ხოტევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხოტევი, სხარტალი, წკადისი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხოტეურის ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი.
სახელწოდება
ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელ სოფელზე გავრცელებულა.
ისტორია
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში „ნიკორწმინდის დაწერილი“. სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთში ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით
|
„ხოტევის-წყლის დასავლით, არს ხოტევი და ციხე მისი დიდი, დიდშენი და სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ“
|
|
|
XIX საუკუნეში აქ ერთხანს რაჭის მაზრის ცენტრი იყო და მას ქალაქად მოიხსენიებდნენ. იდგა 200-კაციანი გარნიზონი. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი და ქერი. ხოტევში მოქმედებდა ორთქლის აბანო.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 130 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
292 |
130 |
162
|
2014[1] |
130 |
57 |
73
|
ღირსშესანიშნაობები
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ხოტევის ციხე.
გალერეა
ლიტერატურა
- // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 62 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1983 წელი. — გვ. სოფელ ხოტევის ისტორიიდან
- დავით კაციტაძე, სოფელ ხოტევის ისტორიიდან, ძეგლის მეგობარი, 62, გვ. 55-59 - თბ. 1983 წ.
სქოლიო