ესკორიალი (ესპ. Monasterio San Lorenzo de El Escorial) — მონასტერი, სასახლე და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეზიდენცია. მას უწოდებენ: „მსოფლიოს საოცრებას“, „მონოტონურ სიმფონიას ქვაში“ და „არქიტექტურულ კოშმარს“.
ისტორია
1557 წელს წმინდა ლავრენტის ხსენების დღეს, 10 აგვისტოს, იმ დროისათვის მსოფლიო იმპერიის — ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ (1527-1598 წწ.) ფლანდრიულ სენტ-კანტენთან ბრძოლაში ფრანგები პირველად დაამარცხა. ღრმად მორწმუნე მონარქმა მისი დამხმარე ზეციურ ძალთა პატივისცემის ნიშნად ამ წმინდანის სახელობის სასახლე-მონასტრის აგება გადაწყვიტა.
ადგილის საგულდაგულოდ შესარჩევად მეფემ ორი არქიტექტორის, ორი მეცნიერისა და ორი ქვისმთლელისაგან ჩამოაყალიბა ჯგუფი, რათა მის წევრებს ეპოვათ ისეთი ადგილი, რომელიც იქნებოდა არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი და არც ძალიან შორს ახალი დედაქალაქიდან. ერთი წლის ძებნის შემდეგ არჩევანი მადრიდიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სიერა-დე გვადემარას ფერდობებზე შეაჩერეს.
მშენებლობა, რომელშიც ფილიპე აქტიურად მონაწილეობდა, 21 წელს გაგრძელდა. უზარმაზარი მშენებლობის პირველი ქვა 1563 წელს დაიდო, ხოლო ბოლო - 1584 წლის 13 დეკემბერს. მთავარი არქიტექტორი თავდაპირველად დიდი მიქელანჯელოს მოსწავლე, ხუან ბაუტისტა დე ტოლედო იყო, ხოლო 1569 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ესკორიალის დასრულება ხუან დე ერერას დაევალა, რომლის წყალობითაც მიიღო ნაგებობამ თავისი ცნობილი მკაცრი სტილი.
ფილიპეს გეგმები თანდათან ფართოვდებოდა. გადწყდა, რომ ესკორიალში უნდა აღსრულებულიყო კარლოს V-ის ანდერძიც - შექმნილიყო ჰაბსბურგებისა და ბურბონების დინასტიური პანთეონი. ამას გარდა, მონასტრისა და სამეფო სასახლის გაერთიანებით, ესპანური აბსოლუტიზმის დოქტრინა ქვაში უნდა გამოხატულიყო. ფილიპე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არქიტექტურული სტილის შერჩევას. მას სურდა ხაზი გაესვა შუასაუკუნეობრივ წარსულთან კავშირის გაწყვეტისა და მისი იმპერიის ევროპულობისათვის. ამ მოთხოვნას კი ყველაზე მეტად მიესადაგა ე.წ. არქაიზებული რენესანსის არქიტექტურული სტილი.
ღრმად მორწმუნე და მელანქოლიური მეფე, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მუდამ ეძებდა ადგილს, სადაც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იმპერიის საქმეებისაგან დასვენებას მოახერხებდა. მას სურდა ეცხოვრა ბერებისა და არა სასახლის დიდებულების გარემოცვაში, ამიტომ სამეფო რეზიდენციის გარდა, ესკორიალი უპირველეს ყოვლისა ,,წმინდა იერონიმეს ორდენის" ბერთა მონასტერიც უნდა გამხდარიყო. ფილიპე II ამბობდა, რომ მას სურდა აეგო ,,სასახლე ღმერთისათვის და ქოხი მეფისათვის". მისი მეფობის დროს, მომდევნო ბურბონებისაგან განსხვავებით, სამეფო ოთახები უზარმაზარი სამხედრო დარბაზებისა და მდიდრული პანთეონის პალატების ფონზე, მეტისმეტად უბრალოდ იყო გაწყობილი. მონარქს სურდა არა მარტო საკუთარი საძინებლიდან მუდამ შეძლებოდა საკურთხევლის დანახვა, არამედ მონაწილეობის მიღებაც საღვთო მსახურებაში. ბერები კი მისი თხოვნით, დღე და ღამე ლოცულობდნენ მეფის ოჯახისათვის.
კომპლექსის ნაგებობათა შიდა მორთულობისათვის მოზიდეს საუკეთესო მასალები, მუშაობდნენ რჩეული ოსტატები სხვადასხვა ქვეყვიდან, მხატვრებსა და დეკორატორებს შორის მრავლად იყვნენ იტალიელები - ტაბალდინი, კამბიაზო, კასტელო და სხვები. ხეზე კვეთის სამუშაოები კუენკასა და ავილში შესრულდა, მარმარილო არასენიდან ჩამოიტანეს, ქანდაკებები მილანში შეუკვეთეს, ბრინჯაოსა და ვერცხლის ნაკეთობები კი - სარაგოსაში, ტოლედოსა და ფლანდრიაში დამზადდა. ფილიპე II-მ ესკორიალში თავი მოუყარა ესპანელი და ევროპელი ფერმწერების შედევრებს, ძვირფას წიგნებსა თუ ხელნაწერებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კოლექციების შევსებას მისი მემკვიდრეები განაგრძობდნენ.
არქიტექტურა
მართკუთხა ფორმის კომპლექსი, რომლის კედლის სიგრძე 208, ხოლო სიგანე 162 მეტრია, თავადაც კვადრატებადაა დაყოფილი, რის გამოც იმ გავარვარებულ ცხაურს გვაგონებს, რომელზეც აღესრულა წმინდა ლავრენტი. ასევე ცხაურს ჰგავს ფასადებიც მრავალრიცხოვანი ფანჯრებით.
კომპლექის ცენტრში ეკლესიაა, სამხრეთისაკენ მონასტრის სათავსები, ჩრდილოეთით სასახლე და ყოველი ნაგებობისათვის შიდა ეზოა გათვალისწინებული. გარეთა კუთხეების ოთხი კვადრატული კოშკი კომპლექსს ციხე-სიმაგრეს უფრო ამსგავსებს. ორი მაღალი სამრეკლო ბაზილიკის შესასვლელთან და ეკლესიის დიდი მრგვალი გუმბათი ხაზს უსვამს, რომ რელიგიური კომპონენტები დომინირებს საეროზე. ბაზილიკა არა მარტო ყველაზე მაღალი, არამედ ყველაზე დიდი შენობაცაა ესკორიალში, სამეფო სასახლე კი მასთან შედარებით იმდენად პატარაა, რომ მის დანამატად აღიქმება.
მთავარი პორტალი გამოირჩევა ერთმანეთზე მდგომი კოლონებით და აქვეა გამოხატული ესკორიალის იდეაც - სამეფო გერბი წმინდა ლავრენტის ქანდაკების ქვეშაა განთავსებული. პორტალის უკან ,,მეფეთა ეზოა", რომელსაც მარცხნიდან სემინარია ეკვრის, მარჯვნიდან კი მონასტერი ბიბლიოთეკით, თუმცა მზერას უმალ იპყრობს მონასტრის ეკლესია, რომლის პროექტირებისას ბაუტისტა დე ტოლედოს ორიენტირად ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი ჰქონდა აღებული. კვადრატულ მთავარ ნაგებობას 90 მეტრის სიმაღლის გუმბათი ასრულებს. შენობა უბრალო ნაცრისფერი გრანიტითაა აგებული, მდიდრულად მორთული მხოლოდ საკურთხევლის სივრცეა, რომელიც ოქროთი, ბრინჯაოთი, მარმარილოთი, სულიერი და შემეცნებითი მნიშვნელობის წარწერებიანი პანელებითაა გაწყობილი. საკურთხევლის თავზე კი მეფეთა პანთეონია. ამ მთავარ ეკლესიაში ლოცულობდნენ მხოლოდ მეფესთან დაახლოებული პირები. უბრალო ხალხისათვის კი უფრო მომცრო ეკლესია, რომელიც დიდის ასლია, სამრეკლოებს შორისაა აგებული. ეკლესიის ჩრდილოეთით სამეფო სასახლეა. მართალია ფილიპეს ოთახები მეტად სადად იყო მოწყობილი, სამაგიეროდ, აქედან დიდი პანორამა იშლება. თავის მსოფლიო იმპერიას მონარქი ერთი პატარა ოთახიდან მართავდა, სადაც ამჟამად მხოლოდ საწოლი და საწერი მაგიდაა (მომდევნო ბურბონების სამყოფელი პალატები კი გოიასა და რუბენსის გობელენებითაა მორთული).
სამხრეთიდან ეკლესიას ეკვრის ე.წ. ევანგელისტების ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მონასტრის დარბაზით შეკრებებისათვის. ამ დარბაზის ყველაზე ცნობილი ტილოები ამჟამად პრადოში ინახება, თუმცა აქაც დარჩენილია ელ გრეკოს, ველასკესის, სურბარანის, ტინტორეტოს, ტიციანისა და ვერონეზეს ნამუშევრები.
ფილიპეს დროს მონასტერში 200 ბერი ცხოვრობდა. მათ განკარგულებაში იყო ბიბლიოთეკა 40 000 წიგნითა და ხელნაწერით. ძვირფასი მერქნისაგან დამზადებულ მდიდრულ თაროებზე წიგნები არა ყუით, არამედ ოქროს შემონაჭერითაა მიმართული. აქ არსებულ აკადემიურ ატმოსფეროს აძლიერებს ფრესკები კედლებზე და პლაფონებზე, რომლებზეც პელეგრინო ტიბალდიმ ალეგორიულ ფორმაში გამოხატა ფილოსოფია, თეოლოგია, გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია.
ესკორიალში სულ 15 გალერეა, 16 შიდა ეზო, 13 სამრეკლო, 300 სენაკი, 86 კიბე, 9 კოშკი, 9 ორგანი, 2673 ფანჯარა და 1200 კარია. კოლექციებში კი ტილოების რაოდენობა 1600-ზე მეტია.
მეფეთა ნეშტები
ფილიპეს ნების თანახმად, ესკორიალი ესპანელ მეფეთა მავზოლეულის ფუნქციასაც ასრულებდა. აქ უნდა გადმოეტანათ ჰაბსბურგებისა და ბურბონების სახლებიდან გამოსული ყველა მონარქის ნეშტი ევროპის ნებისმიერი კუთხიდან. საბოლოოდ, ფილიპე II-ის ნება აღსრულდა: მხოლოდ ფილიპე V და ფერდინანდ VI არიან სხვა ადგილზე დაკრძალულნი.
1984 წელს ესკორიალის მონასტერი შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:I, II, VI).
ესკორიალი
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ,,ისტორიანი"; N 3 (27), 2013, მარტი.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| კულტურული მემკვიდრეობა | |
---|
| ბუნებრივი მემკვიდრეობა | |
---|
| შერეული მემკვიდრეობა | |
---|
|