ჯეიმზ ჰენრი ბრესტიდი (ინგლ. James Henry Breasted; დ. 27 აგვისტო, 1865, როკფორდი, ილინოისი — გ. 2 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეგვიპტოლოგი, ამერიკული ეგვიპტოლოგიის სკოლის ფუძემდებელი. სწავლობდა ადოლფ ერმანთან ბერლინში; იყო ეგვიპტური ენის ბერლინის დიდი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი, შეაგროვა და ინგლისურ თარგმანში გამოსცა ძველი ეგვიპტური ტექსტების მნიშვნელოვანი კორპუსი (1906–1907). 1905 წლიდან იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. ხელმძღვანელობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპედიციას ნუბიაში წარწერების ასლების გადაღების მიზნით (1905–1907); ექსპედიციამ საფუძველი ჩაუყარა ცნობილ ეპიგრაფიკულ სკოლას, რომელსაც ზოგჯერ ჩიკაგოს სკოლას უწოდებენ.[11]
ბრესტიდმა 1919 წელს დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, 1924 წელს კი მისი განყოფილება ეგვიპტეში, ლუქსორში (ჩიკაგო-ჰაუსი, Chicago House). მუშაობა დაიწყო აქვე, მედინეტ-ჰაბუში მდებარე რამსეს III-ის გრანდიოზული ტაძრის გამოსახულებებისა და წარწერების ფაქსიმილურ გამოცემაზე. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომისა „ეგვიპტის ისტორია უძველესი დროიდან სპარსელთა მიერ დაპყრობამდე“. გამოსცა რელიგიური და სამედიცინო ტექსტები „მემფისური თეოლოგიის ძეგლი“ და „ედუინ სმითის ქირურგიული პაპირუსი" (აქ გამოადგა მისი პირველი სპეციალობა — ფარმაცევტობა). თავის ნაშრომებში ბრესტიდი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობდა ძველი ეგვიპტელების პოლიტიკურ მოწყობას, სამხედრო ისტორიას, რელიგიურ წარმოდგენებსა და ყოფას.[11]
სქოლიო