გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი სკოლა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. სამოქალაქო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე, თეთრების მხარეს იბრძოდა. მონაწილეობდა ციმბირის „დიდ ყინულოვან“ ლაშქრობაში. 1920 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 15 ნოემბერს უფის მე-2 დივიზიას ჩაუდგა სათავეში. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა პოლკს უფაში, მონაწილეობდა ხაბაროვსკის ლაშქრობაში და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. მომდევნო წლის 2 ნოემბერს, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა. ემიგრაციაში გიორგი სიდამონიძე მანჯურიაში ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს მარშალ ჯან ძოლინის არმიაში შევიდა, სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადის მეთაურად დანიშნეს. მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღბულ სამოქალაქო ომში 1924-1928 წლებში. მარშლმა ჩჟან ცუჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს „უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარშალმა თავის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა:
„ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯოლდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის.“
„უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენი
წარწერა ჩინურად: “გენერალი სი და მა”
1945 წელს გიორგი სიდამონიძე ქალაქ შანხაიში გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. შანხაიში სიდამონიძე დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით. 1949 წელს გენერალი აშშ-ში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1971 წელს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. გიორგი სიდამონიძე იქვე დაკრძალეს.