ვიქტორ მატარაძე

ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძე (დ. 20 მაისი, 1888, თელავი — გ. 25 ივლისი, 1953, თბილისი.) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1934).

ბიოგრაფია

ვიქტორ მატარაძე დაიბადა 1888 წლის 20 მაისს, თელავში, მოსამსახურის ოჯახში. 5 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა, ამის გამო იგი უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. ვიქტორმა დაწყებითი განათლება თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1901 წელს მუშაობა დაიწყო ექვთიმე ხელაძის სტამბაში გაზეთი „კვალის“ ასოთამწყობად. ვიქტორი ბავშვობიდანვე მწერალთა წრეში იზრდებოდა და მსახიობობის ინსპირაციაც ბეგლარ ახოსპირელისგან აიღო.

იგი 1902 წელს, თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა და პირველად სცენაზე ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით, 1903 წელს გამოვიდა და ამის შემდეგ განუწყვეტლივ მონაწილეობდა ქართულ თეატრში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში, ბათუმის, სოხუმის და ჭიათურის თეატრებში.

ვიქტორ მატარაძე ძირითადად სახალხო სცენებზე გამოდიოდა, მონაწილეობდა ლადო მესხიშვილისა და ვასო აბაშიძის საგასტროლო წარმოდგენებში ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, სიღნაღში, ბაქოში, ვლადიკავკაზსა და საქართველოს თითქმის ყველა დაბასა თუ ქალაქში. მძიმე გაჭირვების მიუხედავად, ვიქტორი ძირითადად ანაზღაურების გარეშე მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს პოლიტპატიმართა, გადასახლებულთა და მათი ოჯახების სასარგებლოდ. 1916-1917 წლებში საბურთალოზე სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა რეჟისორ-მსახიობად. 1921-1927 წლებში რაჭა-ლეჩხუმში მართავდა სახალხო წარმოდგენებს, უმეტეს მათგანს უსასყიდლოდ. 1928 წელს ვიქტორ მატარაძემ სიღნაღში დააარსა თეატრი და შექმნა მუდმივი დასი, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფლებში ხშირ წარმოდგენებს მართავდა. 1934 წელს ვიქტორს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს, დაუნიშნეს პერსონალური პენსიაც.

1937 წელს ჩამოაყალიბა 4 მონაწილისაგან შემდგარი კოლექტივი, მსუბუქი სააგიტაციო-იუმორისტული ჟანრის პატარა პიესების რეპერტუარით, რომელმაც 1938 წლამდე უამრავი სოფელი მოიარა. წარმოდგენებს ისეთ სოფლებშიც კი მართავდა, სადაც მანამდე მსგავსი ღონისძიებები არასდროს ყოფილა. ამის გამო, ვიქტორმა გლეხთა საერთო სიყვარული დაიმსახურა. გარდა კახეთის სოფლებისა, ამ კოლექტივით მან მოიარა აგრეთვე წულუკიძის, მახარაძის, ლანჩხუთის, ქობულეთის, ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ოჩამჩირეს, გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ცხაკაიას, ჩხოროწყუსა და ონის რაიონები.

1935-1946 წლებში ვიქტორი ხელმძღვანელობდა თბილისის ფილარმონიის მსახიობთა მხატვრულ კოლექტივებს.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანტონიოსი (უ. შექსპირის „იულიუს კეისარი“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), გიგო (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ხანდრნირი (ა. აფინოგენოვის „მგლის ბილიკი“), გივი (ა. წერეთლის „პატარა კახი“), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას „და-ძმა“), პრეზიდენტი (ფ. მილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვა.

ვიქტორ მატარაძე თბილისში, 65 წლის ასაკში, 1953 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში