ევროპის კავშირის საბჭო (ინგლ. Council of European Union, შემოკლებით - ევროკავშირის საბჭო, არაფორმალურად - მინისტრების საბჭო) — გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი არის ორგანო, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. საბჭოში ყოველი წევრი აგზავნის თავის ერთ ან მეტ სრულუფლებიან წარმომადგენელს, რომლებიც, შეირჩევიან იმ სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან, რომელთა შესაბამის სფეროში მყოფი საკითხიც არის მოცემულ მომენტში განხილვის საგანი. ამის შესაბამისად იცვლება საბჭოს შემადგენლობა და სახელწოდება.
საბჭო იღებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს (რეგლამენტებს, დირექტივებსა და გადაწყვეტილებებს). ის არის კავშირის საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ამ ფუნქციას ევროპარლამენტთან ინაწილებს. გარდა ამისა, საბჭო და პარლამენტი ერთობლივად ახორციელებენ გაერთიანების ბიუჯეტის კონტროლს. საბჭო ასევე იღებს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისია.
საბჭოს წევრები საკანონმდებლო აქტებს კენჭისყრის საფუძველზე იღებენ. განასხვავებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით ან კვალიფიციური უმრავლესობით. მეორე შემთხვევაში საბჭოში ხმები ნაწილდება წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის შესაბამისად გამოყოფილი კვოტების მიხედვით, კერძოდ:
- გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი - 29 ხმა,
- ესპანეთი, პოლონეთი - 27 ხმა,
- ნიდერლანდები - 13 ხმა,
- საბერძნეთი, ბელგია, ჩეხეთი, პორტუგალია, უნგრეთი - 12 ხმა,
- შვედეთი, ავსტრია - 10 ხმა,
- სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ირლანდია, ლიეტუვა - 7 ხმა,
- ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი - 4 ხმა,
- მალტა - 3 ხმა.
საბჭოს ხელმძღვანელობა ყოველ ექვს თვეში იცვლება - როტაციის წესით მას ხელმძღვანელობს ყველა წევრი სახელმწიფო (როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით). საბჭოს აქვს გენერალური სამდივნო, რომელიც ბრიუსელში მდებარეობს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში