M26: 32 კმ M26A1/A2: 45 კმ M30/31: 70 კმ MGM-140 ATACMS: 300 კმ[5] PrSM (ზუსტი მოხვედრების რაკეტა): 500 კმ [6]
ჯავშანი
მსუბუქი
მოქმედების დიაპაზონი
480 კმ
მაქსიმალური სიჩქარე
85 კმ/სთ
M142 HIMARS (ინგლ.High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიულისაარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.
HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი პაკეტია.
გამშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.[7] შასის თავდაპირველად BAE Systems Mobility & Protection Systems აწარმოებდა (ყოფილი Armor Holdings, Inc.), რომელიც M1140 სატვირთო მანქანების თავდაპირველი მწარმოებელი იყო. 2010 წლიდან შასის წარმოება Oshkosh Corporation-მა დაიწყო, რაც 2017 წლამდე გრძელდებოდა.[8] ამჟამად შასიც და გამშვებიც Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის სისტემების საწარმოში, არკანზასის შტატის ქალაქ კემდენში იქმნება.[9]
აღწერა
M142 HIMARS არის M270 MLRS სისტემის მსუბუქი, ბორბლიანი ვერსია. მასზე დამონტაჟებულია M270 სისტემის ერთი გამშვები პაკეტი, რომელშიც 6 ერთეული 227 მმ რაკეტა ან 1 ATACMS ტაქტიკური რაკეტა ეტევა. მანქანის ფანჯრები მინის გარდა საფირონის შრეებსაც შეიცავს.[10]
2009 წელს წარმატებით განხორციელდა HIMARS-ის ტესტირება არა მხოლოდ საარტილერიო რაკეტების, არამედ საშუალო სიშორის ხმელეთი-ჰაერი კლასის, კერძოდ, SLAMRAAM-ის რაკეტების გასაშვებადაც.[11]
2017 წლის ოქტომბერში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა განახორციელა ერთი რაკეტის გასროლა ამფიბიური სატრანსპორტო გემის USS Anchorage LPD-23-ის გემბანზე განთავსებული HIMARS-იდან. რაკეტამ წარმატებით დააზიანა 70 კილომეტრის სიშორეზე, ხმელეთზე განლაგებული სამიზნე. ეს იყო დემონსტრირება სისტემის შესაძლებლობისა, აწარმოოს ზუსტი ცეცხლი სანაპირო დაცვის სისტემების წინააღმდეგ.[12] ამ მიზნისთვის მოხდა გამშვების დამმიზნებელი პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ზუსტი გასროლა მუდმივად მოძრავი და მანევრში მყოფი პლატფორმიდან.[13]
ოპერატიული ისტორია
2010 წლის 14 თებერვალს ავღანეთში მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებმა (ISAF) გამოსცა პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც ოპერაცია Moshtarak-ის მიმდინარეობისას HIMARS-იდან გაშვებული ორი რაკეტა მიზნამდე 300 მეტრით ახლოს დაეცა და 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ინციდენტის სრულყოფილი გამოძიების დასრულებამდე ISAF-მა HIMARS-ების გამოყენება შეაჩერა.[14] მოგვიანებით, ბრიტანელმა ოფიცერმა განაცხადა, რომ რაკეტები, სინამდვილეში, სამიზნეს მოხვდა, ხოლო სამოქალაქო მსხვერპლი თალიბანის მხრიდან მათ ფარად გამოყენებას უკავშირდებოდა და ISAF-ის ძალებისთვის სამოქალაქო პირების ადგილზე ყოფნის შესახებ ცნობილი არ იყო. აღნიშნული განცხადების შემდეგ ISAF-მა HIMARS სისტემების გამოყენება განაახლა.[15][16] 2010 წლის 21 ოქტომბერს New York Times-მა დაწერა ყანდაარში NATO-ს შეტევითი ოპერაციის დროს HIMARS-ების წარმატებული გამოყენების შესახებ, რომლებმაც თალიბანის მეთაურებს სამალავების დატოვება და დროებით პაკისტანში გაქცევა აიძულა.[17]
2015 წლის ნოემბერში აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ მათ რამდენიმე HIMARS გადაისროლეს ერაყში, სადაც იმავე წლის ზაფხულის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ობიექტების მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.[18] HIMARS-ის დანაყოფები განთავსდა ალ-ანბარის გუბერნიაში მდებარე ალ-ასადის და ალ-თაყადუმის საჰაერო ბაზებზე. 2016 წლის 4 მარტს არმიის კუთვნილი HIMARS-ებიდან განხორციელდა გასროლები სირიელი ამბოხებულების მხარდასაჭერად, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძოდნენ. სისტემები მეზობელ იორდანიაში იყო განლაგებული.[19]
2016 წლის იანვარში Lockheed-მა განაცხადა, რომ HIMARS-ებმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში გამოყენების 1 მილიონ საათს მიაღწიეს.[20]
2016 წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად აშშ სისტემებს თურქეთში, სირიის საზღვართან განალაგებდა.[21] იმავე წლის სექტემბრის დასაწყისში საერთაშორისო მედიაში გავრცელდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოგვიანებით დადასტურდა ცნობა, რომ თურქეთში განლაგებული HIMARS-ებიდან ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ შეტევა განხორციელდა.[22][23][24]
2016 წლის ოქტომბერში HIMARS-ები მოსულიდან სამხრეთით, 65 კილომეტრში მდებარე ყაიარაჰის დასავლეთ საჰაერო ბაზაზე განალაგეს მოსულის ბრძოლაში საცეცხლე მხარდაჭერის განსახორციელებლად.[25]
2017 წლის 14 ივნისს 1 HIMARS-ი განთავსდა სირიაში, ალ-ტანფის ამერიკულ ბაზაზე ადგილობრივი ამბოხებულების მხარდასაჭერად.[26][27]
2018 წლის 24 მაისს მუსა ქალაში, ავღანეთში, HIMARS-ით განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა თალიბანის 50 მებრძოლი, მათ შორის, მეთაურები.[28] შენობას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, 14 წამის განმავლობაში სამი რაკეტა მოხვდა.[29]
2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ძალები საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ სირიაში, დერ ეზ-ზორის კამპანიის ფარგლებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. საცეცხლე მხარდაჭერა მოიცავდა HIMARS-ებსაც, ზოგჯერ დღეში 30-მდე რაკეტასაც კი.[30][31][32][33][34] ამ ოპერაციაში გამოყენებული HIMARS-ები ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მიზნებიდან 25 კილომეტრში, ალ-ომარის მინდვრებში იყო განლაგებული.[35]
სინგაპურის არმიამ HIMARS-ების შეძენაზე განაცხადი 2007 წელს გააკეთა. პაკეტში შედის 24 გამშვები, 9 5-ტონიანი სატვირთო მანქანა და XM31 უნიტარული მართვადი რაკეტები, აგრეთვე, უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის ყველა საჭირო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ პაკეტში არ შედის სტანდარტული M26 ტიპის უმართავი რაკეტები. 2009 წელს სინგაპურმა მიიღო HIMARS-ის პირველი საცეცხლე ქვედანაყოფი. სინგაპურის არმიის 23-ე საარტილერიო ბატალიონმა HIMARS-ის ბატარეა 2011 წლის 5 სექტემბერს შეუკვეთა. ეს იქნება სინგაპურის არმიის პირველი სრულად მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ზალპური ცეცხლის ქვედანაყოფი.[38][39][40]
2017 წელს ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ახალი ზალხპური ცეცხლის სისტემის შექმნა პოლონეთის სახმელეთო ძალებისათვის. პროგრამის სახელწოდებაა WR-300 Homar. Huta Stalowa Wola-ს, ZM Mesko-ს და Lockheed Martin-ს შორის კოლაბორაციის შედეგად, უნდა მოხდეს 160 ერთეული გამშვების შეძენა და მათი დამონტაჟება პოლონური წარმოების Jelcz 663 6×6 შასიზე.[42][43] 2017 წლის ნოემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გასცა ნებართვა 56 გამშვების გაყიდვაზე, რის შემდეგაც, 2018 წლის ოქტომბერში პოლონეთმა ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა მათ შესაძენად.[44][45] 2018 წლის 29 ნოემბერს ნებართვა შესყიდვაზე ნებართვა გასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.[46] პირველ ეტაპზე პოლონეთი სულ მცირე, 20 გამშვებს შეიძენს.[47][48] 2022 წლის 26 მაისს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობდა მოკვლევა დამატებით 500 ერთეული HIMARS-ის გამშვების შეძენაზე. ამ შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, პოლონეთის შეიარაღებაში აღმოჩნდება უფრო მეტი HIMARS-ი, ვიდრე ყველა დანარჩენი ოპერატორის შეიარაღებაში ერთად, აშშ-ის ჩათვლით.[49][50]
პენტაგონის ცნობით, ავსტრალიის არმიამ 20 ერთეული HIMARS-ის შეძენაზე გააკეთა განცხადება, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნებართვა 2022 წლის 26 მაისს გასცა.[51][52]
2022 წლის 31 მაისს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ უკრაინას HIMARS-ის სისტემებს მიაწვდის. მიწოდებული არ იქნება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ხოლო უკრაინა იღებს ვალდებულებას, არ განახორციელოს აღნიშნული სისტემებიდან შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე.[53][54][55]
ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა HIMARS-ების შეძენაზე ინტერესი 2009 წელს გამოხატა. სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ენდრიუ ლესლის განცხადებით, მათი შეძენა სულ მცირე, 2012 წლამდე არ იგეგმებოდა. საბოლოოდ, შესყიდვა არ განხორციელდა.[56][57][58][59]
ნიდერლანდებმა HIMARS სისტემების შეძენაზე ინტერესი შეიარაღებული ძალების საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მას შემდეგ გამოხატა, რაც ქვეყანამ M270 MLRS სისტემები ხარჯების დაზოგვის მიზნით 2004 წელს შეიარაღებიდან ამოიღო.
2012 წლის დეკემბერში კატარმა აშშ-ს აცნობა 7 ერთეული M142 HIMARS სისტემის შესყიდვის სურვილის შესახებ. გარდა ამ სისტემებისა, უნდა მომხდარიყო 60 ერთეული M57 MGM-140 ATACMS Block 1A T2K უნიტარული ტაქტიკური რაკეტის და 30 M31A1 მართვადი საარტილერიო რაკეტის შეძენა. საერთო ღირებულება დაახლოებით $406 მილიონი იქნებოდა.[61]
2019 წლის 2 აპრილს South China Morning Post-მა, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ფილიპინების ხელისუფლება და აშშ განიხილავდნენ HIMARS სისტემების პოტენციურ შეძენასა და განლაგებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ხელოვნური კუნძულების ზრდადი მილიტარიზაციის საპირწონედ ჩინეთის მხრიდან. ეს შესაძლებელს გახდიდა, განხორციელებულიყო ზუსტი შეტევები სპრეტლის ხელოვნური კუნძულების მიმართულებით. საბოლოოდ, ფილიპინების შეზღუდული ბიუჯეტის გამო, შესყიდვა ვერ განხორციელდა.[62]
შევედეთმა ქვეყნის შორსმოქმედი საარტილერიო შესაძლებლობების გაუმჯობესების გეგმის ფარგლებში ინტერესი გამოხატა HIMARS-ების შეძენასთან დაკავშირებით. 2021 წლის ოქტომბერში სისტემებმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის კუნძულ გოტლანდზე გამართულ წვრთნებში.[64]