იოსებ კეჭაყმაძე (დ. 27 მარტი, 1939, ქ. ოზურგეთი — გ. 24 მარტი, 2013[1], თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981).
ბიოგრაფია
გურული ხალხური სიმღერების ცნობილ მომღერალ-მგალობელთა (ივლიანე კეჭაყმაძე 1845 - 1947; ქრისტეფორე კეჭაყმაძე 1882-1933) შთამომავალი იოსებ კეჭაყმაძე დაიბადა ქ. ოზურგეთში, ილია კეჭაყმაძისა და ელენე ორაგველიძის ოჯახში.
იოსებ კეჭაყმაძე 1955 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ, ქ. თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, საგუნდო-სადირიჟორო განხრით. 1960-1965 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, ჯერ კონსერვატორიის რექტორის, პროფ. იონა ტუსკიას ხელმძღვანელობით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპოზიტორ დავით თორაძის ხელმძღვანელობით.
ჯერ კიდევ მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდში, იოსებ კეჭაყმაძე მუშაობდა ქ. თბილისის მასწავლებელთა რესპუბლიკურ სახლში გუნდის კონცერტმაისტერად და ქორმაისტერად. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში კი კონცერტმაისტერად საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე ოდისეი დიმიტრიადთან. 1966 წელს მუშაობა დაიწყო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში. 1980-2007 წლებში იყო საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე. 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროში იყო მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო—სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. 1993 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წლიდან კულტურის მინისტრის მრჩეველი.
შემოქმედება
საგუნდო, a cappella
- საგუნდო ციკლი „ფშაური იდილიები“, ანა კალანდაძის ლექსებზე
- საგუნდო პარაფრაზების ციკლი „ძველი თბილისის სიმღერები“, იეთიმ გურჯის, გიორგი სკანდარნოვას და ხალხურ ლექსებზე
- საგუნდო ციკლი „ამერ-იმერი“, ქართულ ხალხურ მითოლოგიურ პოეზიაზე
- საგუნდო ციკლი „დაბნელდა სული“, ილია ჭავჭავაძის ლექსებზე
- საგუნდო ციკლი გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე
- საგუნდო ციკლი ტერენტი გრანელის ლექსებზე
- საგუნდო ციკლი „წუთისოფლის სამდურავები“, იოსებ ბაიაშვილის ლექსებზე
- საგუნდო ნაწარმოებები ხალხურ ლექსებზე
- საგუნდო ნაწარმოებები სხვადასხვა პოეტის ლექსებზე
- საეკლესიო საგალობლები ქალთა, ვაჟთა და შერეული გუნდისთვის
საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები
- 1965 — ხუთი პიესა კამერული ორკესტრისათვის
- 1966 — სიმფონიური პოემა „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“,
- 1966 — „ერის ხმა“ კანტატა ტენორის, ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის,
- 1970 — „ქართულო ცაო“ ბალადა სოლიტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის,
- 1972 — „მამათა კერა“ ოდა სოლისტის, მამაკაცთა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის,
- 1977 — „ახალგაზრდული“. შერეული გუნდისა და სასულე ორკესტრისათვის,
- 1977 — „ოდა ილია ჭავჭავაძეს“ სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის,
- 1977 — „იდიდე ერო ძლიერო!“ ოდა სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის,
მუსიკა სპექტაკლებისათვის
მუსიკა კინოფილმებისათვის
იოსებ კეჭაყმაძემ ზ. ფალიაშვილის მუსიკის მიხედვით შექმნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი („თავისუფლება“).
ჯილდოები და აღიარება
ხსოვნა
2013 წელს ქ. ოზურგეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა. დაკრძალულია დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო