ადამიანი ომეგა (ინგლ. The Omega Man) — 1971 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია ბორის საგალი, ხოლო მთავარ როლს ასრულებს ჩარლტონ ჰესტონი. სცენარის ავტორები არიან ჯონ უილიამ კორინგტონი და ჯოის ჰუპერ კორინგტონი. ფილმი დაფუძნებულია ამერიკელი მწერლის, რიჩარდ მეთისონის 1954 წლის რომანზე „მე ვარ ლეგენდა“.
სიუჟეტი მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, 1977 წელს, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მომხდარი ბიოლოგიური ომიდან ორი წლის თავზე. ომის შედეგად დედამიწაზე გაჩნდა დაავადებები და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განადგურდა. ქალაქის ერთადერთი გადარჩენილია აშშ-ის არმიის პოლკოვნიკი რობერტ ნევილი, რომელიც იმუნურია ვირუსისადმი და მუშაობს ვაქცინის შექმნაზე.
ფილმი შესამჩნევად განსხვავდება რომანისგან.[2][3] მაგალითად, რომანში, კაცობრიობა განადგურდა ბაქტერიული ჭირისგან, რითაც იქცნენ ვამპირის მსგავს არსებებად, მაშინ როდესაც, ფილმში მოსახლეობის ჭირის მიზეზი ბიოლოგიური ომი გახდა, რითაც დარჩენილი ადამიანები იქცნენ ღამის ალბინოს მუტანტებად. დოქტორის ხარისხის მფლობელი სცენარისიტის, ჯოის კორინგტონის განცხადებით, ამგვარი ადაპტაცია უფრო შესაფერისია.[4][5]
ფილმმა მიიღო შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 59%.[6] უარყოფითი შეფასება მისცა ნიუ-იორკ ტაიმზის რედაქტორმა ჰოვარდ ტომპსონმა, რომელმაც ფილმის კულმინაციას „ყალბი“ უწოდა.[7] მაშინ როდესაც ჟურნალ „Variety-ის პერსონალმა დაახასიათა როგორც „უაღრესად სიღრმისეული სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა“.[8] „ადამიანი ომეგა“ არის რიჩარდ მეთისონის რომანის მეორე ადაპტაცია; პირველი იყო „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“, რომელშიც მთავარ როლს ვინსენტ პრაისი ასრულებს. რომანის მესამე ადაპტაცია „მე ვარ ლეგენდა“ უილ სმითის მონაწილეობით გამოვიდა 2007 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო