობდა, 1940–1941 წლებში კი სოხუმის „დინამოში“. 1944 წელს ქვეყნის პირველ გუნდში მიიწვიეს, სადაც 1961 წლამდე ასპარეზობდა.
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 341 მატჩი (127 გოლი). თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი ბურთების მიხედვით. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1951, 1953) და ოთხგზის მესამე (1946, 1947, 1950, 1959) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის ფინალისტი (1946, 1960). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 1954), გრიგორი ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი (143 გოლი).
სათამაშო კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. სხვადასხვა დროს იყო თბილისის „დინამოსა“ (1961–1962) და თბილისის „ლოკომოტივის“ (1966–1967) მთავარი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1962–1965).
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1951 [1]
33 საუკეთესო
№1: 1951, 1953, 1954
№2: 1950, 1952, 1955, 1959
№3: 1956
ფაქტები
საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით, შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, რომელთაც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.
ავთანდილ ღოღობერიძე რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15][კომ. 6][16]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ავთანდილ ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[17][18]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ავთანდილ ღოღობერიძე 708 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[19][20]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ავთანდილ ღოღობერიძე საქართველოს XX საუკუნის მეექვსე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[21][22]
ავთანდილ ღოღობერიძე არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატად.[1]
ავთანდილ ღოღობერიძეს ეკუთვნის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი – 17 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის „დინამოში“ და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. მან გაიტანა ყველაზე მეტი, 127 ბურთი, ზოგადად და 25 – ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი (16).[13]
1963 წელს გამოიცა მისი წიგნი სათაურით „ბურთით ცხრა მთას იქით“.
1967 წელს მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებული, სარეცელს იყო მიჯაჭვული. 1976 წელს, განახლებული „დინამოს“ სტადიონის გახსნისას, ფეხებწართმეული ბასა მინდორზე თანაგუნდელებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს. მას ფეხზე მდგომი 75 ათასი მაყურებელი უკრავდა ტაშს.
↑თენგიზ ღოღობერიძე იხსენებს: „მეტსახელი ბასა ბავშვობიდანვე შეურქმევიათ მამაჩემისთვის. ეს სოხუმში მომხდარა. თურმე, მამას ბავშვობიდანვე უჭირდა „ზ“-ს გამოთქმა, ჰოდა, ერთხელაც თანატოლებთან მოხვედრილს რუსული აბრა წაუკითხავს, „ოვოშჩნაია ბაზა“ რომ ეწერა ზედ. წაუკითხავს და „ოვოშჩნაია ბასაო“ ასე გამოუთქვამს. „ბასაც“ მაშინ უწოდებიათ. იხ. 3 აგვისტოს ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე დაიბადა
↑Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. Справочник знакомит читателей с предстоящим футбольным сезоном 1950 года, а также расскажет о прошедшем сезоне 1949 года, других футбольных событиях в СССР. Гранаткин В.А., Ильин С.В. (сост.), М.: "Физкультура и спорт", 1950. — გვ. 13, გვ. 34.
↑Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. Соскин Александр Максимович (сост.), М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 290.
↑შეხვედრა დონის როსტოვის „როსტსელმაშის“ სტადიონზე გაიმართა. თბილისელთაგან ბურთი როსტოველთა კარში თენგიზ მელაშვილმა მატჩის 41-ე წუთზე გაიტანა.
↑საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.