ფოკა პირველად იხსენიება XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს. XX საუკუნის დასაწყისში სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენდნენ.[2]
ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლისაფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში — ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდანსაქართველოშიჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.
სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლისღება.