მარგარიტა (ესპ.Isla Margarita) — კუნძული კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკუთვნის ვენესუელას. ფართობი — 1020 კმ². მოსახლეობა — 420 000 კაცი.
გეოგრაფია
მოიცავს პატარა კუნძულებს: კოჩეს და კუბაგუას, რომლებიც ერთად ქმნიან ვენესუელის შტატს — ნუევა-ესპარტას. დასახლება ძირითადად გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.
შედგება ორი მთის მასივისაგან (სიმაღლე 988 და 702 მ-მდე), რომლებიც შეერთებულია 18 კმ ქვიშიანი ყელით. კუნძულის სიგრძეა 78 კმ, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 20 კმ. სანაპირო ხაზის სიგრძე უდრის 152 კმ-ს. ჰავა სუბეკვატორულია, მშრალი. ჰაერის ტემპერატურა იცვლება 24 °C-იდან 37 °C-მდე. გავრცელებულია ქსეროფიტული ბუჩქნარი და კაქტუსები, მთები შემოსილია ტყით. არის მაგნეზიტის საბადო.
განვითარებულია ტურიზმი. წარმოადგენს ვენესუელის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკურორტო ზონას. მარგარიტაზეა საზღვაო კურორტები, ქალაქი ლა-ასუნსიონი. დიდი ქალაქია აგრეთვე პორლამარი. საერთაშორისო ავიარეისები არ მოქმედებს. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ვენესუელის დედაქალაქ — კარაკასიდან.