ირაკლი სიხარულიძე (დ. 18 ივლისი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის თავდამსხმელი.[1]
ბიოგრაფია
თითქმის მთელი საკლუბო კარიერა ირაკლი სიხარულიძეს საქართველოში („კახეთი“, მარტვილის „მერანი“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, „სამტრედია“, „სიონი“, „ლოკომოტივი“) აქვს გატარებული.
2017 წლის სეზონი ირაკლი სიხარულიძემ თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, რომლის მაისურით ჩატარებულ 33 მატჩში 25 გოლი შეაგდო, რითაც ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელიც გახდა.[2]
იყო მხოლოდ მცირე პერიოდი, როცა უცხოურ კლუბებში ცდიდა ძალებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა, ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის „სლოვაცკოში“ გადავიდა, თუმცა ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია. საბოლოოდ, სიხარულიძე ჩეხეთიდან კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის საფუძველზე წამოვიდა.[3][4][5]
შემდეგ წავიდა ლატვიურ რფს-ში (რიგის საფეხბურთო სკოლა), სადაც მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი მიითვალა.[6]
2019 წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა,[7] სადაც 2019–2021 წლებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში 37 გოლი შეაგდო მეტოქეთა კარებში. 2021 წლის მაისში „ლოკომოტივში“ თამაშისას თბილისის „დინამოსთან“ მატჩში ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატებზე ასპარეზობის ფარგლებში თავისი მე-100 გოლი გაიტანა და გახდა მე-18 ფეხბურთელი, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.[8]
„ლოკომოტივის“ რიგებში ირაკლი სიხარულიძემ ეროვნულ ლიგის 2020 წლის სეზონი 9 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გორის „დილას“ თავდამსხმელ მიკოლა კოვტალიუკს (10 გოლი) ჩამორჩა, მაგრამ საგოლე პასებით უკრაინელ ლეგიონერს გაუსწრო — თავის 9 გოლს 4 საგოლე გადაცემა დაუმატა და ჯამში 13 ქულით პირველზე გავიდა.[9]
2020 წლის დეკემბრის ბოლოს ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ამავე დროს სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრადაც დაასახელეს.[10]
2022 წლიდან „იბერია 1999“-ის ღირსებას იცავს, რომლის მაისურით 80 შეხვედრა ითამაშა და 16 ბურთის გატანა შეძლო.[11]
სანაკრებო კარიერა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წლის 10 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში, კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როდესაც მატჩის 82-ე წუთზე გიორგი მერებაშვილი შეცვალა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[12]
მიღწევები
საკლუბო
- დინამო თბილისი
- მეტალურგი რუსთავი
- სამტრედია
- ვიტ ჯორჯია
- ლოკომოტივი თბილისი
- საბურთალო
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო