დონის მონასტერი — რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სტავროპიგიალური (ადგილობრივი ეპარქიული ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი) მამათა მონასტერი, მდებარეობს დღევანდელი მოსკოვის საზღვრებში, ისტორიული ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, დონის მოედანზე. უახლოესი მეტრო სადგურია — „შაბოლოვსკაია“.
1591–1593 წლებში მონასტერში მცირე ტაძარი ააშენეს, რომელსაც შესწირეს სოფლები. 1675–1678 წლებში აშენდა სატრაპეზო, 1679 წელს — სამრეკლო, 1684–1693 წლებში — დიდი ტაძარი. 1686–1711 წლებში ქვის გალავანი შემოავლეს. 1801–1827 წლებში აქ განთავსებული იყო სასულიერო ცენზურის მოსკოვის განყოფილება, პატრიარქის რეზიდენცია. იგი ადრიდანვე იქცა რუს არისტოკრატთა განსასვენებლად.
1685 წლიდან მონასტრით დაინტერესდა რუსეთში ემიგრირებული მეფე არჩილ II. აქედან დაწყებული დონის მონასტერმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა მოსკოვის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. XVIII საუკუნეში დასაწყისიდან დონის მონასტერში კრძალავდნენ მოსკოვში გარდაცვლილ ქართველებს.
1705 წელს მონასტერში არქიმანდრიტად დაინიშნა ქართველი საეკლესიო მოღვაწე და დიპლომატი ლავრენტი (გაბაშვილი). მის დროს გაფართოვდა მონასტრის მეურნეობა, კულტურული საქმიანობა. 1711 წელს დონის მონასტრის მთავარი ტაძრის ქვედა სართული მან არჩილ II-ს გადასცა და იქ შვედეთიდან გადმოსვენებული მისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი დააკრძალვინა; ნოვოდევიჩის მონასტრიდან დონის მონასტერში გადაასვენებინა არჩილის ვაჟები — დავითი და მამუკა, აგრეთვე რძალი ფ. მილოსლავსკაია.
1712 წლის სექტემბერში არჩილმა უფლის მირქმის საყდარი ააშენებინა და აკურთხებინა, ასევე საფუძველი ჩაუყარა პანთეონს, სადაც შემდგომში დაიკრძალნენ თავად მეფე არჩილი, ქეთევან დედოფალი, დარეჯან ბატონიშვილი (არჩილ II-ის ასული). იმავე საყდარში არქიმანდრიტ ლავრენტის დაკრძალვის შემდეგ (1720) მთავარი ტაძრის ქვედა სართულზე არსებული ქართველთა პანთეონი გაფართოვდა. 1730 წელს საყდრის კედელთან დამარხეს არჩილ II-ის თანამებრძოლი, მწერალი მათე.
მონასტერში დარეჯან ბატონიშვილის აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მირქმის ტაძარი კიდევ უფრო გაფართოვდა. აქ დაკრძალეს მეფისწული ბაქარი (1750), ასევე ვახტანგ VI-ის ამალის წევრები, მ. ი. დავითაშვილი (არითმეტიკის სახელმძღვანელოს შემდგენელი), გიორგი ბატონიშვილი (ვახტანგ VI-ის ძე), XIX საუკუნეში რუსეთში გარდაცვლილი მრავალი სხვა ქართველი საერო და სასულიერო პირი.
1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი ოფიციალურად დახურა, საბოლოოდ ღვთისმსახურება 1920-იან წლებში შეწყდა. მონასტერი აღდგა 1991 წელს.
შესწავლის ისტორია
დონის მონასტრის შესწავლა XVIII საუკუნიდან დაიწყო. 1792 წელს ლ. მაქსიმოვიჩმა გამოაქვეყნა მისი აღწერილობა. ქართველ მოღვაწეთა ეპიტაფიები გამოსცა მარი ბროსემ. ი. ზაბელინმა, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოებსაც ხელმძღვანელობდა, მონასტერს მიუძღვნა ვრცელი გამოკვლევა 1860-იან წლებში.
XX საუკუნის დამდეგს ქართულ პრესაში წამოიჭრა საკითხი პანთეონის დაცვის, ვახუშტის საფლავის ქვის განახლების, ეპიტაფიების ახალი წარწერებით შეცვლის შესახებ. 1912 წელს მწერალმა კ. თათარაშვილმა მონასტერში მოაწყო ექსპედიცია. 1930-იანი წლებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მოსკოვში არსებულ ქართულ ძეგლებს (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ა. სვანიძე). II მსოფლიო ომის შემდეგ დონის მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაო და მოეწყო გამოფენა „ქართველთა კოლონია მოსკოვში". 1983 წელს ქართულ-რუსულმა ექსპედიციამ დონის მონასტრის მირქმის ტაძარში რამდენიმე ათეული აკლდამა გახსნა. მათი შესწავლის შემდეგ ყველა ნეშტი ხელახლა დაკრძალეს. აქ მოპოვებული სამარხეული მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში.
ქართველთა საძვალე
მონასტერი წარმოადგენდა იმ ქართველ მეფეთა, ბატონიშვილთა, დიდებულთა და თავადაზნაურთა საძვალეს, რომლებიც თავისი ნებით, ან რუსეთის იმპერიის ბრძანებით საქართველოდან გადასახლებულნი იყვნენ მოსკოვში და მის შემოგარენში.