„რეუს დეპორტიუ“ (ესპ. Club de Futbol Reus Deportiu) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1909 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ რეუსში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ კამპ ნოუ მუნისიპალზე, რომელიც 4 700 მაყურებელს იტევს.
პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში კლუბს მონაწილეობა არასდროს მიუღია. სეგუნდა დივიზიონში პირველად აღზევდა 2016 წელს.
ისტორია
კლუბი დაარსდა 1909 წლის 23 ნოემბერს, „რეუს სპორტ კლუბის“ დაშლის შედეგად. 1917 წლის 29 სექტემბერს კლუბი შეერწყა „ველოსიპედისტას“ და „ოლიმპიას“, შედეგად გახდა მულტი-სპორტული კლუბი „რეუს დეპორტიუ“.
1951 წელს კლუბი დაიყო 2 დამოუკიდებელ ნაწილად, ერთი ნაწილი არის „საფეხბურთო კლუბი რეუს დეპორტიუ“, მეორე სექცია კი ჰოკეის დაეთმო.[2]
სეგუნდა დივიზიონ ბ-ში გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, 2015 წელს, „რეუს დეპორტიუმ“ სცადა სეგუნდა დივიზიონში აღზევება. ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ, აღსაზევებელი პლეი-ოფის მე-2 ეტაპზე დამარცხდა ფეროლის „რასინგთან“.
2015 წელს, კლუბმა შეძლო ესპანეთის თასის 1/32 ეტაპზე გასვლა, სადაც „ატლეტიკო მადრიდთან“ დამარცხდა. ამ სეზონში „რეუსმა“ ასევე ითამაშა სეგუნდაში აღსაზევებელ პლეი-ოფში, ამჯერად შეძლო მეტოქის, სანტადერის „რასინგის“ დამარცხება, გასვლაზე 3-0 გამარჯვების შემდეგ, საშინაო მატჩშიც მოიგო, ანგარიშით 1-0 და ისტორიაში პირველად აღზევდა მეორე დივიზიონში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო