ჯემალ ზეინკლიშვილი დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში. ფეხბურთით ბავშვობიდანვე ინტერესდება და მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სათხილამურო სპორტითაც, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ბოლოს მაინც ფეხბურთს ირჩევს.
ფეხბურთის თამაშს აქვე, ადგილობრივ სპორტსკოლაში იწყებს და მალევე, თითქმის ყველა ამპლუაში თამაშის თანაბარი უნარისა და გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების წყალობით ბორჯომის მთავარი გუნდის, „პიშჩევიკის“ წევრი ხდება.
1955 წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ბორჯომელთა გუნდი სოხუმის „დინამოს“ მასპინძლობს. მატჩს საგანგებოდ ესწრებიან ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხატარაშვილი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე.
თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება, რომელთა რიგებში ქართული ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტების ყურადღებას ჯემალ ზეინკლიშვილის თამაში იპყრობს და მას თბილისის ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში (ფშმ)[კომ. 1] იწვევენ, სადაც ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, მიხეილ მესხის აღმზრდელის, არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით აგრძელებს საფეხბურთო ოსტატობის ამაღლებას.
1956 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში, რომელსაც ანდრო ჟორდანია უდგას სათავეში, მონაწილეობას იღებს ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო ტურნირზე, რომელიც ლენინგრადში იმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველები უკრაინელ თანატოლებს უპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი ანდრო ჟორდანიას შეგირდების გამარჯვებით მთავრდება და ქართველი ფეხბურთელები საპატიო თასს ეუფლებიან, ხოლო ჯემალ ზეინკლიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი ხდება.
ჯემალ ზეინკლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1959–1965) უმაღლეს ლიგის საკავშირო პირველობის 171 შეხვედრას (6 გოლი) და საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩს ატარებს. ამას გარდა, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში „დინამოელთა“ მაისურით კიდევ 35-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე.
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ჯემალ ზეინკლიშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[16][კომ. 9]
მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ბორჯომის სტადიონს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელი მიენიჭა.
2017 წელს ჯემალ ზეინკლიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი ღონისძიებით აღნიშნეს მის მშობლიურ ქალაქ ბორჯომში, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული მისი ფოტოები და მეგობრული შარჟები, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და უფრო მეტი სიხალისე შემატა ღონისძიებას.
მისმა მეგობრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ მიერ 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში მოპოვებული პირველი საჩემპიონო ტიტული, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი თანაგუნდელებთან ერთად ჯემალ ზეინკლიშვილმაც შეიტანა.[17]
ბიბლიოგრაფია
აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 108. 158 გვ.
↑ფშმ (რუს.Футбольная школа молодёжи (ФШМ)) — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა. ქართულ სპორტულ პრესაში აღნიშნული საფეხბურთო კლუბი წარმოდგენილია ასევე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა (თბილისი) ან ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა (თბილისი). იხ. „ლელო“ // 6 აპრილი, 1975, № 68 (5358), გვ. 4.
↑ბორჯომიდან დაწყებული გზა. თბილისის „დინამოს“ „ოქროს ბიჭების“ თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ტაშკენტის მატჩის ერთ-ერთი გმირი ჯემალ („სვისტუნა“) ზეინკლიშვილი დღესაც უდიდესი სიამოვნებით იგონებს 1964 წლის 18 ნოემბრის დაუვიწყარ შეხვედრას და საერთოდ, თბილისის „დინამოში“ გატარებულ წლებს. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. ვაჟა ჭიაურელი, 17 დეკემბერი, 2002.
↑1964 წლის 18 ნოემბერი — თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი.
↑საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
↑საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.