ფეხბურთამდე კალათბურთში ვარჯიშობდა. იმ პერიოდის ერთ ეპიზოდს თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „ერთხელაც ჩემი მეგობრები ბადრი ფარულავა და თენგიზ ხელაძე მოვიდნენ და მითხრეს, სკოლების პირველობაზე უნდა დაგვეხმარო, ხალხი გვაკლია, ნავარჯიშევი ხარ და გამოგვადგებიო. წავყევი და პირველივე შეხვედრაში 6 თუ 7 გოლი გავიტანე, ჩემპიონატზე კი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 40-მდე ბურთი შევაგდე. მოგვიანებით ქუთაისის ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე იასპარეზა. ვახტანგ ერქომაიშვილი გვწვრთნიდა, ჩემთან ერთად კი იმ გუნდში რამაზ შენგელია, რევაზ ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე და იური კვერნაძე თამაშობდნენ.“ ქალაქის საფეხბურთო ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ სპორტსკოლაში დაიწყო ვარჯიში კორნელი აბდალაძესთან, მალე კარლო ხურციძემ შეამჩნია და თავისთან, ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვია.[3]
ქუთაისის „ტორპედო“
1973–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 1973 წლის 22 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბაქოს „ნეფთჩი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა. ბაქოელთა მხრიდან ოთხივე ბურთი ანატოლი ბანიშევსკიმ გაიტანა.[4]
თავის სადებიუტო 1973 წლის სეზონში ტორპედოელთა მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო მომდევნო 1974 წლის სეზონში 30 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ორიც სათასო მატჩი. 1975 წლის სეზონში 33 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ერთიც სათასო მატჩი. 1976 წლის სეზონში 34 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ორიც სათასო მატჩი.
თამაზ კოსტავამ საერთო ჯამში 1973–1976 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 106 შეხვედრაში და ხუთ სათასო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის „დინამო“
თბილისის „დინამოში“ გადასვლას და იქ თამაშის საწყის პერიოდს თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „თბილისის „დინამოს“ 1975 წელს სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ არ ვიჩქარე. ვფიქრობდი, რომ იმ შემადგენლობაში, რომელიც თბილისელებს ჰყავდათ, ვერ მოვხვდებოდი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა კი არ მსურდა. ნოდარ ახალკაცის მარჯვენა ხელი, ყოფილი ტორპედოელი სერგო კუტივაძე იყო ჩამოსული — მე, ოთარ გაბელიას და რამაზ შენგელიას ერთად გვიწვევდა. სამივემ ვიუარეთ, თუმცა, გავიდა ერთი წელი და ყველა ერთად წავედით თბილისში. ვარჯიში არასდროს მითაკილია — რაც მე ქუთაისის ახლოს ტყეებში კროსები მირბენია, ვინ დათვლის. მიუხედავად ამისა, თბილისში გადასული მივხვდი, თუ რამხელა სხვაობა იყო პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის. „დინამოში“ პირველი ვარჯიშის შემდეგ ცუდად გავხდი და ქუთაისში დაბრუნებაზე დავფიქრდი, მაგრამ მალე ნოდარ ახალკაცმა კაბინეტში გვიხმო ახალწვეულებს, ცალ-ცალკე გაგვესაუბრა და მეც აზრი ვიცვალე. იმ საუბრის შემდეგ გაათკეცებული ენერგიით ვვარჯიშობდი. მე და შენგელია დამატებით ერთი საათი ვრჩებოდით ბაზაზე და ნაკლის აღმოფხვრას ვცდილობდით. საბედნიეროდ, ამან მალევე გამოიღო ნაყოფი.“[3]
საკავშირო პირველობის პირველ და უმაღლეს ლიგებს შორის იმ პერიოდში არსებულ განსხვავებას თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „პირველ ლიგაში სულ სხვა ფეხბურთი იყო, უფრო ძალისმიერი. უმაღლეს ლიგაში და „დინამოში“ მეტი სისწრაფე და ტექნიკა დაგვხვდა, მეტი დაზღვევა და ჩართვები გვჭირდებოდა, კლასი მაღალი გახლდათ და ადაპტაცია იოლი არ ყოფილა. გვქონდა განვითარების კარგი საშუალება. მაშინ ფეხბურთელებს ძალიან აფასებდნენ და „დინამოში“ ისეთი ხალხი თამაშობდა, ვერც წარმოვიდგენდი, მათი გუნდელი თუ გავხდებოდი“.[5]
თამაზ კოსტავამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 102 მატჩი (1 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 17 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ექვსი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ერთიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
ქუთაისის „ტორპედო“
1983 წლიდან კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1984 წელს ამავე კლუბში ასრულებს. ბოლოჯერ ტორპედოელთა მაისურით 1984 წლის 14 ოქტომბერს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-40 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კემეროვოს „კუზბასი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, კემეროვოს „ხიმიკის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[7]
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გარკვეული დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში იმუშავა. შემდეგ კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული, 1990 წელს კი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ნოდარ ახალკაცმა თავისთან მიიწვია. თავიდან საშეჯიბრო განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ კი სამსაჯო-საინსპექტორო კომისიის თავმჯდომარედ. მოგვიანებით სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2005 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ლინიანოში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. იმ გუნდში თამაზ კოსტავას აღზრდილები — თევდორაძე, ბჟალავა, წინამძღვრიშვილი, ელბაქიძე, გვაძაბია და ნიკოლეიშვილი თამაშობდნენ.[3] თამაზ კოსტავას აღზრდილთა შორისაა თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.[11]
↑საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.