გაძგიფვა — წყალსადინარისა და წყალსატევის ზედაპირზე უძრავი ყინულის წარმოქმნის პროცესი და პერიოდი, რომლის განმავლობაში წყალსადინარისა და წყალსატევის ზედაპირზე შეინიშნება უძრავი ყინულსაფარი. გაძგიფვის პროცესი დამოკიდებულია ზამთრის ტემპერატურულ რეჟიმზე, მის ხანგრძლივობაზე, წყლის ობიექტის დინამიკასა და სხვა. გაძგიფვის პერიოდის ხანგრძლივობა და ყინულის სისქე დამოკიდებულია აგრეთვე ამ პირობებზე და ამასთან, ყინულის ზედაპირზე თოვლის საფარის სიმაღლესა და ქარის რეჟიმზე. ჩქარი დინების გამო მთის მდინარეებს უწყვეტი გაძგიფვა არ ახასიათებს.[1]
გაძგიფვის პერიოდში მიმდინარეობს ყინულის უძრავი მასების განმტკიცება, წყლის კრისტალიზაციის შედეგად ყინულსაფრის ქვედა ზედაპირზე ყინულის მატება, აგრეთვე წყლით გაჟღენთილი და ყინულსაფარზე მდებარე თოვლის შეყინვა.[1]
ყინულის სისქის მატება მიმდინარეობს ჯერ სწრაფად, მაგრამ შემდეგ, მისი შემდგომი შესქელებისა და განსაკუთრებით მასზე თოვლის საფარის მატების გამო — ნელა. ყინულსაფრის დეფორმაციის შედეგად, რომელსაც იწვევს ჰაერის ტემპერატურის რყევა (თერმული დეფორმაცია), დინების სიჩქარის ცვლილება, წყლის დონის რყევა და ატმოსფერული წნევა (დინამიკური ტრანსფორმაცია), წარმოიქმნება ნაპრალი და ყინულღრუ, ყალიბდება ტოროსი, ყინულის ნაყარი და სხვა.[1]
მდინარეზე ან ტბაზე უძრავი ყინულსაფრის დღეების რაოდენობას გაძგიფვის ხანგრძლივობა ეწოდება. გაძგიფვის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამა თუ იმ რეგიონის კლიმატური პირობებით, კონკრეტულ წელიწადში ჰაერის ტემპერატურის რეჟიმით.[2]
რუსეთის ევროპული ნაწილის მდინარეებზე გაძგიფვა გრძელდება სამხრეთ-დასავლეთით 2 თვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7 თვემდე, აზიურ ნაწილში — 5 თვიდან (ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სამხრეთ რაიონებში), 8 თვემდე (უკიდურესი ჩრდილოეთის მდინარეებზე), კანადაში სამხრეთით 3 თვიდან უკიდურეს ჩრდილოეთში 8 თვემდე.[1]